GE

6 ივლისიდან გამოცდებს მასწავლებლები უერთდებიან – რამდენი დრო ექნებათ წერისთვის სპეცმასწავლებლებს

ხვალიდან 2022 წლის ზაფხულის გამოცდებს მასწავლებლებიც შეუერთდებიან. 6 ივლისს უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა მეორე სესიის ფარგლებში ჩატარდება. შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე წელს დაახლოებით 2 500 აპლიკანტია დარეგისტრირებული.

როგორც EDU.ARIS.GE-ს „ნაეკში“ დღეს, 5 ივლისს განუცხადეს, გამოსაცდელი სპეცმასწავლებლები საქართველოს სხვადასხვა საგამოცდო ცენტრებში არიან გადანაწილებულნი. უფროსი სპეციალური მასწავლებლობის მსურველები ხვალ შუადღეს უნდა გამოცხადდნენ საგამოცდო ცენტრებში, ტესტზე სამუშაოდ კი მათ 4 საათი ექნებათ.

უფროსი სპეციალური მასწავლის სტატუსის მოსაპოვებლად პედაგოგებმა გამოცდა 2023 წლის 1 იანვრამდე უნდა ჩააბარონ.

რაც შეეხება ივლისში დაგეგმილ სხვა გამოცდებს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ, კითხვას, ვის შეუძლია წელს მასწავლებლის გამოცდაში მონაწილეობის მიღება, აპრილში გამართული ონლაინ შეხვედრის ფარგლებში, დეტალური პასუხი გასცა:

„2022 წელს მსურველებს საშუალება ექნებათ ჩააბარონ – საგნის გამოცდა; სპეციალური უფროსი მასწავლებლის გამოცდა; პროფესიული უნარების გამოცდა წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.

„პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ უფროს ან წამყვან მასწავლებელს, რომელსაც ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-ანი შედეგით ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე. საგნის გამოცდაში მონაწილეობა არ არის შეზღუდული. უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში მონაწილეობა პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს შეუძლიათ“.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური