GE

2023 წელს მედალოსანი მოსწავლეები და წარჩინებული სტუდენტები დაფინანსდებიან – რუსთავის მერიის გეგმა

ქალაქ რუსთავის მერია 2023 წელს მედალოსანი მოსწავლეებისა და წარჩინებული სტუდენტების წახალისებას გეგმავს. ამის შესახებ ცნობილი დღეს, 15 ნოემბერს გახდა, როცა მუნიციპალიტეტმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა. ქალაქის მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ქალაქის მთავრობისთვის განათლება პრიორიტეტული მიმართულება იქნება და მისი დაფინანსება 2023 წლისთვის 16 121,5 ლარით განსაზღვრა.

EDU.ARIS.GE-ს მიერ მოპოვებული ბიუჯეტის პროექტიდან ვიგებთ, რომ რუსთავის მერია ოქროს მედალოსანი მოსწავლეებისთვისა და მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის ფულად დაფინანსებას გამოყოფს. მოსწავლეების შემთხვევაში განსაზღვრულია წახალისება 500 ლარის ოდენობით, ხოლო სტუდენტების შემთხვევაში საუბარია სწავლის დაფინანსებაზე სხვადასხვა მოცულობით მათი აკადემიური მოსწრების შესაბამისად.

მერია განმარტავს, რომ მუნიციპალურ დაფინანსებას ის მედალოსანი მოსწავლეები და წარჩინებული სტუდენტები მიიღებენ, რომლებსაც რუსთავში ცხოვრების მუდმივი ბინადრობის ნებართვა აქვთ.

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების პირობები და ფორმა:

მოიაზრებიან მოსწავლეები, რომელთა საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 10 დამრგვალების გარეშე და იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს, ფინანსდებიან 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

პროგრამით მოსარგებლეები არიან როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის მოსწავლეები. გამონაკლის შემთხვევაში, თუ ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული სკოლის დამამთავრებელი წლის განმავლობაში ვერ ისარგებლებს აღნიშნული პროგრამით, პროგრამით სარგებლობის უფლება მიეცეს მომდევნო ერთი კალენდარული წლის განმავლობაში. გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე იმ კურსდამთავრებულ მოსწავლეზე, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება – ქალაქი რუსთავი.

ბაკალავრების დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესაბამისად, კერძოდ:

  • 81-დან 90 ქულამდე შეფასების მქონე სტუდენტები – ფინანსდებიან არაუმეტეს 800 ლარის ოდენობით;
  • 90-დან 95 ქულამდე შეფასების მქონე სტუდენტები – ფინანსდებიან არაუმეტეს 1000 ლარით;
  • 95-დან 100 ქულის ჩათვლით მქონე სტუდენტები – ფინანსდებიან 1200 ლარით.

რუსთავის ბიუჯეტის პროექტით ასევე გათვალისწინებულია მაგისტრანტებისა და დოქტორანტების დაფინანსებაც. დოკუმენტის თანახმად, 85-დან 100 ქულამდე შეფასების მქონე მაგისტრანტი არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით დაფინანსდება. ხუთასლარიანი დაფინანსება ექნება დოქტორანტსაც, რომელიც 85-დან 100 ქულამდე შეფასებას მიიღებს, თუმცა, აქ არსებობს გამონაკლისიც და გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა. სტუდენტს უფინანსდება სწავლის გადასახადი, წელიწადში არაუმეტეს სტუდენტებისთვის განსაზღვრული დასაფინანსებელი თანხის ოდენობისა.

მოამზადა ლელა მახოხაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური