GE

აკადემიური თავისუფლება და ცოდნა ცხოვრებისთვის – სტუდენტები გორის უნივერსიტეტის შესახებ

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი სტუდენტებს მაღალი დონის სწავლას,  კომფორტულ გარემოს და მათზე მორგებულ პირობებს სთავაზობს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ერთადერთია რეგიონში, სადაც ჩარიცხვა და სწავლის გაგრძელება ბევრი აბიტურიენტის ოცნებაა, ხოლო ისინი ვინც გორის უნივერსიტეტში უკვე სწავლობენ, ამბობენ, რომ აქ სწავლის მაღალი დონეა და სტუდენტური ცხოვრებისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი სოფიკო თინიკაშვილი გვიყვება, რომ რეგიონში გორის უნივერსიტეტი თანამედროვე განათლების მიღების ერთადერთი კერაა, რომელიც მათ საშუალებას აძლევს დაეუფლონ არჩეულ პროფესიებს და მიიღონ ცოდნა, რომელიც მომავალ ცხოვრებაში გამოადგებათ.  სტუდენტი მათ, ვისაც ჯერ არ გადაუწყვეტია სად ისწავლოს, ურჩევს, არჩევანი გორის უნივერსიტეტზე გააკეთონ, რადგან თავად დარწმუნდნენ რამდენად ხარისხიანი და მაღალი დონის ცოდნის მიღებაა შესაძლებელი.

„გორის უნივერსიტეტი რეგიონში ერთ-ერთი სწავლის კერაა, სადაც მაღალი და ხარისხიანი განათლების მიღებაა შესაძლებელი. მე ავირჩიე გორის უნივერსიტეტში სწავლა  და დავრწმუნდი, რომ აქ მიღებული ცოდნა ჩემს სამომავლო განვითარებას აუცილებლად წაადგება. გორის უნივერსიტეტში არის შექმნილი მეგობრული გარემო, რაც სტუდენტებს ეხმარება კიდევ უფრო მოტივირებულები იყვნენ სწავლაზე და მიიღონ შესაბამისი ცოდნა. ამ სასწავლებელში ასწავლიან ისეთი პროფესორ-მასწავლებლები რომლებიც განსაკუთრებული თვისებებით და მაღალი პროფესიული ცოდნით გამოირჩევიან, რაც ვფირობ, არაერთი სხვა სასწავლებლისგან განსხვავებით, დიდი მიღწევაა. როცა რეგიონშივეა შესაძლებელი ხარისხიანი ცოდნის მიღება, სხვაგან წასვლაზე არ უნდა იფიქრო. მე ვურჩევ ყველა რეგიონში მცხოვრებ აბიტურიენტს, რომ დაიწყონ სწავლა გორის უნივერსიტეტში“, – ამბობს სოფიკო თინიკაშვილი.

აკადემიურ თავისუფლებაზე აკეთებს აქცენტს უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი უტა გოგიძე:

„ესაა უნივერსიტეტი, რომელიც გვაძლევს ცოდნას ცხოვრებისთვის. აქ არის სტუდენტებისთვის კომფორტული გარემო, რაც სხვა უმაღლეს სასწავლებლებში ნაკლებად გვხვდება. გორის უნივერსიტეტში არის ასევე აკადემიური თავისუფლება, რაც საგნების არჩევაში გამოიხატება. ჩემი გადაწყვეტილება, ამერჩია ამ უნივერსიტეტში სწავლა, აქაურმა პროფესორ–მასწავლებლებმა განაპირობა. ჩვენთან ყველა ის ლექტორი კითხულობს ლექციებს, ვინც თანამედროვე გამოწვევებს პასუხობს“.

სასწავლებლის და პროფესიის არჩევა ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, შეიძლება ითქვას, რომ  ამით განისაზღვრება შემდგომი ცხოვრების დიდი ნაწილი.  მირანდა ყაჩლავაშვილი ერთ-ერთია ვინც უმაღლესში სწავლის გაგრძელება გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გადაწყვიტა და როგორც ამბობს, ფინანსების მიმართულებით მაღალი დონის ცოდნაც მიიღო. ამბობს, რომ გორის უნივერსიტეტი იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის არის, სადაც თანამედროვე განათლების მიღება კვალიფიციური ლექტორების საშუალებით არის შესაძლებელი.

„გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი არის რეგიონში წამყვანი უნივერსიტეტის და სწორედ ამიტომ გადავწყვითე აქ მესწავლა. გარდა ამისა, ჩემმა დამაც გორის უნივერსიტეტი დაამთავრა და ესეც იყო განმაპირობებელი ფაქტორი. ჩემი გადაწყვეტილებით სრულიად კმაყოფილი ვარ, რადგან ერთის მხრივ, მე მომეცა შესაძლებლობა, რომ თანამედროვე განათლება მიმეღო და რაც ყველაზე მთავარია, უნივერსიტეტი განათლების ინტერნაციონალიზაციის პროცესში აქტიურად არის ჩართული.

„მიღებული მაქვს მონაწილეობა Erasmus+ის გაცვლით პროგრამაში და ამის ფარგლებში მომეცა საშუალება, მესწავლა საბერძნეთში, კერძოდ კი, ალექსანდრეს სახელობის თესალონიკის ტექნიკურ საგანმანათლებლო ინსტიტუტში. მინდა გითხრათ, რომ ამ პერიოდმა დიდი გამოცდილება შემძინა. სწავლის დამთავრების შემდეგ მე გორის უნივერსიტეტში დავსაქმდი და დღემდე აქ ვმუშაობ“, –  ამბობს გორის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული მირანდა ყაჩლავაშვილი.

გორის უნივერსიტეტი არსებობის 80 წელს ითვლის და როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი გვიყვება, აქ დასაქმებული არიან ქვეყნის მასშტაბით მოღვაწე გამორჩეული პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც სტუდენტებს საუკეთესო განათლებას აძლევენ.

გიორგი სოსიაშვილი ამბობს, რომ  უნივერსიტეტში შესაძლებელია ისეთი განათლების მიღება, რომელიც სრულ შესაბამისობაშია უმაღლეს სტანდარტებთან. რექტორი უნივერსიტეტში არსებულ მატერიალურ და ტექნიკურ ბაზაზეც ამახვილებს ყურადღებას და დასძენს, რომ შენობა ყველა საჭირო ინვენტარით არის აღჭურვილი, რაც საშუალებას იძლევა სტუდენტმა მისთვის სასურველი განათლება მიიღოს.

„ამ უნივერსიტეტში დასაქმებულია და მუშაობს ქვეყნის მასშტაბით მომუშავე და გამორჩეული პროფესორ-მასწავლებლების შემადგენლობა. ვფიქრობ, რომ როდესაც საუბარია თანამედროვე განათლების მიღებაზე, გორის უნივერსიტეტი არის ის ადგილი, სადაც სტუდენტს შეუძლია დაეწაფოს ცოდნას და მიიღოს ცოდნა ცხოვრებისათვის, რაც ჩვენი დევიზიც არის. აქ არის მოწესრიგებული მატერიალური და ტექნიკური ბაზა, გვაქვს რეაბილიტირებული კორპუსები, განახლებულია ავეჯი, არის კომპიუტერული ლაბორატორიები, გვაქვს წიგნების უმდიდრესი ფონდი.  ვფიქრობ,  რომ აქ არის ყველა პირობა შექმნილი იმისათვის,  რომ სტუდენტებმა მიიღონ შესაბამისი ცოდნა, რომელიც ცხოვრებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებაში გამოადგებთ“, – აცხადებს გორის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სწავლის მსურველების რიცხვი ყოველწლიურად მატულობს. სასწავლებელში აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ 18 საბაკალავრო, 17 სამაგისტრო პროგრამა და პროფესიული საგანმანათლებლო მიმართულება.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური