GE

„აირჩიე სიკეთე” – გვირჩევს ქართული ენისა და ლიტერატურის წლის საუკეთესო მასწავლებელი

ნათია ფურცელაძე,  2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის საუკეთესო მასწავლებლი

ახლა
მე მასწავლებელი ვარ.

10 წლის წინ
პირადი ბიბლიოთეკის შეგროვება სტუდენტობისას დავიწყე. სტიპენდიით ნაყიდი წიგნები ერთ თაროს ძლივს ავსებდა. დიდად არ მიყვარდა ამ წიგნების ,,განათხოვრება”.

21 წლისამ ერთი ლექტორი გავიცანი. შაბათობით მქონდა მისი ლექციები. კვირაში 5 წიგნი მოჰქონდა ჩემთვის, სახლში მატანდა, მომდევნო შაბათამდე რამდენსაც შევძლებდი, იმდენი უნდა წამეკითხა და მერე უკან დამებრუნებინა. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ვასწრებდი. ასე წავიკითხე ამელი ნოტომი, მილორად პავიჩი, ენტონი ბერჯესი, ბორის ვიანი, პატრიკ ზიუსკინდი, აკა მორჩილაძე, გივი მარგველაშვილი, ზაზა ბურჭულაძე, ლაშა ბუღაძე, ზურა ქარუმიძე და კიდევ სხვები. რომ არა ის სემესტრი და ის ადამიანი, არ ვიცი, ამ ავტორებს როდის გავიცნობდი ან თანამედროვე ქართული ლიტერატურა ასე თუ შემიყვარდებოდა.
მაშინ ბევრ რამეს მივხვდი, მათ შორის, იმასაც, რომ ჩემი წიგნებიც უნდა გამენათხოვრებინა. მერე ნელ-ნელა წიგნის სიყვარულის გაზიარებაც ვისწავლე. ახლა აღარ მაშინებს ჩემი

გაცრეცილყდიანი წიგნები, პირიქით, რაც უფრო მეტი ადამიანი წაიკითხავს, მიხარია. თითების ნაკვალევი აცოცხლებს ფურცლებს და ვხვდები, როგორ შეირჩინეს მკითხველების ფიქრი, ემოცია და მინაწერები.

1 წლის წინ
1 წლის წინ ერთი წიგნი წავიკითხე – ,,თევზი ხეზე”.
მოსწავლეებთან ერთად. იმ მოსწავლეების დამრიგებელმაც წაიკითხა. მათემატიკის, ისტორიის და ბუნებისმეტყველების მასწავლებლებმაც.
მერე მოსწავლეების მშობლებმაც წაიკითხეს.
დედაჩემმაც წაიკითხა. მამიდაჩემმაც. ჩემმა სტუდენტებმაც. ჩემმა მეგობრებმაც.
და დღეს თუ კარგად დააკვირდებით, ბევრი ადამიანის თითის ანაბეჭდს იპოვით მის გვერდებზე.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ერთ დღეს მოსწავლემ მითხრა, ბოლოს, წიგნს როცა ვკითხულობდი, გვერდებს ვტოვებდი, მალე მინდოდა დამემთავრებინაო. არ ველოდი ასეთ პასუხს, მაგრამ გამახარა მისმა გულწრფელობამ. გადავწყვიტე, ისეთი სამკითხველო თავგადასავალი წამომეწყო მოსწავლეებთან ერთად, რომ მათ გვერდების გამოტოვების სურვილი არ გასჩენოდათ. მოვალეობის მოხდის მიზნით არ წაეკითხათ, სწრაფად გადაფურცვლის ნაცვლად თითოეულ ამბავზე ეფიქრათ, პერსონაჟების საქციელი შეეფასებინათ.
მთავარი პირობა ასეთი იყო: უნდა წაგვეკითხა წიგნი, რომელიც იქამდე არც ერთ ჩვენგანს წაკითხული არ ჰქონდა. ნებისმიერს შეეძლო, უარი ეთქვა ამ ექსპერიმენტში მონაწილეობაზე.

მერე ერთად მოვიფიქრეთ სიმბოლოები, კითხვის დროს ჩვენი ემოციები ასე უნდა გამოგვეხატა.

მეშვიდეკლასელებისთვის საკითხავი მე უნდა შემერჩია. ბევრი ვიფიქრე. გადაწყვეტილი მქონდა ის, რომ ბავშვებს ,,აირჩიე სიკეთის” სერიის რომელიმე წიგნს შევთავაზებდი.

ყოველთვის ვენდობი ამ სერიას. წაკითხვამდეც კი ისეთი განცდა მაქვს, რომ მისი ნებისმიერი წიგნი საინტერესო იქნება და ბევრ რამეს მასწავლის არა მარტო მე, ბავშვებსაც. ჯერჯერობით იმედი არ გამცრუებია. ბავშვებს ამ წიგნებში შეკითხვებზე პასუხების პოვნა შეუძლიათ. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ ,,ულისი” წავიკითხე, გავიცანი გოგონა, რომელიც დედასა და მამინაცვალთან ერთად ცხოვრობს და იტანჯება გაურკვევლობით, ვერ დაუდგენია, მამამ მიატოვა თუ იმიტომ აღარ ეხმიანება, რომ გარდაიცვალა. შეუძლებელია, ეს წიგნი წაიკითხო და ვერ გააცნობიერო, როგორ სჭირდებათ ბავშვებს სიმართლე.
ოდესმე აუცილებლად დავწერ ჩემი და ამ სერიის პირველი წიგნის ამბავს, იმასაც, როგორ ამოვიკითხე 4 წლის წინ მოსწავლის ნაწერში ,,საოცრება” და მომინდა გამეცნო წიგნი, რომელმაც ჩემი მოსწავლე აღაფრთოვანა. კიდევ ბევრი მიზეზი მაქვს ნდობისთვის. ამიტომაც, მაღაზიაში რომ შევაბიჯე, პირდაპირ ,,აირჩიე სიკეთის” თაროს მივაშურე.

,,თევზი ხეზე” არის წიგნი, რომელიც ყველა მოსწავლემ და მასწავლებელმა უნდა წაიკითხოს” – ვერაფერს იტყვი, ყდაზე ისეთი ფრაზა ამოვიკითხე, რომ ინტერესი აღმიძრა. ამ წიგნით კიდევ იმის გამო დავინტერესდი, რომ:
– გამოცდილი მკითხველები რეკომენდაციას უწევდნენ;
– ვიფიქრე, ინკლუზიური განათლების შესახებ ცნობიერებას აგვიმაღლდებდა, რადგანაც, როგორც ანოტაციაში წერია, მთავარ პერსონაჟს, ელის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება აქვს, კერძოდ, დისლექსია – წერა-კითხვის უნარის დარღვევა.

ეს წიგნი იმაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემი და ჩემი მოსწავლეების ცხოვრებაში, ვიდრე წარმოვიდგენდი. თანაც ჩვენ გვეძღვნებოდა:

ნიშანთა სისტემით კითხვამ კი უყურადღებოდ არ დაგვატოვებინა არც ერთი სიტყვა.

წიგნი რომ დავასრულე, მაშინ ვირწმუნე იმ სიტყვების, რომლებიც თავდაპირველად ყდაზე ამოვიკითხე, უფრო სწორად, დავეთანხმე. ,,თევზი ხეზე” მართლაც არის წიგნი, რომელიც ყველა მასწავლებელმა და მოსწავლემ უნდა წაიკითხოს.

არ ვიცი, რატომ, მაგრამ პასუხისმგებლობა ვიგრძენი, როგორც მკითხველმა, როგორც მასწავლებელმა. მინდოდა და დღემდე მინდა, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა წაიკითხოს ეს წიგნი. რატომ?

  • იმიტომ, რომ არ დაგვავიწყდეს, ყველა მოსწავლეს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება!
  • იმიტომ, რომ მასწავლებლებმა მოსწავლის თვალითაც შევხედოთ სასწავლო პროცესს!
  • იმიტომ, რომ გავიგოთ, რა არის დისლექსია!
  • იმიტომ, რომ უფრო ემპათიურები გავხდეთ!

ჩემი და ამ წიგნის ისტორია აქ არ მთავრდება. ,,თევზი ხეზე” საზაფხულო ლიტერატურული კლუბის მოწყობაშიც დამეხმარა. ჩემმა მოსწავლეებმა ბაღდათში თავიანთი წიგნები გამატანეს, იქ კი 30-მდე ბავშვმა და მასწავლებელმა წაიკითხა. მერე ბევრი ვიმსჯელეთ. ბევრ რამეზე დავფიქრდით.

წინა სემესტრში ჩემს სტუდენტებსაც შევთავაზე, წაეკითხათ. მადლიერები იყვნენ, რომ ,,თევზი ხეზე” გავაცანი. წიგნის დღეებზე წასულებმა შეიძინეს, ისეთი წიგნია, გვინდა, ჩვენს პირად ბიბლიოთეკაშიც გვქონდეს, მასწავლებლობის დროს გამოგვადგებაო.

1 თვის წინ
ცოტა ხნის წინ სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა – ,,სწავლა-სწავლება უწყვეტი განათლებისთვის”. ჩემს მოხსენებაში იმაზე ვსაუბრობდი, რამდენად მნიშვნელოვანია კითხვის მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენება და ეს როგორ გვზრდის ჩვენც, მასწავლებლებს, და რამდენ რამეს გვასწავლის ზრდასრულობისას. დასტურად ჩემი პირადი მაგალითი მოვიყვანე და ,,თევზი ხეზე” ვახსენე. კონფერენციაზე ქუთაისელი კოლეგები გავიცანი, ძალიან საინტერესო ახალგაზრდა მასწავლებლები.

1 თვის წინ ერთ-ერთი სოციალურ ქსელში მწერდა, რომ ,,თევზი ხეზე” წაიკითხა და უკვე თავის მეგობარ მასწავლებლებს სთხოვდა, წაეკითხათ ეს წიგნი.
ძალიან ბედნიერი ვიყავი.

ახლა
ახლაც ბედნიერი ვარ.

R

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური