GE

აბიტურიენტები ნებისმიერ საგანში მომზადებას მობილურების საშუალებითაც შეძლებენ – დეტალები

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ტესტებზე ვარჯიშს აბიტურიენტები კომპიუტერებთან ერთად უკვე მობილური ტელეფონის საშუალებითაც შეძლებენ. ქართველმა სტუდენტებმა მობილური აპლიკაცია napp შექმნეს, რომელიც ხელმისაწვდომია ios app store და android markert – ზე და მისი გადმოწერა შესაძლებელია სმარტფონებსა და ტაბლეტებზე. ამ ეტაპზე ის ელექტრონულ რეჟიმში სთავაზობს მოსწავლეებს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ კითხვებს და კრებულებს, რაც ეხმარება მათ გამოცდებისათვის მომზადებაში. აპლიკაციის ჩამოტვირთვა ნებისმიერ სმარტფონზე სრულიად უფასოა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის თქმით, ეს იდეა ნიჭიერი სტუდენტებიდან წამოვიდა და ცენტრმაც ხელი შეუწყო მის განხორციელებაში.

1405513691_maiamiminoshviliimeretshimoghvatsepedagogebsshekhvda9568„აპლიკაცია გულისხმობს აბიტურიენტებისთვის საინტერესო მასალის ნახვას მობილური ტელეფონის მეშვეობით. ჩვენ ამ მასალებით დავეხმარეთ ახალგაზრდებს და მივაწოდეთ ნიმუშები, რომლებიც ადრე გვქონდა კრებულების სახით, უკვე გამოყენებული ტესტური დავალებები. მათ ეს მასალა გამოიყენეს. აბიტურიენტისთვის მოსახერხებელია იმ კუთხით, რომ საგამოცდო პროგრამებიდან დაწყებული, რაც მნიშვნელოვანია მათთვის, შეუძლიათ ნახონ მობილურ ტელეფონში და ასევე დავალებებზე ივარჯიშონ. ასე რომ ძალიან მოსახერხებელია და ეფექტურია ეს აბიტურიენტებისთვის“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს მაია მიმინოშვილმა.

აპლიკაციის ავტორი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოს კომპიუტერული ინჟინერიის მეორე კურსის წარჩინებული სტუდენტი დავით სოსელიაა. მან 2015 წელს  ეროვნული გამოცდების უნარების ტესტში 80/80 ქულა აიღო და მთლიანობაშიც უმაღლესი ქულები ჰქონდა.

ამჯერად, დავით სოსელიამ საკუთარი აბიტურიენტობის გამოცდილებიდან გამომდინარე გადაწყვიტა, მომავალი სტუდენტებისთვის საქმე გაეიოლებინა და იმ სივრცეში შეეთავაზებინა გამოცდებისთვის მოსამზადებელი ტესტები, რომელიც მათთვის, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მშობლიურია.

დავით სოსელია გვიყვება, რამ გადააწყვეტინა ამ აპლიკაციის შექმნა:

unnamed„ჩემი სწავლის პროცესში ელექტრონული დამხმარე საშუალებების ნაკლებობა იყო. განსაკუთრებით შევატყვე, რომ არ იყო დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის აპლიკაცია, რომელიც მათ დაეხმარებოდა გამოცდებისთვის მომზადებაში. ჩვენს ეპოქაში ბავშვები სტატისტიკურად უფრო ხშირად იყენებენ მობილურს, ვიდრე კომპიუტერს. ბევრს არ აქვს საშუალება, დაჯდეს კომპიუტერთან დიდი ხნით და აკეთოს ტესტები. ჩემი გამოცდილებით, წინა წლის გამოცდების ტესტების კეთება ყველაზე ეფექტურია ეროვნული გამოცდების მომზადებისთვის. ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა პლატფორმა, რომელიც შემდგომ თაობებს დაეხმარებოდა გამოცდების ჩაბარებაში.

ტესტების გამოთხოვისთვის მქონდა შეხვედრა გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან მაია მიმინოშვილთან და ჩემდა გასაოცრად, არამარტო ტესტები მოგვაწოდეს, არამედ დააფინანსეს პროექტი. როგორც კი მივიღეთ დაფინანსება, სასწრაფოდ შევკრიბე სან დიეგოს უნივერსიტეტიდან სტუდენტების ჯგუფი. ხუთნი ვიყავით ჯგუფში: გრიგოლ ვაშაკიძე, ლუკა ლომთაძე, ანდრო გვიმრაძე და ნიკა მინაშვილი. მუშაობა დავიწყეთ 2016 წლის დასაწყისში, მარტში. გუნდი შევქმენი, რომ აპლიკაცია სწრაფად მომზადებულიყო, რომ ფიდბექი (უკუკავშირი) გვქონოდა მომხმარებლისგან და შენიშვნები გამოგვესწორებინა. აპლიკაცია ჩაეშვა და გახდა ეროვნული გამოცდების მომზადებისთვის ძალიან ეფექტურის საშუალება“, – გვითხრა დათომ.

unnamed (2)სტუდენტის თქმით, ძალიან პოზიტიური ფიდბექი ჰქონდა აპლიკაციას. 5-დან  4,7 აქვს რეიტინგი და 5-ათასზე მეტი მომხმარებელიც ჰყავს, თუმცა აპლიკაციის ძირითადი პრობლემა ამ ეტაპზე კითხვების ბაზის სიმცირეა, რომლის დახვეწაზეც მიდის მუშაობა და უახლოეს მომავალში, უფრო მეტი კითხვა დაემატება.

napp-ის საშუალებით ყველა იმ საგნის ტესტებზე შეუძლიათ ვარჯიში აბიტურიენტებს, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ბარდება. ინტერნეტთან მოხვედრისას იტვირთება ახალი კითხვები და სიახლეები. ანუ „ნაპპ“ საჭიროებს ინტერნეტთან კომუნიკაციას მონაცემთა განახლებისთვის, ხოლო ამის შემდეგ კავშირის გარეშეც მუშაობს.

„ახლა ვნერგავთ ახალ ფუნქციას, რომელიც ტესტირების რეჟიმშია. რა სიახლეებიც ექნება გამოცდების ეროვნულ ცენტრს, მობილურში რომ შეეძლოს მისი ნახვა მომხმარებელს. ანუ შეტყობინებები მოვა სიახლეების შესახებ მობილურში. გვინდა, რომ მაქსიმალურად მოსახერხებელი იყოს მოსწავლისთვის გამოცდისთვის მოსამზადებელი პროცესი. თუნდაც 5 წუთი ტრანსპორტში რომ აკეთოს და შეძლოს, ნელ-ნელა შეეჩვიოს გამოცდების ფორმატს“,- აღნიშნა დავით სოსელიამ.

აპლიკაციაში ამ ეტაპზე მარტო ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი ტესტებია, თუმცა იგეგმება საატესტატო, ე.წ. “კატის” გამოცდების ტესტების დამატებაც. დავით სოსელიას თქმით, თუ ამ საატესტატო გამოცდებამდე არ მოესწრება, შემდეგისთვის აუცილებლად იქნება აპლიკაციაში „კატის“ ტესტები.

unnamed (1)შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის თქმით, აბიტურიენტებისა და მოსწავლეებისთვის დამატებითი სერვისების შეთავაზებაც იგეგმება.

„2 ახალი პროექტი გვაქვს. პირველ რიგში, გვინდა შევთავაზოთ მეთორმეტე კლასელებს და მეთერთმეტე კლასელებსაც შეეძლებათ მასში მონაწილეობის მიღება,  გამოსაშვები გამოცდების სრული იმიტაცია. ნებისმიერი კომპიუტერის საშუალებით შეუძლიათ გაიარონ ჩვენ მიერ შეთავაზებული ტესტირება. საუბარია იმაზე, რომ ზუსტად იგივე ალგორითმით შეფასდებიან მოსწავლეები, რომლსაც ჩვენ ვიყენებთ საატესტატო გამოცდებზე. იმ საგნებში ვთავაზობთ ტესტირებას, რომლიც ჩასაბარებელი აქვთ მეთორმეტე კლასის ბოლოს. ეს არის: ქართული, მათემატიკა, ისტორია და უცხო ენა. დარეგისტრირებას 10 მარტიდან შეძლებენ და შემდეგ უკვე მიიღებენ ტესტურ დავალებებს. თითო გამოცდის საფასური 10 ლარია.

პარალელურად მისაღები გამოცდებისთვის ვთავაზობთ აბიტურიენტებს გამოცდების იმიტაციას. პირველ ეტაპზე ზოგად უნარებში, ხოლო მაგისტრობის მსურველებს სამ ნაწილში, რომელიც დახურულ ბოლოიანია. ამ შემთხვევაში მსურველებს მოუწევთ ჩვენთან ცენტრში მოსვლა, სადაც ანალოგიურად მოეწყობა სექტორები, თავისი აღჭურვილობით, მეთვალყურეებით და ა.შ. ამასთან დაკავშირებით რეგისტრაციას 27 მარტიდან ვგეგმავთ. მათ უნდა მონიშნონ სასურველი თვე გამოცდისთვის. აპრილი, მაისი და ივნისი იგულისხმება. ალბათ, დღეში 2 სესია გვექნება. შედეგები მონაწილეებს მაშინვე ეცოდინებათ, ადგილზე“, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

ინფორმაცია და ტესტები მისაღები გამოცდებისთვის

„ხელოვნურ ინტელექტზე მინდა ვიმუშაო“ – სად ჩაირიცხა ყველაზე მაღალი შედეგის მქონე აბიტურიენტი 2015

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური