GE

4000 ლარად დამზადებული ყალბი დიპლომები – დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, შეძენის და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა. დავით ჩიტაია და მერაბ ი. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად თბილისში აიყვანეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მერაბ ი. და დავით ჩ. სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომს 4 000 ლარის სანაცვლოდ, ძველი თარიღით ამზადებდნენ. ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურაში მე-2 კურსზე ჩარიცხვის სანაცვლოდ მოქალაქეებს 5 000 აშშ დოლარს ართმევდნენ.

დაკავებულები დიპლომებს თბილისში, კომპიუტერული მომსახურების ერთ-ერთ კომპანიაში ამზადებინებდნენ, ხოლო დიპლომში დეკანის და რექტორის ხელმოწერას დავით ჩ. აყალბებდა.

სამართალდამცველებმა მერაბ ი-ს ბინის ჩხრეკისას, დიპლომის დასამზადებლად მოქალაქისგან აღებული 2500 ლარი, ხოლო დავით ჩ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა მოქალაქის სახელზე დამზადებული 56 ცალი დიპლომი ამოიღეს.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დავით ჩ. 2010 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ყალბი დიპლომების დამზადების ფაქტზე იყო გასამართლებული.

ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, შეძენის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური