GE

2022 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი გამოცხადდა

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ათასწლეულის ფონდის ინიციატივით წელს მეხუთედ ტარდება და ტრადიციულად, მისი მხარდამჭერი გუდავაძე – პატარკაციშვილის ფონდია.

“2022 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო წელს მეხუთედ ტარდება, საბუთების მიღება მიმდინარე წლის 31 მაისამდეა შესაძლებელი. პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზება, პროფესიული განათლების იმიჯისა და რეპუტაციის ამაღლება, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებში, ასევე ზოგადად საზოგადოებაში. დარგში მომუშავე წარმატებული ორგანიზაციებისა და ადამიანების წარმოჩენით, ვცდილობთ პროფესიულ განათლებაში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და პრაქტიკის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ და პროფესიული განათლების მნიშვნელობისა და პრესტიჟის აღიარებს შევუწყოთ ხელი”, – აცხადებს ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე.

“ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია პროფესიული განათლება, ვინაიდან ეს არის უმოკლესი გზა დასაქმებისკენ და ჩვენი ეკონომიკის მამოძრავებელი ღერძი. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს პარლამენტი ჩაერთო აღნიშნულ პროექტში და დავაწესეთ სპეციალური ჯილდო, რომელიც გადაეცემა იმ კოლეჯს, ვისაც კარგად ექნება ინკლუზიური პროფესიული განათლების პრაქტიკა დამკვიდრებული“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა.

წელს გამარჯვებულები ხუთ ძირითად საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდებიან და ასევე, ორი სპეციალური ჯილდო გაიცემა საქართველოს პარლამენტისა და პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ.

2022 წელს გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში გამოვლინდებიან:

  • წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;
  • წლის პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამა;
  • წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი;
  • წლის პროფესიული განათლების სტუდენტი;
  • წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი;
  • საქართველოს პარლამენტის სპეციალური ჯილდო – ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობა;
  • პროფესიული უნარების სააგენტოს სპეციალური ჯილდო.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლებიც კანონით დადგენილი წესით ახორციელებენ პროფესიული განათლების პროგრამებს (როგორც აკრედიტირებულს, ასევე მომზადება-გადამზადების მოკლევადიან პროგრამებს). ასევე, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო თუ კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებს და სტუდენტებს. ინდივიდუალურ კატეგორიებში (წლის მასწავლებელი და წლის სტუდენტი) კანდიდატის წარდგენა შეუძლიათ როგორც ორგანიზაციებს, ასევე კანდიდატებს დამოუკიდებლად. შესაბამისად, წლის მასწავლებლის თუ წლის სტუდენტის კატეგორიაში კანდიდატებს შეუძლიათ წარმოადგინონ საკუთარი თავი, ან თავიანთი კოლეგები და მეგობრები.

ბიზნეს პარტნიორის კატეგორიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ კომპანიას, რომელმაც საქართველოში პროფესიული განათლების დაწესებულებებთან, მჭიდრო პარტნიორობით და განხორციელებული ინვესტიციით, ადამიანური კაპიტალის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

პროფესიული უნარების სააგენტოს სპეციალური ჯილდოს ფარგლებში კი გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომლებიც საუკეთესო პრაქტიკას ნერგავენ შემდეგი მიმართულებით: წლის საერთაშორისო ინიციატივა, სასწავლო საწარმოს ინსტრუქტორი, წლის რეგიონული მხარდამჭერი, წლის საიმიჯო კამპანია და წლის სამეწარმეო ინიციატივა.

განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ განაცხადი ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით შემოიტანონ. დეტალური ინფორმაცია, თუ რა კრიტერიუმებით შეფასდებიან კანდიდატები თითოეულ კატეგორიაში, ფონდის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

იხილეთ ელექტრონული განაცხადის ფორმა და დეტალური ინფორმაცია

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2022 წლის 31 მაისი. გამარჯვებულები გამოვლინდებიან პროფესიული განათლების გალა დაჯილდოებაზე, რომელიც 2022 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური