GE

ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ავტორიზაცია 2019 წლის პირველი აპრილიდან 2020 წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს

2019 წლის პირველი აპრილიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე, თითოეულმა მუნიციპალიტეტმა ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ეტაპობრივი ავტორიზაცია უნდა უზრუნველყოს.

შესაბამისი ცვლილებები „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე არიან.

ინიციატორების განმარტებით, აღნიშნული კანონი 2016 წელს მიიღეს,  რომლის გათვალისწინებით, სკოლამდელი განათლების რეფორმა ხუთ მიმართულებას აერთიანებს. კერძოდ, დაწესებულებაში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების შემუშავებას, შენობა-ნაგებობის, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობას, სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვას, კვებისა და რაციონის კვებითი ღირებულების სტანდარტის შემუშავებას, ასევე დაწესებულებაში სათანადო კვალიფიკაციისა და გამოცდილების ადამიანური რესურსის უზრუნველყოფას.

„ამ მიმართულებების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, მათი სრულყოფილად და ყველა სტანდარტის გათვალისწინებით შემუშავება, რაც დამატებით დროს საჭიროებს. ასევე, გარკვეულ ვადებს მოითხოვს მათი პრაქტიკაში დანერგვა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის ეფექტური განხორციელებაც“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

წყარო: 1tv

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური