GE

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის შთამბეჭდავი გამარჯვება

ბიჭი, რომელზეც დღეს უნდა გიამბოთ, თავისი მიღწევებითა და ისტორიით, შეიძლება ითქვას, რომ სტიმულის მიმცემია ყველა იმ ახალგაზრდისთვის, რომელიც აქტიურ და საინტერესო სტუდენტობაზე, წარმატებულ კარიერასა და ევროპული განათლების მიღებაზე ოცნებობს. 20 წლის ქუთაისელმა საბა ხუჯაძემ უკვე შეძლო საკუთარი ბიოგრაფია არაერთი საამაყო და საინტერესო მიღწევით გაემდიდრებინა. სულ ახლახანს კი იგი, ქვეყნის მასშტაბით, ათეულობით სტუდენტში გამოარჩიეს და საბერძნეთში, არისტოტელეს უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში სასწავლებლად დაფინანსებით მიიწვიეს.

საბა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. სწავლის პარალელურად ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში სტაჟირებას გადის. ეს ყველაფერი არ არის. საბას ანგარიშზე უკვე არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კონკურსი, პროგრამა და პროექტია. სულ მალე იგი საბერძნეთში გაემგზავრება, იქიდან ჩამოსვლის შემდეგ კი კიდევ უფრო დიდი მიზნების ასასრულებლად თავდაუზოგავ მუშაობას აპირებს და ამ ყველაფერში უნივერსიტეტის მხარდაჭერის იმედიც აქვს.

6 თვე თესალონიკში

„სიხარულით აღვნიშნავ, რომ ევროკავშირის სრული დაფინანსებით, 6 თვის ვადით, ქვეყნის მასშტაბით ერთადერთი სტუდენტის სახით შერჩეულ იქნა ჩემი კანდიდატურა არისტოტელეს უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში სასწავლებლად, სხვა, საერთაშორისო სტუდენტებთან ერთად. მოცემული, ევროკავშირის გრანტის ფარგლებში, ჩემთვის, რიგით მესამე შესაძლებლობა გახლავთ საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე წარვადგინო. მადლობა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოსა და ყველას, ვინც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ყოველივე ზემოაღნიშნულში“, – ასე ამცნო თავისი მორიგი გამარჯვების შესახებ, 20 წლის ბიჭმა, სოციალური ქსელის მეშვეობით ნაცნობებსა და მეგობრებს.

კონკურსის ფარგლებში, საქართველოდან, მხოლოდ ერთი წარმომადგენლის შერჩევა იგეგმებოდა. მონაწილეობას კი 5 ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები იღებდნენ. წესების თანახმად, ყურადღება ექცეოდა აპლიკანტის რეზიუმეს, აკადემიურ მოსწრებასა და ინგლისური ენის ცოდნის დონეს. საბა პირველი კურსიდან გამოირჩევა აკადემიური მოსწრებით და ამავდროულად, სტიპენდიანტია. სწორედ მისი წარსული მიღწევები გახდა ის გადამწყვეტი ფაქტორი, რამაც ჟიურის არჩევანის მასზე შეჩერებისკენ უბიძგა. შედეგად, ბიუროკრატიული პროცესების მოგვარების შემდეგ, საბა სასწავლებლად საბერძნეთში გაემგზავრება.

მომავალი იურისტი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, წარმატების მიღწევის პროცესში, უნივერსიტეტის როლს გამოყოფს და დასძენს, რომ ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რის გამოც არჩევანი, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებისას, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტზე შეაჩერა. მისი თქმით, იგი, პირველ რიგში, უნივერსიტეტის ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე მიღწევებითა და აკადემიური პერსონალის მაღალი პროფესიონალიზმით მოიხიბლა.

„ჩვენი უნივერსიტეტი არაერთ უცხოურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. ამ მემორანდუმების ფარგლებში, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები თუ აკადემიური პერსონალი, სასწავლო და სატრენინგო პროგრამებში ერთვებიან და ევროკავშირის დაფინანსებით სარგებლობენ. პირველივე კურსიდან ვცდილობდი, რომ ევროპულ საგანმანათლებლო სისტემას გავცნობოდი და ევროპული განათლება მიმეღო. თუმცა, კოვიდპანდემიის გამო, დიდწილად, ხელი შემეშალა. მაგალითად, საფრანგეთის უნივერსიტეტებმა ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო სტუდენტების ახალი ნაკადის მიღებისგან თავი შეიკავეს. საბედნიეროდ, საბერძნეთის უნივერსიტეტმა კარი გაუღო საერთაშორისო სტუდენტებს და რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობა გამოვიყენე. ჩავთვალე, რომ ჩემი გამოცდილება ამ კონკურსში მონაწილეობისთვის შესაფერისი იყო“, – გვიყვება საბა.

მიღწევები

წარსულ მიღწევებზე საუბრისას, საბა თავმდაბლობას იჩენს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალი საკმაოდ შთამბეჭდავია. წლებია იგი საერთაშორისო პროექტებში აქტიურად მონაწილეობს: 2020 წელს ჩართული იყო ევროპის სოლიდარობის ფონდის (European Solidarity Corps) მიერ დაფინანსებულ პროექტში, რომელიც 6 თვის განმავლობაში კვიპროსში მიმდინარეობდა და მოიცავდა მოხალისეობრივ საქმიანობას ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში, როგორც დამხმარე პირი ინგლისურის პატარებისათვის სწავლების კუთხით; 2021 წელს კი საბას კანდიდატურა საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს რუმინეთის ოფისის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში ქართულიდან ფრანგულად მთარგმნელი სტაჟიორის პოზიციაზე შეირჩა. 4 თვის განმავლობაში, საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-სამართლებრივი მნიშვნელობის პროცესების შესახებ ინფორმაცია საბას მიერ ნათარგმნი სტატიების მეშვეობით მიეწოდებოდა. აღსანიშნავია, რომ ორივე ზემოაღნიშნულ პროექტში იგი საქართველოდან ერთადერთი წარმომადგენელი გახლდათ.

2021 წელსვე, იგი ქუთაისის დემოკრატიული სკოლის მსმენელთა 6 თვიან პროგრამაში მონაწილეობდა, რომლის დასრულების შემდეგაც იმავე წელს გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წარმოდგენილ მერობის კანდიდატებს შეხვდა და მათ ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით საკუთარი მოსაზრებები გააცნო.

შესაძლებლობები

„ეს ეპოქა სავსეა შესაძლებლობებით“, – ასე პასუხობს საბა შეკითხვას იმის თაობაზე, თუ რა შანსები აქვთ თანამედროვე ახალგაზრდებს საკუთარი კარიერული მიზნების განსახორციელებლად. ამბობს, რომ ევროპული თუ ამერიკული საგანმანათლებლო სისტემა, სულ უფრო ვითარდება, იხვეწება და უცხოელ სტუდენტებს, პრაქტიკული და თეორიული ცოდნის მისაღებად, მეტ შესაძლებლობებს სთავაზობს. ახალგაზრდებს, განურჩევლად მათი ეთნიკური წარმომავლობისა თუ ფინანსური შესაძლებლობებისა, საშუალება აქვთ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში დაფინანსებით ისწავლონ და თავიანთი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალონ.

თანატოლებს და მათ, ვისაც სტუდენტობა ჯერ კიდევ წინ აქვთ, ურჩევს უმაღლესში ჩაბარების დროს გააზრებული გადაწყვეტილება მიიღონ და ის სპეციალობა აირჩიონ, რომელიც ნამდვილად აინტერესებთ და რომლის დაუფლებაც ნამდვილად სურთ. აგრეთვე, დაისახონ მიზნები, რომლებიც მაქსიმუმის გაკეთებისკენ იქნებიან მიმართულნი და საკუთარი თავისგან მაქსიმალური შრომა მოითხოვონ.

„წარმატებული სტუდენტობა, ჩემთვის, როგორც საუნივერსიტეტო, ისე სამოქალაქო ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობას ნიშნავს, როდესაც საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით ორგანიზებულად და რაც მთავარია, განვითარების სურვილით ცდილობ თეორიული ცოდნის მიღებას და მის პრაქტიკაში განხორციელებას.

„უნივერსიტეტი, ამ პროცესში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ვინაიდან სწორედ მის მიერ გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე ვერთვებით ამა თუ კონკრეტულ კონკურსსა თუ პროგრამაში. ჩემს შემთხვევაში, ადმინისტრაცია აქტიურად იყო ჩართული ყველა ეტაპზე, მათ შორის, ბიუროკრატიულ პოცესებშიც – დოკუმენტაციის მოგროვებასა და წარმოებაში. ამ შესაძლებლობისთვის, მათ, მადლობას ვუხდი და ვიმედოვნებ, რომ ისევე გააგრძელებენ ჩემს მხარდაჭერას, როგორც აქამდე“, – აღნიშნავს საბა.

სამომავლო გეგმები

საბას სამომავლო გეგმები იმაზე გაცილებით შთამბეჭდავია, ვიდრე წარსული გამოცდილება. არისტოტელეს უნივერსიტეტში 6 თვიანი კურსის გავლისთანავე მშობლიურ უნივერსიტეტში დაბრუნებასა და მისი წარჩინებით დამთავრებას გეგმავს. უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ კი საფრანგეთის საელჩოსა და საქართველოს მთავრობის ერთობლივ პროექტში მონაწილეობას აპირებს, რომლის ფარგლებშიც დაფინანსების მოპოვებისა და მაგისტრატურის საფეხურზე საფრანგეთში სწავლის გაგრძელებისთვის იბრძოლებს.

საკუთარი თავი დიპლომატიურ საქმიანობაში წარმოუდგენია. საფრანგეთი კი სწორედ იმის გამო შეარჩია, რომ მიიჩნევს, იქაური სამართლის სკოლები თავიანთი ხარისხითა და დონით, გამორჩეულები არიან. ამბობს, რომ სურს იყოს საქართველოს წარმომადგენელი ევროკავშირში. ამ მიზნის მისაღწევად თავის დაზოგვას არ აპირებს და ოცნების ასახდენად – ევროპული განათლების მისაღებად ყველანაირ გამოწვევასთან გამკლავებისთვის მზად არის.

გარდა ამისა, მის სამომავლო მიზნებში გაეროს ექვსივე ოფიციალური ენის შესწავლაც შედის. აქედან ორს – ინგლისურსა და ფრანგულს უკვე ფლობს, მესამეს – რუსულს ახლა სწავლობს, ხოლო ესპანურის, ჩინურისა და არაბული შესწავლა სამომავლო გეგმების ნაწილია.

„სტუდენტმა, მისი ინტერესების შესაბამისად, ყოველი შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს. მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი თავი წარმოვიდგინოთ არა ადგილობრივ დონეზე, არამედ საერთაშორისო კონკურენციის ნაწილად. სწორედ საკუთარი თავის საერთაშორისო კონკურენციის ფარგლებში აღქმა არის ჩემთვის გადამწყვეტი მოტივატორი, რათა რაც შეიძლება მეტი ღირებული მიზანი დავუსახო საკუთარ თავს“, – დასძენს საბა ხუჯაძე.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური