GE

აკრძალულია თუ არა პანდემიის პირობებში სასკოლო ექსკურსიების მოწყობა? – სამინისტროს სიტყვიერი რეკომენდაცია EDU.ARIS.GE-ს კითხვის შემდეგ

COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებულ რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ, რასაც მუზეუმების და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა მოჰყვა, საჯარო სკოლების მოსწავლეები ჯგუფურად უკვე სტუმრობენ რელიგიურ თუ სხვა დაწესებულებებს. (ფოტომასალას სოციალურ ქსელებში თავად მშობლები ავრცელებენ).

სასწავლო წლის დასასრულის მოახლოებასთან ერთად, მშობლები საექსკურსიო სეზონისთვისაც აქტიურად ემზადებიან. ამ ფონზე კი, ქვეყანა პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინშია და სპეციალისტები ეპიდსიტუაციის დამძიმების ფონზე, მოსახლეობას ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

ანალოგიური რჩევა აქვს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლების მისამართით. ექსკურსიები აკრძალული არ არის, თუმცა სკოლებს ბავშვების ჯგუფური შეკრებების მოწყობისგან თავის შეკავებას ურჩევენ. უწყებაში EDU.ARIS.GE-ს განუცხადეს, რომ მათი რეკომენდაცია სკოლების მიმართ ექსკურსიებისგან თავის შეკავებაა, რადგან ბავშვების თავშეყრის გამო, ჯანდაცვის რეგულაციების დაცვა ვერ მოხერხდება.

სამინისტროში ამტკიცებენ, რომ რეკომენდაცია სკოლებში უკვე გადაგზავნილია, თუმცა ამის შესახებ სასწავლო დაწესებულებებს მშობლებისთვის ინფორმაცია ჯერ არ მიუწოდებიათ. სამინისტროს მკაფიო რეკომენდაციის არარსებობაზე მიუთითებს ისიც, რომ პანდემიის მეორე წელსაც მოსწავლეთა მშობლები არ იცნობენ უწყების მიერ გაკეთებულ კონკრეტულ და ცალსახა მოწოდებას სკოლებისადმი, რომელიც ექსკურსიების საკითხს შეეხება. “შარშან რომ დავრეკეთ სამინისტროს ცხელ ხაზზე, ასეთი პასუხი გაგვცეს – არც აკრძალულია და არც დაშვებულიო, ამიტომაც შარშანაც წავედით მცხეთაში პატარა მიკროავტობუსით”, – აღნიშნავს ერთ-ერთი რეგიონის სკოლის მესამე კლასის მოსწავლის მშობელი.

„რადგან გარკვეული შეზღუდვები უკვე მოიხსნა, კლასის მშობლები აქტიურად არიან ჩართულები ექსკურსიის ორგანიზებაში, ეძებენ შესაბამის ტრანსპორტს და კვების ობიექტს. დამრიგებელიც თანახმაა და აუცილებლად მიიჩნევს, რომ პირველკლასელმა ბავშვებმა ნახონ, რა არის სასკოლო ექსკურსია, თუნდაც ქალაქთან ახლოს. გვითხრა, რომ ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია, აკრძალულია თუ არა ექსკურსიები სამინისტროს მხრიდან. გვეუბნება, თუ არ აგვიკრძალეს, წავალთო. მე პირადად ცოტა უკვე დავშინდი, ბოლო პერიოდში მომატებული შემთხვევების გამო. ბავშვსაც ყოველდღე შიშით ვუყურებ, სკოლიდან ვირუსი არ მოიტანოს. ექსკურსია კი ღია სივრცეში იქნება, მაგრამ მანამდე ხო ტრანსპორტირებაა საჭირო, ამდენი ბავშვია, ამდენი მშობელი გამოყვება და მგონია, რომ არ იქნება უსაფრთხო. გარდა ამისა, ამდენმა ადამიანმა ერთად უნდა ჭამოს და ზუსტად გუშინ მოვისმინეთ რეკომენდაცია, რომ პირველი საფრთხე სწორედ ესაა. ამიტომ მე ალბათ თავს შევიკავებდი წელს“, – ამბობს თბილისის ერთ ერთი საჯარო სკოლის პირველკლასელი მოსწავლის მშობელი მარი ზურიკაშვილი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

კიდევ ერთი მშობელი, რომელიც მე-8 კლასელი გოგონას დედაა, აცხადებს, რომ ექსკურსიაზე შვილს აუცილებლად გაუშვებს, რადგან მოზარდების არაფორმალურ გარემოში კომუნიკაცია აუცილებლად მიაჩნია.

„მე, როგორც მშობელი, მივესალმები ბავშვების კომუნიკაციას, რა თქმა უნდა, ყველა სიფრთხილის დაცვით. იქ, სადაც ეს ბავშვები უფრო კარგ კომუნიკაციას შეძლებენ, ყველგან გავუშვებ. ინტერნეტმა ფაქტობრივად წაგვართვა შვილები. უფრო დიდ დროს ტელეფონებთან და კომპიუტერებთან ატარებენ და ამიტომ ყველა ფიზიკურ აქტივობას მხარს ვუჭერ. ეს აუცილებელია მათი განვითარებისთვის. თუ წავლენ ტრანსპორტით, უნდა იყოს დაცული ყველა რეგულაცია, რაც არსებობს. თუ ტრანსპორტი არა, უკვე დიდები არიან და ახლო მანძილებზე ლაშქრობის მოწყობაც შესაძლებელია, რაც ვფიქრობ, უფრო სახალისო იქნება. ეს ეპიდემია არსად არ მიდის და ბოლო-ბოლო გადის ამათი ბავშვობა. ამიტომაც უნდა ვისწავლოთ უსაფრთხოდ ცხოვრება“, – ამბობს ხათუნა ხუსკივაძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული რეგულაციების ფონზე, ამ ეტაპზე ქვეყანაში შეზღუდული არაა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება და არც მგზავრთა რაოდენობაა მკაცრად რეგლამენტირებული. ასევე ღიაა მუზეუმები, კინოთეატრები და ბავშვთა გასართობი ცენტრები, თუმცა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეპიდსიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, მთავრობა იძულებული იქნება შემზღუდველი ღონისძიებები კვლავ დააწესოს.

ამავე თემაზე:

პედაგოგებისა და ბაღის აღმზრდელთა ვაქცინაციის დაწყებაზე საბჭო გადაწყვეტილებას მალე მიიღებს

„ვეცდებით დიდხანს შევინარჩუნოთ“ – თამარ გაბუნია სკოლებისა და ბაღების დახურვაზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური