GE

„8 წლის წინ CAT-ის გამოცდების შექმნა იყო დირექტიული დავალება, ჩვენი ცენტრი ძალიან წინააღმდეგი იყო“

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახა ჯამბურია, CAT-ის გამოცდების შესახებ საუბრობს და კონკრეტულ ისტორიასაც იხსენებს, თუ როგორ შეიქმნა ეს გამოცდა:

„სკოლამ უნდა გასცეს ატესტატი, როგორ გასცემს თითონ ჩაატარებს გამოცდას, დაეყრდნობა მიღებულ შეფასებებს,  ან  სხვა რაღაც შეფასებებს გამოიყენებს, ეს უკვე სკოლის გადასაწყვეტია. რაც შეეხება CAT-ის გამოცდებს,  კარგი იყო თუ ცუდი მისი მოხსნა, ამაზე ბევრს საუბრობენ. გავადევნოთ თვალი როგორ დაიწყო ეს გამოცდები, როგორ დამთავრდა და რა რესურსი დაიხარჯა, პირველი დღიდან ბოლო დღემდე ვიყავი ჩართული და თავად შეაფასეთ, რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება.

სადღაც რვა წლის წინ, როდესაც ახალი მინისტრი მოვიდა, ეს იყო სასჯელაღსრულების სფეროდან გადმოყვანილი დიმიტრი შაშკინი, გადაწყვიტა, ძალიან მკაცრად აიღო ვერტიკალი, რომ სკოლების მასწავლებლების და დირექტორების გაკონტროლება იყო აუცილებელი. მაშინ მოითხოვა  ჩვენს ცენტრს მოემზადებინა გამოსაშვები გამოცდები. ცენტრი თავიდან ამის ძალიან წინააღმდეგი იყო, ჩვენ არ ვიყავით მზად და არც მიგვაჩნდა საჭიროდ. ეს იყო დირექტიული დავალება, არ გააკეთებთ და ამას გიზამთ, გაგყრით ყველას და მსგავსი რაღაცა“, – განაცხადა კახა ჯამბურიამ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში.

მისივე შეფასებით, სასკოლო გამოცდების მომზადებაზე უზარმაზარი რესურსი დაიხარჯა, თუმცა ტესტი მოსწავლის კრიტიკული აზროვნების შეფასებას არ ემსახურებოდა.

„ამ ტიპის გამოცდის ჩატარება, რაც დაიგეგმა, გამოსაშვები გამოცდები 8 საგანში, მოითხოვდა უზარმაზარ ენერგიას და ძალისხმევას. ხუთი წელი ვემზადებიდით ჩვენ ეროვნულ გამოცდების ჩასატარებლად, რომელიც 20 საგამოცდო ცენტრში ტარდება, უამრავი ენერგია იხარჯება ამის გაკონტროლებაში, ვიდეოთვალები, დამკვირვებლები, მეთვალყურეები, ადმინისტრატორები. წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი  2000 სკოლაში. ძალიან დიდ ინტელექტუალურ და ფინანსურ რესურსს მოითხოვდა.

სხვათა შორის, ძალიან დიდი თანხები დაიხარჯა არა მარტო იმიტომ რომ კომპიუტერები უნდა შეეძინა სამინისტროს, არამედ ვიდეოთვალები, ჩამწერი აპარატურაც. იქ რომ ვინმეს გაეპროტესტებინა, რომ მე დამჩაგრეს ან ვიღაცას გადააწერინეს, ჩანაწერი უნდა ამოგვეღო. გარდა ამისა, უნდა მომზადებულიყო ისეთი მექანიზმი, რომელიც საშუალებას მოგვცემდა არავინ არავის მიხმარებოდა. წარმოიდგინეთ ქაღალდის ტესტი რომ გაგვეკეთებინა 8 საგანში ამ 2000 სკოლაში გვეტარებინა. ამიტომ მაია მიმინოშვილმა თავიდანვე თქვა, რომ მოდი ავიღოთ ორიენტაცია კომპიუტერზე ადაპტირებულ  ტესტზე. მე მაშინვე გული გადამიტრიალდა იმიტომ, რომ ეს იყო თავისებურად უარყოფა იმის, რასაც ჩემი ჯგუფი 10 წელი აკეთებდა, ქართულის ჯგუფი. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით ისეთი შეფასების მექანიზმი შეგვექმნა, სადაც არავითარი საზეპირო, არავითარი მეხსიერების შემოწმება არ იქნებოდა. მხოლოდ შედეგის შემოწმება,  ვთქვათ ბავშვი სწავლობდა რაღაც ტექსტს, იმის ანალოგიურ ტექსტს მივცემდით და ანალიზი უნდა დაეწერათ, რომ კრიტიკული აზროვნება და წერის უნარი შეფასებულიყო“, – აცხადებს კახა ჯამბურია.

ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ განსხვავებული იყო საბუნებისმეტყველო საგნების სპეცილისტების მოსაზრებები, ისინი CAT-ის გამოცდების არსებობით კმაყოფილები იყვნენ.

„მე ვიცი საბუნებისმეტყველო დარგები, ყველა სპეციალისტი ვინც ჩვენ ცენტრში მუშაობდა, თუ გარეთ მასწავლებლები, სამეცნიერო საზოგადოება იყვნენ ძალიან კმაყოფილები იმით, რომ ბავშვებმა გადაშალეს წიგნი და დაიწყეს სწავლა. მე პირადად ვიყავი ძალიან უკმაყოფილო იმიტომ, რომ იძულებული ვიყავი გამეკეთებინა ისეთი ტიპის ტესტი, რომელიც კატეგორიულად არ მომწონდა, რადგან ის ამოწმებდა ფაქტიურად ახსოვს თუ არ ახსოვს ნაწარმოებები და არ ამოწმებდა იმას, რაც არის მთავარი –ანალიზის უნარს,“ – დასძენს კახა ჯამბურია.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური