GE

6 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა შეიყვანოთ სკოლაში ბავშვი, რომელიც გამართულად ვერ ლაპარაკობს

ფსიქოლოგი მარი არევაძე

1. ბავშვს შესაძლოა, აღენიშნება სირთულე სიტყვებისა და წინადადებების არამარტო წარმოთქმის, არამედ გაგების დონეზეც. ამას რეცეპტული ენის დარღვევას ეძახიან და შეუიარაღებელი თვალით რთული შესამჩნევია სასკოლო ასაკის ბავშვებში.

ამ შემთხვევაში, მოსწავლეს გაუჭირდება იმ ენობრივად გაშუალებულ გამოწვევებთან გამკლავება, რაც ასაკობრივად მოეთხოვება.

მაგალითად :

  • პედაგოგის მიერ გაცემული რამდენიმე საფეხურიანი მითითებების გაგება

„ამოიღეთ ფანქრები, გადაშალეთ წიგნები და გააფერადეთ ვაშლები“

  • გრძელი და რთული ქვეწყობილ-თანწყობილი წინადადებებიდან შინაარსის გამოტანა

„ სურათზე ჩანს ბიჭი, რომელსაც ქარმა ქუდი წაართვა“

  • თანატოლის ლაპარაკის გაგება და ადეკვატური პასუხის დაბრუნება, მონათხრობი ამბის გააზრება.

„გუშინ „ისთ-ფოინთ“-ში ვიყავით და ჟოლოს ნაყინი ვჭამეთ. შენ როდის იყავი ნაყინის საჭმელად ?“

2. მას შესაძლოა არ აქვს ასაკის შესაბამისი სიტყვათა მარაგი. აქ იგულისხმება არსებითი სახელების, ზედსართავი სახელების, ზმნების, კავშირებისა და წინადადებების სხვა წევრების საცავი, რაც სჭირდება 6 წლის ბავშვს.

ეს იმას ნიშნავს რომ, მოსწავლე ვერ გებულობს წიგნში მოცემულ ტერმინოლოგიას, უჭირს კითხვებზე პასუხის გაცემა. საუბრისას აკეთებს ხანგრძლივ პაუზებს და იყენებს ე.წ. სარეველა სიტყვებს. უფრო რთულ შემთხვევებში, როდესაც ბავშვმა არ იცის ამა თუ იმ საგნის დასახელება მას ანაცვლებს შინაარსობრივად მსგავსი სიტყვებით. მაგალითად სიტყვა „დანის“ ნაცვლად ამბობს ჩანგალს.

3. მას შესაძლოა, ასაკის შესაბამისად არ აქვს განვითარებული ენობრივად გაშუალებული სმენითი აღქმა. ეს იმას ნიშნავს რომ, მოსწავლე ვერ მოახერხებს სიტყვის ბგერებად დაშლას და პირიქით – ბგერების სიტყვაში გაერთიანებას. იგი ვერ გაარჩევს ერთმანეთისგან ჟღერადობით მსგავს ბგერებსა და სიტყვებს. ეს ყველაფერი კი კრიტიკულად შეუშლის ხელს ბავშვს როგორც სიტყვის ამოკითხვის დროს, ასევე კარნახით ჩაწერის დროს.

4. თუ 6 წლის ბავშვს აქვს გრამატიკულად გაუმართავი წინადადებები ან ამბის თხრობის სირთულე, ეს ავტომატურად აისახება წერისა და კითხვის პრობლემაში. ბავშვი წერისას აწყობს წინადადებას ზუსტად ისე, როგორც საუბრისას. ნაწერი გაუმართავია. წინადადებების წევრები ერთმანეთთან არასწორადაა დაკავშირებული, ან მცდარია წინადადებაში წევრების თანმიმდევრობა. შედეგად, შინაარსის გამოტანა რთულია.

ხოლო ამბის თხრობის სირთულის დროს, როცა ბავშვს უჭირს მოვლენების თანმიმდევრულად გადმოცემა (პროცესის ორგანიზება) ანალოგიურ შეცდომას უშვებს ე.წ. „თავისუფალი თემის“ ან ტექსტის შინაარსის წერის დროს.

5. ენობრივი დეფიციტის გამო მეორადად წარმოქნილი წერა-კითხვის სირთულეები უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვის თვითშეფასებაზე და ზოგადად სწავლის მოტივაციაზე.

6. მეტყველების ზოგიერთი პრობლემა – როგორიცაა „ბგერის დარღვევა“ უარყოფითად აღიქმება ხოლმე უშუალოდ თანატოლების მხრიდან. თუ ბავშვი ამახინჯებს სიტყვებს ბგერების სწორად წარმოთქმის პრობლემის ხარჯზე, იგი შესაძლოა გახდეს კლასში ჩაგვრის ობიექტი და გაუჭირდეს თანაკლასელებთან დამეგობრება.

თქვენი ბავშვი ან მოსწავლე ვერ კითხულობს? – ალბათ, გაინტერესებთ რატომ

რა სარგებლობა და ზიანი მოაქვს ბავშვისთვის ელექტრო ტექნიკასთან ჭარბ ურთიერთობას

საინტერესო ინფორმაცია მშობლებისთვის

ავტორი: ფსიქოლოგი მარი არევაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური