GE

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქუთაისის მერიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის მერიასა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას რეგიონის განვითარების ხელშეწყობისა და საგანმანათლებლო საკითხების მიმართულებით. მემორანდუმს ხელი ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და უნივერსიტეტის რექტორმა როლანდ კოპალიანმა მოაწერეს.

მემორანდუმი Erasmus+-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის – „რეგიონალური უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში” (ROLE OF UNIVERSITIES IN THE REGIONAL DEVELOPMENT – RURD) ფარგლებში გაფორმდა. აღნიშნული პროექტის აპლიკანტ-კოორდინატორი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტია.

პროექტის მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.

პროექტში ჩართული არიან საქართველოს რეგიონალური უნივერსიტეტები და 4 ევროპელი პარტნიორი ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვადან. პროექტში ასევე ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm