GE

“შპარგალკებიანი მასწავლებლები” – რა ხდება პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე?

ეროვნული გამოცდების პარალელურად, პედაგოგთა სერტიფიცირების გამოცდაც დაიწყო. დღეს პირველი გამოცდა დაწყებითი კლასების პედაგოგებმა ჩააბარეს. აბიტურიენტების გამოცდებისგან განსხვავებით, პედაგოგთა სერტიფიცირების გამოცდის პირველივე დღე ექსცესებით დაიწყო. რეგისტრაციის დროს ბევრ პედაგოგს ე.წ. ‘’შპარლგაკები’’ აღმოუჩინეს. მათ შორის, ზოგიერთ მასწავლებელს ‘’შპარგალკა’’ ფეხზეც ჰქონდა დაწერილი.

პოლიციის თანამშრომლებმა პედაგოგებს ‘’შპარგალკები’’ ჩამოართვეს და გამოცდაზე გასვლის უფლება მისცეს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი მომხდარს სამწუხაროს უწოდებს და ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. განათლების სამინისტრო პედაგოგს კვალიფიკაციის ამაღლებაში უნდა დაეხმაროს. თუმცა, პასუხისმგებლობა პედაგოგსაც უნდა გააჩნდეს.

’ე.წ ‘’შპარგალკებთან’’ დაკავშირებით პრობლემა აბიტურიენტებთანაც არ შეგვქმნია. ჩემთვის წარმოუდგენელია პედაგოგი ასეთ საშუალებებს მიმართავდეს. ალბათ, ის თავის მოსწავლეებს მსგავსი საშუალებების გამოყენებას უშლის. სამწუხაროდ, ‘’შპარგალკების’’ ცოტა შემთხვევა ნამდვილად არ არის. რასაც გადავხედე, უფრო თეორიული ნაწილია, ძირითადი ცნებები და განმარტებები. მათემატიკის შემთხვევაში მარტივი საკითხებიც კი, მაგალითად, რა არის მართკუთხედი. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი კარგი პედაგოგი გვყავს, რომლებიც დამეთანხმებიან, სხვისი შემყურე არ უნდა ვიყოთ და საკუთარი კომპეტენციის ამაღლებაზე თავად უნდა ვიზრუნოთ. პედაგოგს მსგავსი საშუალების გამოყენება არ უნდა დასჭირდეს. შეურაცხყოფილიც კი ვიყავი, რადგან მომავალ თაობაზეა საუბარი.’’- აღნიშნა მიმინოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად 26 000-მდე პედაგოგი დარეგისტრირდა. დღეს, საქართველოს მასშტაბით გამოცდაზე 9 000-მდე პედაგოგს ელოდებოდნენ. თუმცა, 1 000-ზე მეტი პედაგოგი გამოცდაზე არ გამოცხადდა.

სასერტიფიკაციო გამოცდა დილის 8 საათზე დაიწყო. დღეს პედაგოგებმა დაწყებითი საფეხური (1-4), ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა 1-დან მე-6 კლასის, ხოლო ბუნებისმეტყველა 1-დან მე-4 კლასის ჩათვლით ჩააბარეს.

გამოცდა 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა. გამოცდიდან გამოსული პედაგოგები “EDU.ARIS.GE“-თან საუბარში აღნიშნავდნენ, რომ ტესტები საშუალო სირთულის იყო, უმრავლესობას ანალიტიკური წერის შესრულება გაუჭირდა.

‘’ეს საკითხები მასწავლებელმა უნდა იცოდეს. რაც შეეხება ანალიტიკურ წერას, დაფიქრება უნდა, გონების მობილიზება. მასწავლებელმა მოსწავლეზე მეტი, რომ უნდა იცოდეს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ბავშვს შენი საგნის ინტერესი უნდა გაუჩინო, რომ იმის იქით წავიდეს და მხოლოდ დაზეპირებით არ შემოიფარგლოს. კარგი იქნება თუ გამოცდის ფორმატი შეიცვლება. გამოცდა მასწავლებლისთვის სტრესია, დიპლომირებული ხარ და გამოცდას კიდევ აბარებ. ცუდი შეგრძნებაა. საჭიროა ტრენინგები, რომ განვითარდე. მეცნიერება წინ მიდის, ახალი მეთოდები შემოდის. ამ მხრივ, მასწავლებელმა თავის თავზე უნდა იმუშაოს. ‘’ – გვითხრა ჭიათურიდან ჩამოსულმა ბიოლოგიის მასწავლებელმა მზია უზნაძემ.

‘’გამიჭირდა ანალიტიკური წერა. არარეალური რაღაცეები იყო. მაგალითად, ‘’კატები ჰყეფენ’’, ‘’ძაღლები კნავიან’’ და ა.შ. სამი საკითხია მოცემული, რამდენად პოზიტიურია ეს ბავშვის ცხოვრებაში, აუცილებელია თუ არა ასეთი ნაწარმოების სწავლება. დავწერე, მაგრამ რა შედეგი მექნება არ ვიცი. მოუმზადებელი მოვედი. მათემატიკის ტესტები რთული იყო. თუ მზად არ ხარ ძნელია, საჭიროა მომზადება.‘’- გვითხრა მარნეულის მე-6 საჯარო სკოლის მასწავლებელმა ირმა მაჭარაშვილმა.

სასერტიფიკაციო გამოცდაზე კერძო სკოლების პედაგოგებიც გავიდნენ. მათი თქმით, სერთიფიცირებულ პედაგოგს უკვე კერძო სკოლაც ითხოვს.
‘’ზოგიერთი ისეთი საკითხი იყო, რასაც ბავშვს თამაშით ასწავლი. გამოცდები კარგია, რადგან ამით მასწავლებლის კვალიფიკაციაც ამაღლდება. თუმცა, სჯობს სხვა ფორმით ჩატარდეს. უფრო პრაქტიკული სახე უნდა ჰქონდეს’’ – გვითხრა კერძო სკოლის პედაგოგმა მარიამ ლათიბაშვილმა.
გამოცდიდან გამოსულებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამბობდნენ, რომ მოცემული საკითხები რთული სულაც არ იყო.
‘’თუ ეს საკითხები კონკრეტული საგნის პედაგოგმა არ იცი, მაშინ მას ამ პროფესიაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს,’’ – გვითხრა ერთ-ერთმა პედაგოგმა.

როგორი შედეგებით დასრულდება პედაგოგთა სერტიფიცირების გამოცდები, ამის შესახებ ცნობილი აგვისტოში გახდება. თუმცა, გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი კარგდ შედეგებს არ ვარაუდობს.

‘’გულწრეფალად გეტყვით, წინა წლებთან შედარებით უკეთეს შედეგებს არ ველოდები. თუმცა, მე ყველა პედაგოგს წარმატებებს ვუსურვებ.’’ – აღნიშნა მიმინოშვილმა.

მისივე თქმით, პედაგოგთა ძლიერი ნაკადი სწორედ სასერტიფიკაციო გამოცდის პირველ წელს გავიდა, შემდგომ წლებში კი ნაკლებად ძლიერი ნაკადი იყო.

რაც შეეხება საგამოცდო საკითხებს, მიმინოვილის თქმით, ანალიტიკური წერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია პედაგოგის აკადემიური უნარის შესაფასებლად.

‘’რატომ გაუჭირდათ არ ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ხანია სერტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს, მასალა ჩვენი საიტის გვერდზე მუდმივად განთავსებულია და ყველა ნაწილი დეტალურად გარჩეულია. რეკომენდაციები პასუხის სწორად არჩევის სტრატეგიაზე გაცემულია. ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით მასწავლებლებს საშუალება ჰქონდა, რომ კარაგდ მომზადებულიყვნენ. ამიტომ, მათთვის სიურპრიზი არავის გაუკეთებია. ჩვენია ზრით, ეს ის ნაწილია, რომელიც პროფესიული პედაგოგის აკადემიურ უნარებს ამოწმებს. წერა-კითხვის კულტურა პირველ რიგში პედაგოგს უნდა მოვთხოვოთ და შემდეგ მოსწავლეს.’’ – განაცხადა ჩვენთან საუბარში მაია მიმინოშვილმა.

წელს მსურველები პირველად შეძლებენ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდის ჩაბარებას.

მუსიკისა და სპორტის მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტები კი მხოლოდ პროფესიული უნარების გამოცდისათვის დარეგისტრირდნენ. საგნობრივი გამოცდის შინაარსობრივი ნაწილის ფორმატზე ცენტრი კულტურისა და ძეგლთა დაცვისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროებთან ერთად მუშაობს.

სასერტიფიკაციო გამოცდა 2 საათზე დასრულდა. ამის შემდეგ, აბიტურიენტების მისაღები გამოცდები დაიწყო. დღეს მათ გამოცდა უცხო ენაში ჩააბარეს.

გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მისაღები გამოცდების პროცესი მშვიდ ატმოსფეროში მიმდინარეობს.
ხვალ კვლავ დილის 8 საათზე სტუ-ს მე-6 კორპუსში პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდა დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ უკვე მისაღები გამოცდები დაიწყება. 9 ივლისს კი მათ მაგისტრობის აპლიკანტებიც შეუერთდებიან.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 17 ივლისს დასრულდება.

სალომე არის© გოგოხია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური