GE

„ამ მასშტაბის უნივერსიტეტის არსებობა ქუთაისისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ – KIU-ს სტუდენტი

ნიკა ფხაკაძე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის სტუდენტია. იგი წარმოშობით ქუთაისიდან არის. უმაღლეს განათლებას მშობლიურ ქალაქში იღებს. საკუთარ ქალაქში საერთაშორისო დონის უნივერსიტეტის არსებობა ახარებს და მოსწონს ის ფაქტი, რომ მის მსგავსად საუნივერსიტეტო ცხოვრება უამრავმა ახალგაზრდამ დაუკავშირა ქუთაისს.

ამჟამად ნიკა თანაკურსელებთან ერთად საოლიმპიადო პროგრამირების კლუბის შექმნაზე მუშაობს. იდეის მიზანი Competitive Programming-ის სტუდენტებს შორის პოპულარიზაცია, მათთვის დამატებითი უნარების განვითარებისა და სამომავლოდ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შეჯიბრებებზე მონაწილეობის მიღების შესაძლებლობაა.

ნიკამ საშუალო განათლება ქუთაისში მიიღო. სწავლობდა ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის და №19 (სწავლა აქ დაასრულა) საჯარო სკოლებში. STEM მიმართულებებისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ბავშვობიდანვე იჩენდა. ხშირად იღებდა მონაწილეობას როგორც კერძო (Kings, Smart), ისე ეროვნულ სასკოლო ოლიმპიადებში. სკოლა 2 წლის წინ დაამთავრა და 100%-იანი სახელმწიფო გრანტით ერთ-ერთ უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე ჩაირიცხა. წარმატებულ სტუდენტს მოგვიანებით გეგმები შეეცვალა და კომპიუტერული მეცნიერებებით დაინტერესდა, სწორედ, ამ დროს შეიტყო KIU-ს არსებობის შესახებ. გერმანულმა საგანმანათლებლო მოდელმა, TUM-თან თანამშრომლობამ და იმ გარემოებამ, რომ უნივერსიტეტი მის მშობლიურ ქალაქში იხსნებოდა KIU-ში ჩაბარების გადაწყვეტილება მიაღებინა.

„ჩემი KIU-ში ჩაბარება უნივერსიტეტის პერსპექტივამ და რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფაქტორმა განაპირობა. მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა KIU-ს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისაგან გამოარჩევს. გერმანული მოდელით განათლების მიღება ერთდროულად რთული და საინტერესოა. ისეთი ლექტორების მოსმენა როგორებიც ჰელმუტ ზაიდლი და ვოლგანგ პოლი არიან დიდი პრივილეგიაა ნებისმიერი ეროვნების სტუდენტისთვის. მოხარული ვარ, რომ მე ამის შესაძლებლობა მომეცა.

აქვე უნდა ვახსენო უნივერსიტეტის არჩევის სუბიექტური ფაქტორიც, რომელიც KIU-ს ჩემ მშობლიურ ქალაქში გახსნას გულისხმობს. ყოველთვის მაწუხებდა ის ფაქტი, რომ ქუთაისელ ახალგაზრდებს კარგი განათლების მიღების მიზნით სხვაგან გვიწევდა წასვლა და ქალაქი ნელ-ნელა იცლებოდა. ამ მასშტაბის უნივერსიტეტის არსებობა ქუთაისისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჭკვიანი ახალგაზრდები აღარ დატოვებენ ქალაქს, ისინი შეძლებენ მსოფლიო სტანდარტის კვალიფიკაცია ადგილზე აიმაღლონ. შესაბამისად, ქუთაისსაც მიეცემა განვითარების შესაძლებლობა და აღარ მოხდება ქალაქიდან ნიჭიერი თაობების გადინება.

აქვე უნდა აღვნიშნო, თავად უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურული ნაწილიც, კამპუსზე შესვლისას თავი ევროპის რომელიმე საუნივერსიტეტო ქალაქში გგონია. ვფიქრობ, სტუდენტებისთვის სასწავლო გარემოს შეგრძნება მოტივაციაზე პირდაპირ აისახება.

რაც შეეხება სასწავლო პროგრამას, იდეალურია და მთლიანად სტუდენტებზეა მორგებული. ის ცოდნა, რომელსაც უნივერსიტეტი გვაძლევს სამომავლოდ დაგვეხმარება შრომით ბაზარზე ჩვენს პროფესიაში მოთხოვნადი ვიყოთ. დამატებით ფაქტორად შემიძლია გამოვყო ინგლისურენოვანი სწავლება. უნივერსიტეტში ყველა საგანს ინგლისურ ენაზე გავდივართ. ვფიქრობ, ეს უკეთეს შანსებს მოგვცემს მომავალში საერთაშორისო ასპარეზზე. აქ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შედეგად ბევრად უფრო მარტივად შევძლებთ ნებისმიერ საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას ან უცხოურ კომპანიებში დასაქმებას. KIU სტუდენტური გრანტების ფონდისა და გაცვლითი პროგრამების არსებობა ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა – ვისწავლოთ კარგად და ვაჩვენოთ საუკეთესო აკადემიური შედეგი.

შთამბეჭდავია აკადემიური პერსონალის სტუდენტებისადმი დამოკიდებულება. ლექტორები, ასისტენტები და სკოლის ხელმძღვანელი აქტიურად არიან ჩართული სასწავლო პროცესში და ცდილობენ პანდემიისგან გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად სასწავლო პროცესი მაქსიმალურად ხარისხიანი და კომფორტული იყოს. როდესაც ხედავ მსგავს შემართებას და მიდგომას აკადემიური პერსონალისგან, შენც იგივე განწყობაზე დგები და შესაბამისად, მოტივაციის დეფიციტს არასდროს განიცდი.

საერთო ჯამში, შემიძლია ვთქვა, რომ უნივერსიტეტმა ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა. სასიამოვნოდ გამაკვირვა სასწავლო პროგრამებმა, თანამედროვე მიდგომებმა და რესურსებმა. ვფიქრობ, რომ KIU ქუთაისის და მთლიანად საქართველოს განვითარების გარანტია. განათლებაა ის ძალა, რომელსაც შეუძლია ქვეყნის მომავლის სასიკეთოდ შეცვლა. ამ უნივერსიტეტის წარმატება ახლაც და გრძელვადიან პერსპექტივაშიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა ნიკა ფხაკაძემ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური