GE

2021 წლის გამოცდების ძირითადი სესიები დღეს დასრულდება

30 ივლისს გამოცდების ძირითადი სესიები საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდება. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, დამატებითი სესიების ჩატარების თაობაზე ინფორმაცია ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

დამატებითი საგამოცდო სესიები დანიშნულია იმ გამოსაცდელებისათვის, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ და ამის გამო ვერ შეძლეს გამოცდაზე გასვლა. თითოეულ საგამოცდო საგანში დამატებით შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ერთი სესია.

უკვე განსაზღვრულია თარიღები იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც ვერ შეძლეს ქიმიის, ფიზიკის, ზოგადი უნარების, გეოგრაფიის, ბიოლოგიის, ლიტერატურისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდებზე დასწრება, მათთვის დამატებითი სესიები პირველ და 2 აგვისტოს ჩატარდება.

აბიტურიენტთა ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია. შედეგების გამოქვეყნება ეტაპობრივად, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება მათ აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

2021 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 700-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 12 800-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა. მასწავლებლის საგნის გამოცდაზე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა.

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური