GE

აჭარის მთავრობამ შესაძლოა, სკოლის დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს დათხოვნის უფლება მიიღოს

შესაძლოა აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროებს ზოგადი განათლების სფეროში უფლებები გაეზარდოთ და მათ დირექტორების დათხოვნის უფლება მიანიჭონ. ამ ცვლილებას ითვალისწინებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საქართველოს პარლამენტს ახლო მომავლში უნდა წარუდგინონ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ლადო მგალობლიშვილი განცხადებით, „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებით იზრდება ავტონომიური რესპუბლიკების უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში. მისივე თქმით, პროექტით, ზემოთ აღნიშნულ უწყებებს საშუალება ეძლევათ შეისწავლონ ცალკეული გადაცდომები, რის შემდეგაც უფლებამოსილნი იქნებიან, საჯარო სკოლას მისცენ წერილობითი გაფრთხილება. ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, ამავე უწყებებს ენიჭებათ უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტონ დირექტორს ან დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს უფლებამოსილება. თუ საჯარო სკოლა ერთი წლის განმავლობაში ორ წერილობით გაფრთხილებას მიიღებს. მათ ასევე ეძლევათ საშუალება დაითხოვონ სამეურვეო საბჭო.

„კანონპროექტი მნიშვნელოვნად აძლიერებს ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებებს ზოგადი განათლების სფეროში, უფრო კონკრეტულად, ხდება დელეგირება აუდიტისა და ინსპექტირების ფუნქციების შესაბამისი განათლების სამინისტროებისადმი. ჩვენს სამინისტროებს როგორც აფხაზეთში, ასევე აჭარაში ექნება უფლებამოსილება გამოიკვლიონ სხვადასხვა დარღვევები საჯარო სკოლებში, მისცენ წერილობითი გაფრთხილება დირექტორებს ან მოვალეობის შემსრულებლებს, მეორე წერილობითი გაფრთხილების შემთხვევაში გაათავისუფლონ ისინი. იმ შემთხვევაში კი თუ დადგენილ ვადაში არ მოხდა დარღვევის აღმოფხვრა, დაითხოვონ როგორც დირექტორი, ასევე სამეურვეო საბჭო. ჩვენი მიზანია, რომ აჭარაში არსებულ 229 საჯარო სკოლაში მოხდეს სასწავლო ხარისხის ამაღლება, აქამდე ზემოთდასახელებულ ფუნქციებს ასრულებდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, ექვსთვიანი მუშაობის შემდეგ მიღწეულია შეთანხმება სამინისტროსთან და პარლამენტშიც მოვახდენთ ინიცირებას“,- ამბობს ლადო მგალობლიშვილი.

როგორც კანონპროექტის ინიციატორმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა აქამდე მსგავსი საკითხები ბიუროკრატიული პროცედურების გამო გართულებული იყო. „მაგალითად, როცა პირველ საჯარო სკოლას მიეცა რეკომენდაცია დირექტორის გათავისუფლების შესახებ, ამ შემთხვევაში სკოლის სამეურვეო საბჭო წერდა საქართველოს განათლების სამინისტროს წერილს, შემდეგ საპასუხო წერილი ისევ იგზავნებოდა აჭარაში, შემდეგ ისევ აჭარის განათლების სამინისტრო აგზავნიდა საპასუხო წერილს და იქედან პასუხი უბრუნდებოდა სამეურვეო საბჭოს. ასეთი ბიუროკრატია შემცირდება და უფრო ადვილად მოხდება გადაწყვეტილებების მიღება,“ – ამბობს ლადო მგალობლიშვილი.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური