GE

აბიტურიენტს გეოგრაფიის გამოცდაზე ისეთი საკითხებიც შეიძლება შეხვდეს, რაც სახელმძღვანელოში შეტანილი არ არის

2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე გეოგრაფიის საკითხებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები დაემატა. ეს ნიშნავს იმას, რომ აბიტურიენტს შეიძლება გამოცდაზე ისეთი საკითხი შეხვდეს, რომელიც ამ დროისთვის აქტუალურია, თუმცა სახელმძღვანელოში შეტანილი არ არის.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით გოგელიძე ახალგაზრდებს ურჩევს, თვალი ადევნონ საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე თანამედროვე მოვლენებს, რომ საკითხში უკეთ გარკვევა შეძლონ.

„ჩვენ მოგეხსენებათ ვეყრდნობით ეროვნულ სასწავლო გეგმას, და იქ ერთ-ერთი უნარი არის ინფორმაციის მოძიება, სამწუხაროდ ასეთი პრობლემაა ჩვენს რეალობაში, რომ წიგნი როდესაც გრიფირებას იღებს, მერე 7-8 წლის განმავლობაში მისი განახლება არ ხდება და უახლესი ინფორმაციები არ არის ხოლმე ასახული. მაგალითად, შარშან იყო კითხვა „ბრექსითის“ შესახებ, ეს არის გლობალური მასშტაბის მოვლენა. ანუ, ევროკავშირს რომ სწავლობენ, მასთან მიმართებაში შესაძლებელია ამ საკითხზე მსჯელობა. ვთქვათ, შეიძლება, რომელიმე სახელმწიფო გაწევრიანდეს, რომელიმე გამოვიდეს ევროკავშირიდან, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები წესით ბავშვებმა მასწავლებელთან ერთად უნდა გაიარონ. ჩვენი მიზანია, რომ ისეთი მოქალაქეები გავზარდოთ, რომლებსაც ცხოვრების პულსზე უჭირავთ ხელი და ყველა აქტუალური საკითხი იციან. ეს ეხება მხოლოდ იმ საკითხებს, რომლებიც შედის ეროვნულ სასწავლო გეგმაში: ევროკავშირი, ნატო და ა.შ.

„ჩვენ ვართ კანდიდატი ქვეყანა და სანამ ახალი სახელმძღვანელოები გამოვა, ღმერთმა ქნას, რომ ნატოს ან ევროკავშირის წევრები გავხდეთ და ხომ არ ვასწავლით ისევ ძველ ინფორმაციას?! იგივე საქართველსოთან მიმართებაში, მაგალითად, ბოლო აღწერის მონაცემებით, მოსახლეობა სახელმძღვანელოში 4 მილიონ-ნახევარია, რეალურად ახალი მონაცემების მიხედვით კი 3 მილიონ 700 ათასია. აბიტურიენტებმა მსგავს მნიშვნელოვან საკითხებს უნდა მიადევნონ თვალი. წესით და რიგით მასწავლებელთან ერთად უნდა მსჯელობდნენ მე-11 კლასში, როცა გლობალურ  გეოგრაფიას გადიან და  დისკუსიები ჰქონდეთ ხოლმე  სწორედ ასეთ აქტუალურ საკითხებზე“, – ამბობს დავით გოგელიძე EDU.ARIS.GE -სთან საუბარში.

ეროვნული გამოცდების ცენტრის წარმომადგენლის მოსაზრებას ეთანხმება გეოგრაფიის პედაგოგი მიმოზა კუპატაძე, მისი თქმით, მე-11 კლასში, რა თქმა უნდა, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს გადიან და მსჯელობენ კიდეც, მაგრამ იმასაც აღნიშნავს, რომ მოზარდების ნაწილი ტელევიზიით არ ინტერესდება და შესაძლებელია მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაცია გამორჩეს.

„ბუნებრივია, სახელმძღვანელოში ვერ მოხვდება ისეთი საკითხები, რაც მიმდინარეა, მაგრამ მასწავლებელი აბა რისთვისაა თუ დაკავშირება არ მოახდინა?! მე-11 კლასში გვაქვს გლობალური გეოგრაფია და მსგავს საკითხებზე ვმსჯელობთ, ეს ისეთი ინფორმაციაა, რაც ძირითადად ტელევიზიით და ინტერნეტით უნდა მოიპოვოს ადამიანმა, მაგრამ ვისაც არც ტელევიზიის მოსმენა აინტერესებს და არც გაკვეთილის, არ გამოვრიცხავ, რომ მნიშვნელოვანი სიახლეები გამოეპაროს”, – ამბობს პედაგოგი.

„ვერ ვხვდები რატომაა ბავშვი ვალდებული იჯდეს ტელევიზორთან და საინფორმაციო გამოშვებებს უყუროს? კარგი იქნება გამოცდებზე ისეთი საკითხები ჰქონდეთ შეტანილი, რაც წიგნებშია და ექსპერიმენტებს არ ატარებდნენ. რეალურად გამოცდა სკოლაში მიღებულ ცოდნას უნდა ამოწმებდეს ასე არაა? იქნებ არ მაქვს შესაძლებლობა და ვერ დავატარებ რეპეტიტორთან ბავშვს, რომ ეს მსოფლიო პრობლემები აუხსნას“, – ამბობს აბიტურიენტის მშობელი ლალი მიქაშავიძე ჩვენთან საუბარში.

მე-12 კლასელი ბერდია სოფრომაძე ეროვნული გამოცდებისთვის აქტიურად ემზადება ის ამბობს, რომ მაღალი ქულის მიღება სურს, ამიტომ მსოფლიოს მნიშვნელოვან ამბებს ინტერნეტის და რეპეტიტორის დახმარებით იძიებს.

„წიგნები 7-8 წლის დაბეჭდილია, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ახალი აღწერის შედეგებიც არაა შიგნით მოცემული, ყველაფერი ძველი აღწერის ისწავლება. რაც შეხება მსოფლიოში მიმდინარე თანამედროვე პროცესებს, თვალყურს ინტერნეტით ვადევნებ, ნუ რეპეტიტორიც გვეხმარება. მაგალითად ვიცი, რომ შარშან იყო ასეთი კითხვა: რა მიზეზების გამო ტოვებს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს? ეს უახლესი ისტორიაა, ამიტომ თუ ისე არ გქონდა მოსმენილი ტელევიზორში ან ინტერნეტში, ვერ მოახერხებდი პასუხის გაცემას. არადა, თუ მაღალი ქულა გინდა, აუცილებელია იცოდე უახლესი პროცესები“, – აცხადებს აბიტურიენტი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

„ნაეკის“ გეოგრაფიის ჯგუფის ხელმძღვანელის განმარტებით, აბიტურიენტებს ზოგადად, ყველაზე მეტად, ე.წ ღია ტიპის დავალებები უჭირთ, ამიტომ ყველა მათგანს ამ საკითხზე ყურადღების გამახვილებას ურჩევს და 1 ივნისს, საცდელ ტესტირებაზე იწვევს, რომელიც თბილისში 166-ე სკოლაში უნდა გაიმართოს.

„ზოგადად, ყველაზე მეტად უჭირთ ხოლმე ე.წ ღია დავალებების შესრულება, სადაც სჭიდებათ ინფორმაციის ანალიზი საკუთრი მოსაზრებების გამოთქმა და არგუმენტირებული დასაბუთება, ამას მიაქციონ ყურადღება. ჩვენ უკვე დავაანონსეთ, ვატარებთ საცდელ ტესტირებას 1 ივნისს თბილისში, 166-ე სკოლაში. 11 ათასამდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული გეოგრაფიის გამოცდაზე, მათ შორის ნახევარი თბილისში, თუმცა საცდელ ტესტირებაზე  ჯერ 200 ბავშვია დარეგისტრირებული. მოვუწოდებ მოვიდნენ და კარგ რეპეტიციას გაივლიან ეროვნული გამოცდების წინ“, – აღნიშნავს დავით გოგელიძე.

როგორც ცნობილია, 2019 წლის გეოგრაფიის გამოცდის ტესტურ დავალებებს წელს ცვლილებები შეეხო

  • ტესტში გაიზრდება ე.წ. ღია დავალებების ხვედრითი წილი, რომლებიც კიდევ უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ცოდნის გამოყენებასა და ანალიზზე;
  • შემცირდება ე.წ. არჩევითპასუხებიანი კითხვების წილი და დაემატება 1, 2, 3 და 4 ქულიანი ღია დავალებების ბლოკი;
  • ტესტში უცვლელია შემდეგი დავალების ტიპები: კითხვა არჩევითი პასუხებით; რუკის ანალიზი (ფიზიკური და ტოპოგრაფიული); ინფორმაციის ანალიზი;
  • ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 60 ნაცვლად 59-ისა;

გეოგრაფიის დავალებების ნიმუში

აბიტურიენტებს გამოცდაზე კვლავინდებურად დაურიგდებათ საქართველოსა და მსოფლიოს A3 ფორმატის ფიზიკური რუკები და შესაბამისი დავალებისათვის გათვალისწინებული ტოპოგრაფიული რუკები.

წელს არჩევით საგნად ყველაზე მეტი აბიტურიენტი გეოგრაფიას და ისტორიას ჩააბარებს – სტატისტიკა საგნების მიხედვით

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური