GE

2021 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სპეციალურ პირობას 300-ზე მეტ გამოსაცდელს შეუქმნის

2021 წელს შეფასებისა და გამოცდების ცენტრი სპეციალურ პირობას 300-ზე მეტ გამოსაცდელს შეუქმნის. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა დღეს ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა.

სოფიო გორგოძემ პირდაპირ ეთერში პასუხი გასცა იმ აბიტურიენტის შესახებ დასმულ კითხვასაც, რომელიც სმენასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, უცხოური ენის მოსმენის დავალების წერითი დავალებით ჩანაცვლებას ითხოვდა.

„სამწუხაროდ, მსოფლიოში ცნობილი ვერცერთი საგამოცდო ცენტრი ვერ შესთავაზებდა მას წერის დავალების ქულის დაწერას მოსმენის დავალებაში. ეს არსად ხდება. ჩვენ უკვე შევთავაზეთ მას ყველა ვარიანტი, რაც შესაძლებელი იყო: წამკითხველის დახმარება (სიტყვების აღქმა ტუჩების მოძრაობით); საკუთარი სმენის აპარატის შეტანა და ისე მოსმენა, დინამიკთან ახლოს ჯდომა ან კომბინირება, როგორც წამკითხველის, ასევე სმენის აპარატის. პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ფიქრობდა, რომ მისთვის არცერთი შეთავაზება არ იყო ხელსაყრელი, თუმცა ჩვენ მასთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია, უკვე ორჯერ შევხვდით და ვფიქრობთ, რომ მან გადაწყვიტა ერთ-ერთი ვარიანტი აირჩიოს და ეს სცადოს. უკვე გავავარჯიშეთ კიდევაც. წელს 300-ზე მეტ გამოსაცდელს ვუქმნით სპეციფიკურ გარემოს. მაგალითად, მხედველობადაქვეითებულ აბიტურიენტებს ბრაილის შრიფტით ვუბეჭდავთ, ასევე სპეციალური ხმოვანი პროგრამა იწერება მათთვის, დროს ვუმატებთ, შრიფტს ვუზრდით, გარემო შეიძლება შევცვალოთ – ცალკე ოთახში შეიძლება დავსვათ… ასე რომ, ეს პრაქტიკა არსებობს და წელს ვფიქრობ – უფრო დახვეწილი, ვიდრე შარშან“, – აცხადებს ცენტრის დირექტორი.

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. 14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ.

„გამოცდების ეროვნული ცენტრი ზედმეტად უსამართლოდ მომექცა!“ – სსსმ აბიტურიენტის წერილი

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

წყარო: tv იმედი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი