GE

70 ათასი დემონსტრანტი უმაღლესი განათლების შესახებ კანონის წინააღმდეგ გამოვიდა

უნგრეთის  დედაქალაქში დაახლოებით 70 ათასმა ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა.  დემონსტრანტები  უცხოური უნივერისტეტების შესახებ კანონის წინააღმდეგ გამოდიან. დოკუმენტის ინიციატორი მმართველი პარტია „ფიდესია“. კანონს გასულ კვირას მხარი პარლამენტმა დაუჭირა. თუმცა ძალაში შესასვლელად მას პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება.

17855091_10155256203933793_6242219593837955113_o-e1491794159476პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანის ხელისუფლების მიერ წარდგენილი კანონი უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ავალდებულებს იქონიოს სასწავლო პლატფორმები იმ ქვეყანაშიც, სადაც რეგისტრაცია აქვს გავლილი.

ამრიგად, დახურვა ემუქრება ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს, რომელიც ბუდაპეშტში 90-იან წლებში უნგრული წარმოშობის ამერიკელი მილიარდერის, ჯორჯ სოროსის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. მართალია, აღნიშნული უმაღლესი სასწავლებელი აშშ-შია დარეგისტრირებული, თუმცა იქ მას საგანმანათლებლო დაწესებულება არ აქვს.

ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ  სოროსის იდეოლოგია „ღია საზოგადოების“  შესახებ,  მიგრაციული კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი გახდა, რომლის წინაშეც ევროპა აღმოჩნდა. ამასთან, უნგრეთის პრემიერის თქმით, სტრუქტურები, რომლებიც  მილაირდელის ფონდიდან ფინანსდებიან, ფარულად ცდილობენ ქვეყნის პოლიტიკაზე გავლენა მოახდინონ.

რაც შეეხება ცენტრალური ევროპის უნივერისტეტს, მსოფლიოს 200 საუკეთესო უნივერისტეტში შედის. ინგლისურენოვან  უმაღლეს სასწავლებელში 1440 სტუდენტი სწავლობს. მათგან 335 უნგრელია, დანარჩენი სტუდენტები კი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან.

მოამზადა ლიკა გახარიამ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური