GE

2018 წლის იანვრიდან 42 პედაგოგი წამყვანი მასწავლებლის სტატუსს მიიღებს

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც 15 იანვრიდან 31 იანვრამდე პედაგოგები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს გარე დაკვირვება და ჰქონდათ 15+ კრედიტქულა, მათ შორის, სავალდებულო 4 კრედიტქულა, წამყვანი მასწავლებლის სტატუსს მიიღებენ.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის მანანა რატიანის თქმით, გარე დაკვირვების სურვილი 105-მა მასწავლებელმა გამოთქვა, მათგან დადებითი პასუხი მიიღო 86-მა, ხოლო იანვრის ბოლომდე აქედან 42 მასწავლებელს მიენიჭება წამყვანის სტატუსი.

„წელს საპილოტე რეჟიმში ჩატარდა გარე დაკვირვება, რომელიც შეეხო 2 რეგიონს, შიდა ქართლსა და იმერეთს. ეს რეგიონები საპილოტედ მასწავლებლების რაოდენობიდან გამომდინარე შეირჩა. იქიდან გამომდინარე, რომ გვინდოდა ყველა საგნის მასწავლებელს ჰქონოდა საშუალება და ეს პროცედურები ყველა საგანთან მიმართებაში გამოგვეცადა, ამისთვის გადამზადდა 130-მდე გარე დამკვირვებელი, მათ შორის, ჩვენ ვგულისხმობთ გარე დამკვირვებელს, რომელიც ცენტრის მიერ იყვნენ დაქირავებულები და ასევე იმ გარე დამკვირვებლებს, რომლებიც არიან სხვა სკოლის ფასილიტატორები იმავე საგანში.

,,გარდა ამისა, ჩვენ სპეციალური პორტალი შევქმენით. მასწავლებლებთან გვქონდა შეხვედრები გარე დაკვირვების შესახებ. გვინდოდა, დეტალურად ინფორმირებულები ყოფილიყვნენ, რა პროცესში მოუწევდათ მონაწილეობის მიღება. 105-მა მასწავლებელმა გამოთქვა თავდაპირველად სურვილი გაევლო გარე დაკვირვება და საბოლოოდ წარმატებით გაიარა 86-მა.

,,დღეს გამოსცა ბრძანება ცენტრის დირექტორმა, რომელიც 42 მასწავლებელს შეეხება. ესენი არიან ის მასწავლებლები, რომლებსაც ჰქონდათ სრული 15 კრედიტქულა ან მეტი დაგროვილი. მათ შორის, სავალდებულო აქტივობები – განხორციელებული. ერთადერთი, რაც აკლდათ, იყო გარე დაკვირვების წარმატებით გავლა, იმისათვის რომ სტატუსის ცვლილებისათვის მზად ყოფილიყვნენ“, – განაცხადა მანანა რატიანმა.

მისი თქმით, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანება მათ საშუალებას აძლევს, სკოლამ წარმოადგინოს მასწავლებლის სტატუსის შესახებ წინადადება და ამის შემდგომ მათ სტატუსები მიენიჭებათ.

სკოლების მიერ მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების ელექტრონულ სისტემაში განთავსების ვადა 2018 წლის 15-31 იანვარია. ამ 42 მასწავლებელს სკოლებიდან წინადადების ატვირთვისა და ცენტრიდან ამ წინადადების დადასტურების შემდეგ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი უღიარდება.

რაც შეეხება წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესაბამის დანამატს, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ამბობს, მასწავლებლებს ეს დანამატი სტატუსის მინიჭების შემდეგ დაერიცხებათ.

„როგორც კი მიენიჭებათ სტატუსი, მაშინვე მიიღებენ დანამატს. ალბათ, ეს კარგი მოტივაცია იქნება სხვა რეგიონების მასწავლებლებისთვის, რომლებიც შეიძლება სკეპტიკურადაც კი უყურებდნენ ამ პროცესს“, – უთხრა მანანა რატიანმა EDU.ARIS.GE-ს.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ დანარჩენ რეგიონებში მომდევნო სემესტრში იგეგმება იგივე პროცედურების გამოცხადება. რეგისტრაციას გაივლიან ის მასწავლებლები, რომლებსაც წინაპირობა დაკმაყოფილებული აქვთ და ეს წინაპირობაა 13 კრედიტქულა, მათ შორის, 2 სავალდებულო კრედიტქულა. მანანა რატიანის თქმით, მასწავლებელს ეს წინაპირობები უნდა ჰქონდეს  დაკმაყოფილებული, რომ შეძლოს გარე დაკვირვების გავლა.

„ვულოცავ მასწავლებლებს, რომლებსაც ეს საშულება მიეცათ, რომლებმაც ირწმუნეს და ჩაერთვნენ ამ პროცესში და სხვა მასწავლებელებისთვისაც ისინი გამოდგენენ ერთგვარი მოდელები“, – აღნიშნა მანანა რატიანმა.

მენტორის სტატუსი 9 მასწავლებელს მიენიჭა – როგორია სტატისტიკა საფეხურების მიხედვით

„წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატები 2018 წლიდან გაიზრდება“

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური