GE

„34-დან 55-წლამდე მოსახლეობა, რთულად ეგუება სასწავლო დაწესებულებების დახურვას პანდემიის პირობებში“- კვლევა

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კოვიდპანდემიის პრევენციასთან დაკავშირებული შეზღუდვების დიდი ნაწილი მარტიდან იხსნება. მათ შორისაა სასწავლო დაწესებულებები, რომელთა ნაწილიც უკვე დასწრებულ რეჟიმში მუშაობს და ნაწილიც 15 მარტიდან გაიხსნება.

როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ, პანდემიის პირობებში არსებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით დედაქალაქის მაცხოვრებლებს და რომელი შეზღუდვა იყო მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მძიმე ასატანი, ამის შესახებ გლობალურმა კვლევითმა საკონსულტაციო კომპანია „ეისითიმ“ სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა. (თბილისელების მიერ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვის შეფასება და სამი ყველაზე „მტკივნეული“ შეზღუდვა)

გამოკითხული თბილისელების წარმოდგენით პანდემიასთან გამკლავებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვების სამეული ასე გამოიყურება: 1. გასართობი და კულტურული ღონისძიებების, ასევე ცერემონიების აკრძალვა 2. საერთაშორისო ფრენების შეზღუდვა 3. კვების ობიექტებში სტუმრობის შეზღუდვა. ჩამონათვალში მე- 4 პოზიციაზე გვხვდება სასწავლო დაწესებულებების დახურვა და ონლაინ სწავლება.

აღნიშნული სურათი განსხვავდება თაობების ჭრილში – 35-დან 55 წლამდე ასაკის წარმომადგენლებისთვის ამ სამეულში კვების ობიექტებში სტუმრობის შეზღუდვა კომენდანტის საათით ნაცვლდება, ამასთან 55+ თბილისელებისთვის აღნიშნული შეზღუდვა სხვებთან შედარებით უფრო მარტივი ასატანი აღმოჩნდა, ხოლო ყველაზე მტკივნეული დაწესებული შეზღუდვებიდან მათთვის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის შეჩერებაა.

34-დან 55 წლამდე მოსახლეობა რთულად ეგუება სკოლამდელი, სასკოლო და საუნივერსიტეტო დაწესებულებების დახურვას და ონლაინ რეჟიმზე გადასვლას, რადგანაც ლოგიკურად აღნიშნულ თაობაში ჭარბია მშობლების რაოდენობა, რომელთაც ამ შეზღუდვასთან გამკლავება პირადად მოუწიათ. ეს თაობა ასევე განიცდის საერთაშორისო ფრენების შეზღუდვას, რაც ასევე აქტიური მოგზაურობით აიხსნება.

კვლევა ცხადყოფს, რომ ახალგაზრდობა ეთანხმება მშობლების თაობას სასწავლო პროცესის ჩვეულ რეჟიმში ჩატარების შეზღუდვასთან დაკავშირებით და ასევე რთულად გადააქვს კომენდანტის საათის დაწესება, რაც ამ თაობაში აქტიური ღამის ცხოვრებას უკავშირდება. ამასთან 18-დან 34 წლამდე ახალგაზრდები აღნიშნულ შეზღუდვას აფასებენ როგორც ნაკლები მნიშვნელობის მქონეს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში, ისევე როგორც საქალაქთაშორისო ტრანსპორტის და ზამთარში მთის კურორტებზე დაწესებულ შეზღუდვებს. მათი აზრით პანდემიასთან გამკლავების აქტიურ ფაზაში მნიშვნელოვანია შეზღუდვები შეეხოს გასართობ და კულტურულ ღონისძიებებზე დასწრებას, საერთაშორისო ფრენებს და სასწავლო დაწესებულებებს.

გამოკითხვა  შემთხვევითი შერჩევის გზით 414 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2021 წლის 16-18 თებერვალს ჩატარდა. გამოყენებული მეთოდი – სატელეფონო გამოკითხვა. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ  4.9%-ს არ აღემატება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური