GE

„ამ აბსურდული ტესტებით არ უნდა გვაფასებდნენ“ – მასწავლელთა გამოცდების მეორე დღე

2019 წლის ეროვნული გამოცდები დღეს კვლავ მასწავლებელთა პროფესიულ უნარებში ტარდება.

ხუთსაათიანი გამოცდა პედაგოგებმა უკვე დატოვეს და ისინი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში გამოცდას არაერთგვაროვნად აფასებენ. გამოცდიდან გამოსული პედაგოგები აცხადებენ, რომ მსგავსი ფორმატით შეუძლებელია მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება.

175-ე საგამოცდო ცენტრიდან გამოსული სამოქალაქო განათლების მასწავლებელი: ,,საერთოდ მიმაჩნია, რომ განათლების სამინისტრომ უნდა შეიმუშავოს სხვა მიდგომა ჩვენი კომპეტენციების დასადასტურებლად. ვფიქრობ, ეს ტესტი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ განვსაზღვროთ ვიმსახურებთ თუ არა სკოლაში მუშაობას. ამის მიუხედავად ვიტყვი, რომ რთული არ იყო, მომზადებული უნდა იყო და წაკითხული გქონდეს მასალები.”

ეკა ცინცაძე: ,,საკითხები იყო განმავითარებელ შეფასებაზე. წინა წლების ტესტებიდან, რაც საიტზე დევს, საერთოდ არაფერი არ იყო, მსგავსიც კი. პიაჟეს თეორიიდან იყო დავალება, ერთი-ორი ფსიქოლოგი იყო კიდევ. რაც წაკითხული მქონდა დავწერე, მაგრამ ტრენინგი, რაზეც ჩატარდა საერთოდ არაფერი ყოფილა მსგავსი. ინგლისურის პედაგოგი ვარ და მინდა გითხრათ რომ ეს სქემები და გამოცდები საერთოდ არაფერში მჭირდება.”

ნინო ცუხიშვილი, ინგლისურის მასწავლებელო: ,,გლიმთან დაკავშირებით იყო საკითხები, ასევე ქცევის მართვასთან. სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებზე იყო ძალიან გაკვრით, მეგონა რომ ამ მიმართულებით უფრო მეტი იქნებოდა სამუშაო. კონფლიქტებსა და უკუკავშირზეც იყო დავალებები რაც დამამახსოვრდა. ადვილი გამოცდა ნამდვილად არ იყო, თუმცა კარგად ვიყავი მომზადებული.”

გამოცდის მონაწილე სპორტის მასწავლებელი: ,,ჩემს საგანს არ მგონია, რომ მსგავსი გამოცდა სჭირდებოდეს, მაგრამ მაინც მოვედი, იმიტომ რომ პირდაპირ გვთხოვენ ამ გამოცდის ჩაბარებას. საკმაოდ რთული იყო ჩემთვის.”

ინგლისური ენის პედაგოგი: ,,ეს გამოცდა მოითხოვს სხვანაირ მომზადებას, მეცადინეობას. რისი დროც ჩვენ, პრაქტიკოს მასწავლებლებს არასდროს არ გვქონია. ამიტომ რაც დავწერე მხოლოდ ჩემი გამოცდილებაა, რაც სკოლაში ბავშვებთან ურთიერთობით დამიგროვდა. ვფიქრობ, ადამიანებს, რომლებმაც მრავალი წელი სკოლაში გავატარეთ, რაღაც აბსურდული ტესტით არ უნდა გვიფასებდნენ პროფესიონალიზმს.”

მასწავლელეთა პროფესიული უნარების გამოცდის პირველ სესიაზე, რეგისტრირებულ აპლიკანტთა 79%-მდე გამოცხადდა.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური