GE

8 ფრაზა, რომელიც მშობელებმა არასდროს არ უნდა უთხრან შვილებს

იყო მშობელი, ზრდასრულობის ყველაზე სასიამოვნო გამოწვევასთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე რთულიცაა. სხვა ილუზია ნურც გექნებათ. ხშირად მშობლები მეტ მნიშვნელობას აღმზრდელობითი საქმის ისეთ პრაქტიკულ ნაწილს ვანიჭებთ, როგორიც უსაფრთხო, მყარი და სუფთა საცხოვრებელი გარემოს და ბავშვებისათვის ფინანსურად უზრუნველყოფილი მომავლის შექმნაა. ამის ფონზე, შესაძლოა, ყურადღება მოვაკლოთ ბავშვების ემოციურ საჭიროებებს, რამაც თავის მხრივ, ზიანი მიაყენოს მათ განვითარებასა და მენტალურ კეთილდღეობას. მაგალითისათვის, სრულიად უნებურად ვუთხრათ ბავშვებს რაიმე, რაც უარყოფით გავლენას იქონიებს მათ გონებაზე და გამოიწვევს გრძელვადიან გვერდით მოვლენებს, როგორიცაა: დაბალი თვითშეფასება, თავდაჯერებულობის ნაკლებობა და კონკურენციის არაჯანსაღი შეგრძნება.

ამგვარად, წარმოგიდგენთ 8 ფრაზას, რომელიც მშობელმა არასდროს არ უნდა უთხრას ბავშვს, მისი განვითარებისა და ჩამოყალიბების ეტაპზე:

1. „ნუ შემარცხვენ“

დასაწყისისათვის ავიღოთ ფრაზა, რომელიც სტაფილოსა და ჯოხის პრინციპს ეფუძნება და რომელსაც მშობლები უმიზნოდ იყენებენ კარგი ყოფაქცევის წასახალისებლად და ანცობის დასაგმობად. რისკის მატარებელია ისეთი რადიკალური და ემოციურად დატვირთული ფრაზის წარმოთქმა, როგორიცაა – „ნუ შემარცხვენ“, რადგან ბავშვს შესაძლოა ემოციური ჭრილობა მიაყენოთ და დააზიანოთ მისი უნარი, ადეკვატურად მიიღოს როგორც შექება, ასევე კონსტრუქციული კრიტიკა.

ბავშვებს, რომელთაც მსგავსი ფრაზები ხშირად ესმით, გამუდმებით სჭირდებათ და ცდილობენ სხვებისათვის თავის მოწონებას. ამან კი შესაძლოა, მნიშნველოვანი პრობლემები გამოიწვიოს ზრდასრულ ასაკში, როცა რომანტიკული ურთიერთობების დაწყებას ეცდებიან.

2. “გპირდები, წელს დასასვენებლად წავალთ

არანაკლები ზიანის მომტანია, თავიდან მოშორების მიზნით, ბავშვების საჩუქრებით უმიზეზო მანიპულირება. ერთი მხრივ, ამან შესაძლოა, შეარყიოს ნდობა თქვენსა და ბავშვს შორის  და მეორე მხრივ, მოზრდილ ასაკში ყოფნისას, გაურთულოს ურთიერთობა მათ სხვა, გავლენიან პოზიციებზე მყოფ ზრდასრულებთან.

დაგეგმილი დასვენების ჩაშლის მიზეზად, მშობლებმა შეიძლება თავი ფინანსების არქონით გაიმართლონ. თუმცა ყოველთვის უმჯობესია, გეგმის ხელმისაწვდომი ალტერნატივით ჩანაცველება, ვიდრე დაპირების სრულიად შეუსრულებლობა. ალტერნატივა ყოველთვის არსებობს. მაგალითად, დიდი ფინანსური დეპრესიის დროს, მაშინ, როცა საზღვარგარეთ დასვენება წარმოუდგენელი გახდა, სამაგიეროდ, მოთხოვნამ სახლსა და მანქანებზე პიკს მიაღწია.

რაც მთავარია, არ დაივიწყოთ, თუ რა დიდი მნიშვენლობა აქვს დაპირებას ბავშვისათვის და თუ მაინც ვერ უსრულებთ, კარგად აუხსენით მას მიზეზი, სანამ კომპრომისზე წახვიდოდეთ.

3. “შენხელა რომ ვიყავი, ამას უკეთ ვაკეთებდი“

ექვს წლამდე ბავშვებისათვის მშობლები ღმერთებს უფრო ჰგვანან, ვიდრე უბრალო მოკვდავებს. ასეთი მაღალი წარმოდგენის ქონა  მეტ მნიშვნელობას ჰმატებს თქვენს ყოველ სიტყვას. თქვენ მიერ  წარმოთქმული ფრაზები და განცხადებები გავლენას ახდენს ბავშვების სხვებთან ურთიერთობის დინამიკაზე.

თუ მაგალითისთვის მუდამ თქვენი ბავშვობის მიღწევები მოგაქვთ, შეიძლება წარმოქმნათ არაჯანსაღი კონკურენციის საფუძველი და პატარა ბავშვის აზროვნება ისე განვითარდეს, რომ მუდამ საჭიროებდეს საკუთარ ძალებში დარწმუნებას. შესაძლოა, ადრეულ ასაკში ეს ძალინ საზიანო არ იყოს, მაგრამ მოზრდილობის წლებში ისინი იწყებენ მიზნების მიღწევას სხვების კმაყოფილებისათვის და არა საკუთარი, პიროვნული სიამოვნებისათვის. ამან შეიძლება ხელი შეუშალოს შემდგომში ცხოვრებისაგან სიამოვნების მიღებაში და მათი უბედურების მიზეზიც გახდეს.

4. “სხვა ბავშვებმა ტესტს თავი მშვენივრად გაართვეს“

ასევე, თქვენი ბავშვის მიღწევების შედარებას მის თანატოლებთან, ძალიან ცუდი ეფექტი აქვს  მათსავე ასაკის ბავშვებთან ურთიერთობაზე. დამეგობრებისა და დაახლოვების ნაცვლად, თანატოლებში იმ კონკურენტებს ხედავენ, რომელთაც ნებისმიერ ფასად უნდა აჯობონ ყველა შესაძლებლობისას.

შედეგად, ზიანი ადგება არა მხოლოდ მათ სოციალურ განვითარებას, არამედ იმასაც, თუ როგორ აღიქმებიან მსგავსი ადამიანები სხვების თვალში. შესაძლოა, თანაკლასელებთან თქვენი შვილის ნეგატიურ ჭრილში შედარებამ, თვითშეფასებას წარუშლელი დაღი დაასვას და მუდმივად სხვათა ქმედებების შესაბამისობაში შეაფასონ საკუთარი თავი.

5. „სადილს ბოლომდე თუ არ მოასუფთავებ, ძლიერი ვერ გაიზრდები“

ამ ხუმრობით წარმოთქმულ ფრაზას ხშირად ვხვდებით. მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის ცუდი განზრახვის მატარებელი, ბავშვებზე ცუდი გავლენის მოხდენა მაინც შეუძლია. კვებასთან დაკავშირებული დარღვევები და ზოგიერთი საჭმლისადმი შიში სათავეს უმეტესწილად ბავშვობიდან იღებს და მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში არის განპირობებული ტრავმით. ხშირ შემთხვევაში კი იგი, ქვეცნობიერში გამჯდარ, მშობლების მიერ ჩამოყალიბებულ ასოციაციებს უკავშირდება.

თქვენ სასურველი შედეგის მისაღებად მანიპულაციის ფორმას იყენებთ. ბავშვის წარმოდგენაში კი მძიმე როლი ენიჭება საჭმილს მნიშვნელობას და იმ ცუდ შედეგებს, რაც გარკვეულ საკვებზე უარის თქმას მოაქვს. ამას სჯობს ბავშვები წავახლისოთ, მიიღონ კონკრეტულ საკვები და ავუხსნათ რა სიკეთე მოაქვს ამ საკვებს მათი ჯანმრთელობისათვის ან გახადეთ ჭამის პროცესი გაცილებით სახალისო და ნუ მიანიჭებთ მას ზედმეტ მნიშვნელობას.

6. “სულ მთლად დედაშენს (მამაშენს) ჰგავხარ“

ამ შემთხვევაში ფრაზის ეფექტი დიდად არის დამოკიდებული წარმოთქმის მანერაზე, მაგრამ მაინც სჯობს, თუ საერთოდ არ გამოვიყენებთ. მაშინაც კი, თუ ფრაზას ხშირად ხუმრობით ვიყენებთ, ბავშვის გონებაში მაინც ნეგატიურ ასოციაციებს იწვევს და იგი გამოარჩევს იმ თვისებების, რომელიც ფრაზაში წარმოთქმულ მშობელს ამსგავსებს. ამან შეისაძლოა შექმნას დისტანცია თქვესა და შვილს შორის, მაგრამ ეს არაფერია, იმასთან შედარებით, რა შედეგიც ამ ფრაზის გაბრაზებისას წარმოთქმას შეუძლია იქონიოს. ამ შემთხვევაში თქვენი ძალიან მკაფიოდ გამოხატავთ უკმაყოფილებას მეუღლესთან ურთიერთობაში, ბავშვს ანერვიულებთ და ირიბად რთავთ მას მშობლების კონფლიქტში. შესაძლოა, სწორედ ბავშვზე გადატყდეს თქვენი სიბრაზე და იმედგაცრუება, რაც მის თვითშეფასებას დააქვეითებს. ამასთან, სკოლაში სწავლაზე კონცენტრირებაშიც შეუშლის ხელს.

ამის გათვალისწინებით, ეცადეთ, აირიდოთ ნეგატიური შედარებები თქვენს ბავშვსა და პარტნიორს შორის. ამის სანაცვლოდ, მიმართეთ კონსტრუქციულ კრიტიკას, ისე, რომ სხვისი სახელის ხსენება არ დაგჭირდეთ.

7. “შენი წუწუნის ხმა აღარ გავიგონო“

დიახ, ბავშვები ხანდახან ძალიან ხმაურიანი და მოუსვენრები არიან და თქვენი, როგორც მშობლის, მოვალეობაა მათი საქციელის მართვა, სიტუაციიდან გამომდინარე. მშობლებმა არ უნდა შექმნან ბარიერი, რომელიც ბავშვს საკუთარი თავის და ემოციების გამოხატვაში შეუშლის ხელს, ან აიძულებს, მოთოკონ ბუნებრივი ცელქობა, რაც ხშირად ინტელექტისა და შემოქმედებითობის მაჩვენებელია.

რა გარემოებაც არ უნდა იყოს, როცა ბავშვს ეუბნებით, რომ მისი მოსმენა აღარ გსურთ, თქვენ გაუაზრებლად აგრძნობინებთ მას, რომ მათ თქვენს ცხოვრებაში ადგილი არ აქვთ. ბავშვის გონების ჩამოყალიბების პრიცესში, ეს აღვივევებს დანაშაულის და არასრულფასოვნების შეგრძნებებს, რადგან მათთვის ძნელია გარკვევა სიტყვების მნშივნელობასა და მათი გამოყენების მანერას შორის.

ასეთი მკაცრი და მკაფიო სიტყვების გამოყებების ნაცვლად, სჯობს, აქცენტი გააკეთოთ ტონზე, მაშინ როცა ბავშვს სთხოვთ, რომ ჩუმად იყოს იმ მომენტში, კონკრეტული მიზეზის გამო და თავი აარიდეთ, ბუნდოვან ინსტრუქციებს.

8. “ყოველთვის მეყვარები, თუ ამას გააკეთებ“

ამ ფრაზის არამართებულობა ცალსახაა – მშობლებს შვილები ხომ ყოველ მიზეზგარეშე, უპირობოდ უნდა უყვარდეთ. ერთი შეხედვით უბოროტო და ხუმრობანარევი ფრაზა მიანიშნებს, რომ მშობლის სიყვარული დამოკიდებულია შენს საქციელზე და მათი სურვილების შესრულებაზე. ამას დიდი ნეგატიური ასახვა მოაქვს ზრდასრულ ასაკში, როცა სერიოზული ურთიერთობების პერიოდი იწყება.

როცა მუდმივად ესმით ეს ფრაზა, ბავშვები იზრდებიან იმ განწყობით, საკუთარი სურვილები გვერდზე უნდა გადადონ და სულ სხვას უნდა ასიამოვნონ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვაფიქრებინოთ მათ ეს. ყოველთვის უნდა შეახსენოთ თქვენს შვილს, რომ გიყვართ და სულ უნდა მიანიშნოთ, რომ ეს გრძნობა არავითარ კავშირში არაა მათ ქმედებებთან ან ღირებულებებთან.

რას ურჩევს მშობელი მშობელს

მოამზადა ანი ნემსიწვერიძემ

წყარო: lifehack.org

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური