GE

„აი, ასეთ მასწავლებელს უნდა ჰქონდეს ნამდვილად ნულოვანი მიმღებლობა ყველგან…“

გიორგი მურღულია, ფილოლოგიის დოქტორი, განათლების საკითხების სპეციალისტი

მასწავლებელი ან ხარ, ან – არა. თუ ხარ, ხან ასწავლი, ხან – ვერა. თუ ასწავლი, ან სწავლობენ, ან – არა. თუ სწავლობენ, ხან გამოსდით, ხან – არა. თუ გამოსდით, ხან უფასდებათ, ხან – არა.

რამდენ რამეზეა დამოკიდებული კარგი შედეგი, როცა მართლა ასწავლი. და თუ კარგად ვერ ასწავლი? მაშინ ვიღაცამ ეს უნდა გითხრას, რომ ბავშვები არ მოატყუო – მასწავლებლის ცუდ ან ყალბ მუშაობას არ შეიძლება რაიმე მიზეზი ამართლებდეს. აი, რას უნდა ჰქონდეს ნამდვილად ნულოვანი მიმღებლობა ყველგან – „მასწავლებელს“, რომელიც საკუთარ მოსწავლეებს ატყუებს ანუ ვერც აკადემიურად ზრდის მათ და ვერც ზნეობრივი თუ ღირებულებითი თვალსაზრისით.

ასეთები, სამწუხაროდ, მრავლად მინახავს და ახლაც ვხედავ. თუმცა მათ ჩვენი ე.წ. სქემა გონივრულად შესატყვის სახელს ვერ არქმევს.

რაღაც მოჯადოებულ წრეში ვართ: ზედმეტად ცენტრალიზებულ შეფასებას მოინდომებ – უამრავი ქაღალდი გროვდება და ზოგადი მზერის იქით ძნელად მიდიხარ. მთლიანად სკოლას მიენდობი და – ისეთი კორუფცია წამოტივტივდება, მტერსა და ავს. სახელმწიფო ყოველთვის პირველისკენ იხრება – სქემას ფული ებმის და კონტროლის ხელიდან გაშვება არ უნდა. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილიც, ამავე მიზეზის გამო, იგივეს ამბობს – სკოლაში დასაქმებული ადამიანების კვალიფიკაცია და ცხოვრებისეული პრინციპები ჯერ საკმარისად მაღალი არ არის და სახელმწიფო სახსრებს ხომ არ გავანიავებთო (თითქოს სხვა სფეროებში ცაში ვარსკვლავებს ვკრეფთ).

საზოგადოების მეორე ნაწილი საჭიროდ მიიჩნევს, სკოლებს ფართო ავტონომია, დიდი თავისუფლება მივცეთ, სრულად ვენდოთ, რომ ცხოვრების დემოკრატიზაციის პირობებში „ცურვა“ ისწავლონ და შეძლონ. ჯერ–ჯერობით სადღაც შუაში ვართ გაჩხერილი და კაცმა არ იცის, როდის გავთავისუფლდებით ორივე ხედვის უკიდურესობათაგან.

ამასობაში კარგი მასწავლებელი ისევ მეტწილად შეუფასებელი და დაუფასებელი გვრჩება (ეროვნულმა ჯილდომ ამ მიმართულებით საქმე ცოტა გამოასწორა), ვიღაცები უკეთ სულ არ ასწავლიან, მაგრამ კარიერულ კიბეზე რატომღაც მაინც ზემოთ მიიწევენ. ზოგ პედაგოგს საერთოდ არანაირი მოტივაცია არ აქვს და… ვართ ასე. მოგვიმრავლდნენ „უფროსი“ და „წამყვანი“ მასწავლებლები, განათლების ხარისხი კი ისე არ მაღლდება, როგორც სასურველია.

მთავრობამ გამოაცხადა, რომ არსებითად გაზრდის განათლების დაფინანსებას და ამ სფეროს გამოკვეთილად რეალურ პრიორიტეტად აქცევს. ეს კარგია, თუმცა ფული საქმის წარმატების მხოლოდ ერთი განზომილებაა. მეორე განვითარების ხედვა და გეგმაა. მესამე – განმახორციელებელი კადრები. და მეოთხე – მონიტორინგის მკაფიო და სამართლიანი სისტემა. ამას უნდა დაემატოს საზოგადოების გაცნობიერებული ჩართულობა.

ვნახოთ, რა გამოვა.

სიტუაცია საკმაოდ რთული და დამაფიქრებელია.

ჩვენი ვალია, შევაფასოთ, რამდენად გონივრული და სათანადოდ გათვლილი ნაბიჯები გადაიდგმება.

ისიც უნდა დავინახოთ, შევძლებთ თუ ვერა ამ ნაბიჯებისა და მიღებული შედეგების ობიექტურ საჯარო შეფასებას. ასევე – პერსონალურ პასუხისმგებლობათა გაანალიზებას და განსაზღვრას.

ქვეყანა თავის გმირებსაც სათანადოდ უნდა აფასებდეს (წარმატების შემთხვევაში – ღვაწლის შესაბამისად) და ანტიგმირებსაც (წარუმატებლობის, არსებითი შეცდომის ან, მითუმეტეს, დანაშაულის შემთხვევაში) საკადრისად ექცეოდეს.

„მერე რა მოხდასა“ და სახელმწიფოს ხარჯზე „მიტევების“ ქართული „პრინციპი“ უბრალოდ ამაზრზენი და დამღუპველია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის.

წარმატებას ვუსურვებ ქართულ სახელმწიფოს განათლების რეფორმის გააზრებისა და განხორციელების გზაზე. აქ თითქოს ახალი საინტერესო იდეები გამოჩნდა და ამას ფრთხილი ოპტიმიზმით მინდა შევხედო.

მეორე მხრივ, ვისაც ამ სფეროში ჭკუა მოეკითხება (არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი მათი უმრავლესობაა, რომლებიც, ჩვეულებრივ, ამ ველზე ჩანან ხოლმე), ვალდებულია სისტემას დაეხმაროს კიდეც, რითაც შეუძლია და პრინციპულად გააკრიტიკოს კიდეც, თუ ამის საჭიროებას დაინახავს.

მალე ყველაფერი თვალსაჩინო გახდება – განზრახვებიდან მოქმედებაზე გადასვლის დრო დგება.

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური