GE

„ამ გამოცდის ჩაბარება მოქმედ მასწავლებლებს უფრო გაუადვილდებათ“ – აპლიკანტები საგნის გამოცდის ტესტებს აფასებენ

პედაგოგთა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა პირველ სესიაზე, რომლებიც დღეს კომპეტენციას ქართულ ენასა და ლიტერატურაში (I-IV, დაწყებითი საფეხური), მათემატიკაში, (I-IV, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) ბუნებისმეტყველებაში (I-IV), გეოგრაფიასა (საბაზო ან / და საშუალო საფეხური) და ისტორიაში (საბაზო ან / და საშუალო საფეხური) ადასტურებდნენ, დასრულდა.

EDU.ARIS.GE 133-ე სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრიდან გამოსულ აპლიკანტებს ესაუბრა. გამოსაცდელთა უმრავლესობა ჩვენთან საუბარში აღნიშნავდა, რომ ტესტი საკმაოდ რთული იყო და თეორიულთან ერთად, პრაქტიკულ ცოდნასაც მოითხოვდა, რაც იმ ადამიანებისთის, ვისაც სკოლაში არასდროს უმუშავია, დამატებით სირთულეს ქმნიდა.

იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც გამოცდა მხოლოდ იმ მიზეზით ჩააბარეს, რომ საკუთარი თავი კიდევ ერთხელ გამოეცადათ.

,,დაწყებითის მასწავლებელი ვარ, პრაქტიკოსი, მეორედ გავედი წელს გამოცდებზე, პროფესიული უნარების გამოცდაც მეორედ ჩავაბარე. საკმაოდ რთული ტესტი იყო, ქართულის ნაწილი განსაკუთრებით. ბუნებისმეტყველება და მათემატიკა შედარებით ნაკლები სირთულის იყო. ქართულში ბევრი იყო გრამატიკულ ნაწილში სამუშაო და ესეც რთული. ასეთი მოცემულობა იყო ესეში, რომ მოსწავლეები საუბრობენ წამოვიდნენ ბოლო ორი გაკვეთილიდან რადგან ჰქონდათ ხელოვნება და მუსიკა, საპასუხოდ მეორე მოსწავლე ეუბნებოდა, რომ არ მივიდოდა მეორე დღეს პირველ გაკვეთილზე, რადგან ეს იყო სპორტის გაკვეთილი. პრობლემა უნდა განგვეხილა, რომ მოსწავლეები მეორეხარისხოვან საგნებად თვლიან აღნიშნულ გაკვეთილებს და არ მიაჩნიათ პრობლემად თუ გააცდენენ. რაც შეეხება მოლოდინს, ვიმედოვნებ რომ წელს ჩავაბარებ წარმატებით და დავრჩები სკოლაში. წინააღმდეგ შემთხვევაში თავიდან მომიწევს ყველაფრის გავლა, სამწუხაროდ არ ვარ იმ ასაკში, რომ ყველა საფეხური მასწავლებლობამდე თავიდან გავიარო”.

,,მათემატიკის წამყვანი მასწავლებელი ვარ და გადავწყვიტე დაწყებითებშიც მეცადა ბედი, დამატებით აქტივად რომ მქონდეს. დღეს ისეთი ცხოვრება და კონკურენტული გარემოა, ყველაფერი უნდა სცადო ადამიანმა. ჩემი შვილიც აბარებს დღეს ამ საგამოცდო ცენტრში და მინდოდა მისთვის სტიმულის მიმცემი და მაგალითი ვყოფილიყავი. სამი შვილი მყავს და ორი წამყვანი მასწავლებელია, ფიზიკის და მათემატიკის. თვითონ გამოცდა რთული ნამდვილად არ იყო, მე ვფიქრობ მოქმედმა მასწავლებელმა, ვინც იცის სასკოლო გარემო და არიან აქტიური, უპრობლემოდ უნდა შეძლონ ამ გამოცდის ჩაბარება. ყველას ვუსურვებ წარმატებას“.

,,პროფესიით დაწყებითის მასწავლებელი ვარ, თუმცა არ მიმუშავია ამ განხრით. რატომღაც გადავწყვიტე დავუბრუნდე და წელს პირველად ვაბარებ გამოცდებს. მომზადებით არ მოვმზადებულვარ, მაგრამ დაახლოებით გავეცანი სპეციფიკას. საკმაოდ რთული ტესტი იყო და ვფიქრობ, რომ სკოლაში მუშაობის გამოცდილებაც უნდა გქონდეს სრულყოფილად ჩასაბარებლად. ვფიქრობ, რომ მოქმედ მასწავლებლებს უფრო გაუადვილდებათ. საერთოდ მიმაჩნია, რომ სკოლის ბაზაზე უფრო მართებული იქნებოდა მოფიქრება ისეთი სისტემის, რომ მოქმედი მასწავლებლების ცოდნის შემოწმებაც მოხდეს და ეს მათაც დაეხმარება ვისაც სურვილი აქვს, ახლა გახდეს მასწავლებელი. შეიძლება საგანში მოემზადო და ძალიან კარგად ჩააბარო, მაგრამ სკოლაში სხვა გარემოა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები გამოცდაზე ვერ გამომუშავდება“.

„დაწყებითის პრაქტიკოსი მასწავლებელი ვარ. ტესტი საკმაოდ რთული იყო, განსაკუთრებით ქართულის ნაწილი. ტესტი რთული იყო ვფიქრობ იმიტომ, რომ უკვე ამდენი წელია მასწავლებლის გამოცდა ტარდება, გამოცდილებაც დაგროვდა და მოლოდინიც არის მასწავლებლებში რომ ვიღაც ამოწმებთ. შესაბამისად ტესტიც რთულია. მოქმედი და მაძიებელი მასწავლებლები არ უნდა აბარებდნენ ერთნაირად, რადგან პროფესიულად სხვადასხვა დონეზე იმყოფებიან. რა შედეგიც არ უნდა მივიღო გამოცდაზე, სკოლიდან წასვლას არ ვაპირებ, აუცილებლად დავრჩები და გავაგრძელებ ჩემს პროფესიულ საქმიანობას“.

მასწავლებლის საგნის გამოცდები 22 ივლისს სხვა მიმართულებებში გაგრძელდება.

როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ დღეს განაცხადა, კორონავირუსის დადასტურების ან თვითიზოლაციის გამო, დღევანდელ გამოცდაზე 50-მდე აპლიკანტი ვერ გამოცხადდა და მათთვის დამატებითი სესია მოგვიანებით ჩაინიშნება.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური