GE

აჭარის საჯარო სკოლების 70 წარჩინებული მოსწავლე კსუ-ში ხუთასლარიანი შეღავათით ისწავლის

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე, ოთხი წლის განმავლობაში, ხუთასლარიანი შეღავათით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნებისმიერი საჯარო სკოლის სამოცდაათი წარჩინებული მოსწავლე ისარგებლებს. მათგან ოცდაათს მიღებული გრანტის სასურველ საბაკალავრო პროგრამაზე გამოყენების საშუალება ექნება.

ხუთასლარიანი ფასდაკლებით ისარგებლებს ასევე ის ოცდაათი მოსწავლე, რომელიც განათლების მიღებას უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე გადაწყვეტს.

გარდა ამისა, ფინანსური შეღავათის გამოყენების საშუალება მიეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მასშტაბით ათ მოსწავლეს, რომელიც სწავლას ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საგანმანათლებლო პროგრამაზე განაგრძობს.

ინიციატივა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებსა და ადგილობრივი რესურსცენტრების ხელმძღვანელებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა, მულტიმედია ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, გააცნო.

შეხვედრისას ვახტანგ წივწივაძემ ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრა და დამსწრეთ სასწავლო გრანტის დამადასტურებელი მოწმობები, სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად გადასცა.
სასწავლო გრანტის მფლობელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესურსცენტრები კონკურსის წესით გამოავლენენ.

შეხვედრისას უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის მიღწევებზე, პრიორიტეტებსა და მიზნებზე ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჭალაგანიძემ ისაუბრა. მიმდინარე პროექტებსა და სამუშაო პროცესში სტუდენტების ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა სულხან მელაძემ.

შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხუთასლარიანი ვაუჩერით სარგებლობის შესაძლებლობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა, ბორჯომისა და ყვარლის წარჩინებულ მოსწავლეებსაც აქვთ. მომავალში სასწავლო გრანტი ხელმისაწვდომი სხვა რეგიონების მოსწავლეებისთვისაც გახდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური