GE

9 სამეცნიერო სივრცე ერთ უნივერსიტეტში სტუდენტებისა და პროფესორებისთვის

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის და პროფესორებისთვის ცხრა სამეცნიერო სივრცე ფუნქციონირებს. ესენია: ისტორიისა და არქეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, ქართული ენისა და ლიტერატურის ცენტრი, ქართული კულტურის კვლევის ცენტრი, ბიზნეს ადმინისტრირების კათედრა, ინფორმაციული ტექნოლოგიების და მათემატიკის კათედრა, პედაგოგიკისა და მეთოდიკის კათედრა, სამართალმცოდნეობის კლინიკა, ვარშავის უნივერსიტეტის ცენტრი და ჟურნალისტიკის კაბინეტი.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი, სასწავლებელში არსებული ცენტრების მიზნებზე ამახვილებს ყურადღებას. გიორგი სოსიაშვილის თქმით, მათი მიზანია, ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის პროფესორების  სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის წახალისებას. ასევე შექმნას და მუდმივად ამუშაოს უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო წრეები სხვადასხვა  მიმართულებით, სამეცნიერო რეფერატებისა და კვლევითი თემების მომზადების მიზნით.

„გორის სასწავლო უნივერსიტეტში ჩვენ აღვადგინეთ კათედრები, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულებაში აღარ ფუნქციონირებდა.  შევქმენით დამატებითი სივრცეებიც და მოვახდინეთ ძველი ცენტრების მოდერნიზება.  სამეცნიერო სივრცეები სასწავლებელში არსებობს იმიტომ, რომ თითოეულმა სტუდენტმა და პროფესორმა თავი კომფორტულად იგრძნოს და მოხდეს პრაქტიკული მუშაობის კიდევ უფრო დახვეწა“- აცხადებს გორის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი.

სამეცნიერო სივრცეებისა და კათედრების მნიშვნელობაზე საუბრობენ, გორის უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტებიც. ჟურნალისტიკისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის  სტუდენტები გვიყვებიან, რომ სამეცნიერო კაბინეტები მათ საშუალებას აძლევს პრაქტიკული სამუშაოები განახორციელონ.

„უნივერსიტეტში სამეცნიერო სივრცეების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ გვაქვს საშუალება, პრაქტიკული ცოდნა მივიღოთ, რომელიც მომავალში გამოგვადგება. ჟურნალისტიკის კაბინეტი ძალიან პოპულარულია,  რადგან ბევრი სტუდენტია ჩართული და ვსწავლობთ თუ როგორ უნდა მოვამზადოთ და გადავიღოთ სიუჟეტები სხვადასხვა თემაზე“, – ამბობს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ერთ–ერთი სტუდენტი.

„იმისათვის, რომ სტუდენტმა საკუთარი ცოდნის რეალიზება მოახდინოს, ამაში ძალიან გვეხმარება სასწავლებელში არსებული სამეცნიერო კაბინეტები. მე სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ვსწავლობ და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თეორიულთან ერთად, პრაქტიკული ცოდნაც მივიღო, სწორედ ამაში მეხმარება სამართლის კლინიკა“, – აცხადებს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი.

პრაქტიკული სწავლების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას სამართლის კლინიკის ხელმძღვანელი. პროფესორი ვანო ბალახაშვილი ამბობს, რომ სასწავლებელში შექმნილი ცენტრები, ახალგაზრდებს ცოდნის გაღრმავების საშუალებას აძლებს. გორის უნივერსიტეტში სამართლის კლინიკა, ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მხარდაჭერით, 2009 წელს შეიქმნა და მისი მიზანი სტუდენტებისთვის პრაქტიკული უნარების სწავლებაა.

„ყოველ სემესტრში, კონკურსის წესით ხდება ათი სტუდენტის შერჩევა და ისინი შესაბამის სასწავლო კურსს და ტრენინგებს გადიან.  ამის შემდეგ, სტუდენტები მიდიან გორის საჯარო სკოლებში და მოსწავლეებისთვის სალექციო კურსს ატარებენ.  გარდა ამ აქტივობებისა,  კლინიკაში ტარდება სხვადასხვა თემატური ტრენინგები,  მაგალითად: შესყიდვების სამართალი, ადამიანის საერთაშორისო უფლებები და სხვა. კლინიკაში, ასევე ყოველწლიურად ეწყობა სამეცნიერო კონფერენციები და ხდება სტუდენტების კიდევ უფრო განვითარება“, – აცხადებს სამართლის კლინიკის ხელმძღვანელი ვანო ბალახაშვილი.

გორის სახელმწოფო სასწავლო უნივერსიტეტში შექმნილი 9  სამეცნიერო სივრცე, ხელს უწყობს  სტუდენტების ჩართულობას სამეცნიერო წრეებში სხვადასხვა მიმართულებით და ასევე,  ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, რომ  უფრო დაუახლოვდნენ საკუთარ პროფესიებს.

აკადემიური თავისუფლება და ცოდნა ცხოვრებისთვის – სტუდენტები გორის უნივერსიტეტის შესახებ

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური