GE

აბიტურიენტები უცხოური ენის გამოცდას აფასებენ – საკითხები და კომენტარები პირველი სესიიდან

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს უცხო ენაში ტარდება. აბიტურიენტები ინგლისურ და რუსულ ენებს აბარებენ. უცხო ენების გამოცდების პირველ დღეს საგამოცდო ცენტრებში 94%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა.

აბიტურიენტების ნაწილმა საგამოცდო ცენტრები უკვე დატოვა და როგორც EDU.ARIS.GE-სთან აღნიშნეს, უცხო ენის ტესტები საკმაოდ გაუადვილდათ. რუსულენოვანი აპლიკანტები ყვებიან, რომ გამოცდა რთული არ ყოფილა და მარტივად დაწერეს.

173-ე სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრის აბიტურიენტები:

„რუსულად ბავშვობიდან ვლაპარაკობ, მაგრამ ისედაც ადვილი იყო გამოცდა. აი, მაგალითად: ტექსტის მოსმენა, ორჯერ უსმენ ტექსტს და ორი კითხვაა თითო ტექსტზე. ძალიან მარტივი კითხვები იყო. ესეც მარტივი მოვიდა, კარგი განათლების მიღება შეიძლება მხოლოდ საზღვარგარეთ – ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და რატომ. წაკითხულის გააზრებაში ტექსტი იყო ჩარლი ჩაპლინზე, მისი წერილი ქალიშვილის მიმართ, ესეც მარტივი იყო“, – გვითხრა ლევან შარვაძემ, რომელიც ტექნიკურ უნივერსიტეტში პროგრამირებაზე აბარებს.

„ინგლისურში გრამატიკაც და მოსასმენიც ადვილი იყო, ადვილი დასაწერი სიტყვები მოვიდა, თან მეორედაც გვასმენინებდნენ და ხვდებოდი მნიშვნელობას. ცოტათი წინადადებებში სიტყვების ჩასმა გამიძნელდა. შავ ფურცელზეც ვიმუშავე, მაგრამ მაინც ადრე გამოვედი“, – აღნიშნა ჩვენთან საუბარში აბიტურიენტმა.

„რუსული სკოლა მაქვს დამთავრებული და ჩემთვის რუსული არაფერია. ყველაფერი გასაგები იყო. წერილი იყო გამოფენაზე, ანუ გაზეთში იყო ინფორმაცია გამოფენის შესახებ და მაგათთვის უნდა მიგეწერა წერილი. უნდა გეკითხა კონკრეტული დრო, რიცხვი. ასევე ის გრაფიკოსები და მხატვრები, რომლებიც გამოფენაზე ჩამოდიოდნენ.  რაც შეეხება ესეს, მე დავეთანხმე, რომ კარგი განათლების მიღება მხოლოდ საზღვარგარეთაა შესაძლებელი, ვფიქრობ ამ ტესტში 70 ქულაზე მეტს  მაინც მივიღებ“, – ამბობს ნინო ვარიაშვილი, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებზე აბარებს.

„ინგლისურის ტესტში ესეს თემა შემხვდა – უმჯობესია გქონდეს საინტერესო სამსახური, ვიდრე მაღალი ხელფასი. წერილი, რომელიც 6-ქულიანია, წერის კონკურსზე იყო. კითხვები უნდა მიგეწერა წერილში – რამდენი სიტყვაა ლიმიტირებული, გამარჯვებულს სად უშვებთ, რომელ ქვეყანაში და ესეს გამოგზავნის დედლაინი როდის არის. მოსასმენი ჩემთვის ადვილი იყო, ყველა სიტყვა გასაგები იყო. პირადად ჩემთვის, ყველა დავალება იმაზე მარტივი აღმოჩნდა, რაც მომზადების პერიოდში გამიკეთებია. თუნდაც სიტყვების ჩასმაში ისეთი სიტყვა არ ყოფილა, რომელიც არ ვიცოდი. ტექსტის გააზრება უნივერსიტეტზე მოვიდა. მე პირადად 80 ქულაზე ზევით უდნა ავიღო“, – გვითხრა ანი ტოტოღაშვილმა, რომელიც თსუ-ში, არქეოლოგიის ფაკულტეტზე აბარებს.

175-ე სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრის აბიტურიენტები:

„მე რუსულენოვანი ვარ და ჩემთვის რთული არ იყო 5 მოსასმენი ტექსტი იყო და 10 კითხვა ანუ თითო ტექსტზე 2 კითხვა. გრამატიკული დავალებებიც მარტივი იყო, ნამდვილად არ გამჭირვებია. ესე იყო დასაწერი ეთანხმებით თუ არა რომ საზღვარგარეთ უფრო შეიძლება კარგი განათლების მიღება ვიდრე ჩვენთან “, – გვითხრა 175-ე საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

„რუსული ნამდვილად მარტივად დავწერე. მოსასმენი ტექსტებიც მარტივი იყო, ხმაც კარგად მესმოდა და პრობლემა არ შემქმნია. ესე იყო დასაწერი, საზღვარგარეთ უფრო გაქვს კარგი განათლების მიღების შესაძლებლობა თუ საქართველოშიო. გრამატიკული ნაწილიც მარტივი იყო“, – გვითხრა გურამმა.

რაც შეეხება ინგლისურის გამოცდას. მოსასმენი ტექსტი ამ შემთხვევაშიც 5 იყო, აპლიკანტების თქმით,  გრამატიკული ჩასასმელი სიტყვებიც არ იყო რთული, თუმცა ფიქრობენ, რომ შესაძლოა, ზოგიერთ ადგილზე ორი სავარაუდო სწორი პასუხი ყოფილიყო.

„5 ტექსტი მოვისმინეთ და თითო ტექსტიდან შემდეგ 2-2 კითხვას ვუპასუხეთ. შარშანდელთან შედარებით, დღეს ხმის პრობლემა არ ყოფილა. შარშან მითხრეს, რომ მაგნიტოფონს რთავდნენ და ახლა დიდი დინამიკები იყო, ხმა კარგად გვესმოდა. ტექსტებსაც ორჯერ მოვუსმინეთ, თან მოსმენამდე 20 წამი გვქონდა რომ კითხვებისთვის წინასწარ გადაგვეხედა და შემდგომ ჩაგვირთეს მოსასმენი. რაც შეეხება ესეს, შემდეგი თემა იყო – რა უფრო მნიშვნელოვანია, საინტერესო სამსახური თუ მაღალი ხელფასი.

მე წერილი ლიტერატურულ კონკურსზე შემხვდა, რომელიც დეკემბრის ბოლოს იქნებაო და კითხვები უნდა დაგესვა, ზუსტად როდის იქნება კონკურსი, რამდენი იყო სიტყვების ლიმიტი და რომელ ქვეყანაში აგზავნიან გამარჯვებულს. გრამატიკულ ნაწილში იყო სიტყვები ჩასასმელი, სადაც ზოგან ორი სიტყვა ესადაგებოდა ერთ საკითხს და, ალბათ, ორივე სწორად ჩაითვლება“, – გვითხრა ანანომ.

გამოცდები 2018

ავტორები::

ცისანა შერგილაშვილი, გვანცა ღვედაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური