GE

2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო

2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გახსნითი ღონისძიება ონლაინ რეჟიმში გაიმართა. ამასთან ერთად გაიხსნა ნომინირებისა და აპლიკაციის წარდგენის პერიოდიც.
ღონისძიება განათლების კოალიციის თავმჯდომარემ, ირინა ხანთაძემ გახსნა. მაყურებელს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და გუდავაძე პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა.

ღონისძიების დასასრულს კოალიციის დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას კამპანიის ეტაპები და კონკურსის ფარგლებში დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

„გასული წლების გამოცდილებაზე დაყრდნობით და არსებული გამოწვევების საპასუხოდ, წელს განვაახლეთ სააპლიკაციო ფორმა. სიახლეა ისიც, რომ აპლიკანტებს კონკურსის პირველივე ეტაპზე მოუწევთ მოკლე ვიდეო ჩანაწერის გამოგზავნა, მათი პროფესიული საქმიანობის საკვანძო მიდგომებისა და მიღწევების შესახებ. ასევე, გავითვალისწინეთ აპლიკანტების უკუკავშირიც და შევამცირეთ მოთხოვნილი რეკომენდაციების რაოდენობა“, – განაცხადა განათლების კოალიციის დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ.

მასწავლების ეროვნული ჯილდოს ვებგვერდზე www.tprize.ge მასწავლებლების ნომინირება და აპლიკაციების მიღება 1-ლი მარტიდან 25 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. წელსაც, მასწავლებლების წარდგენა შეეძლებათ ფიზიკურ პირებს, ორგანიზაციებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს.

კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, ხოლო მესამე ეტაპზე, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, ”მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” მფლობელი გახდება. კონკურსანტთა შერჩევის პროცესს 19 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. ჟიურიში შედიან განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეხუთედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

კონკურსის გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი, მხარდამჭერები არიან: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), ლიბერთი ბანკი, ტელეკომპანია იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და მარკეტინგული კომპანია 4MEDIA.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური