GE

აფხაზური ენის შესწავლის მსურველებისთვის სახელმძღვანელო გამოიცა

აფხაზური ენის შესწავლის მსურველებისთვის სახელმძღვანელო გამოიცა. წიგნის „აფხაზური ენა დამწყებთათვის“ პრეზენტაცია ბათუმში, აჭარის მწერალთა სახლში შედგა.

დამხმარე სახელმძღვანელო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ, აფხაზური ენის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა.

წიგნის შემდგენლები არიან: თეიმურაზ გვანცელაძე, რიტა ამიჭბა-მარღანია და ირმა ოსია-კინწურაშვილი. მათი განმარტებით, წიგნში მოცემული გაკვეთილების და თემების განხილვა დაეხმარება მკითხველს, შეისწავლოს წერა-კითხვა აფხაზურ ენაზე, გაეცნოს ხშირად გამოყენებად სიტყვებსა და ფრაზებს, შეიძინოს დიალოგის წარმართვისთვის აუცილებელი ლექსიკური მარაგი.

ღონისძიების მონაწილეებმა აფხაზური ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ წიგნი ხელს შეუწყობს აფხაზური ენის, კულტურისა და იდენტობის შენარჩუნებასა და მის განვითარებაზე ზრუნვას. პრეზენტაციაზე აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზურ ენაზე მინი-სპექტაკლი „ყელში მობჯენილი მონატრება“ წარადგინეს. ფერიის საჯარო სკოლისა და აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კი აფხაზურ ენაზე წაიკითხეს ნაწყვეტები შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“. აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები აფხაზურ ენაზე.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური