GE

„ამ შემთხვევაში შეიძლება სკოლებისა და ბაღების გახსნის მიმართულებით ფიქრი“

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, ახლანდელი ეპიდსიტუაცია არ არის საიმედო, მაგრამ არის ერთი მოცემულობა, რა შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნება, რომ მთავრობამ სკოლების გახსნის შესახებ გადაწყვეტილებაზე მუშაობა დაიწყოს.

„ჯერჯერობით, სამწუხაროდ, სკოლებისა და ბაღების გახსნისთვის ეპიდემიური სურათი არ არის კეთილსაიმედო. ამდენად, ამას კიდევ უნდა დავაკვირდეთ. ბევრი ქვეყანა სკოლებისა და ბაღების გახსნის გადაწყვეტილებას იღებს ისევ და ისევ დადებითობის მაჩვენებლის საფუძველზე, თუ ეს არის 5 პროცენტზე ნაკლები, 3 პროცენტი მაინც უნდა იყოს, რომ ჩვენ ვილაპარაკოთ სკოლებისა და ბაღების გახსნაზე და როგორც კი მივუახლოვდებით ამ მაჩვენებელს, შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, შეიძლება ამ მიმართულებით ფიქრი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ის ამბობს, რომ აშკარად იკვეთება ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურება და ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების კლების ტენდენციაც გამოჩნდა. მაგრამ მიუხედავადა ამისა, როგორც გაბუნია განმარტავს, ჯერჯერობით საფუძველი იმისა, რომ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების შემსუბუქება დროზე ადრე მოხდეს, არ არსებობს, რადგან ვითარებას უნდა დააკვირდნენ.

„აშკარად იკვეთება სტაბილიზაციის და უკვე კლების ტენდენციაც. კარგია, რომ შემთხვევების რაოდენობაც იკლებს და ასევე იკლებს დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც გუშინაც და დღესაც რვა პროცენტი იყო. ამდენად, ეპიდემიოლოგიური გარემო უფრო კეთილსაიმედო ხდება და შანსი იმის, რომ გახსნის შემდეგ ჩვენ აღარ მივიღებთ კიდევ განმეორებით მატებას, უფრო მეტია. ასეთ პირობებში ჩვენთვის მთავარია, რომ ამგვარი ტენდენცია შევინარჩუნოთ და დადებითობის მაჩვენებელი ხუთი პროცენტი არის ის ნიშნული, რომელზეც ვფიქრობთ, უკვე შესაძლო იქნება მეტ-ნაკლებად უსაფრთხო გახსნაზე საუბარი.

„ეს სიტუაცია სავარაუდოდ უკვე პირველი თებერვლისთვის უნდა ჩამოყალიბდეს. ჯერ იმის საფუძველი, რომ დროზე, ვადაზე ადრე ჩვენ რაიმე შეზღუდვის შემსუბუქება გავაკეთოთ, არ გვაქვს. თუმცა სიტუაციას უნდა დავაკვირდეთ. ვფიქრობთ, უსაფრთხო და გონივრული ვადა არის პირველი თებერვალი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქებაზე ვისაუბროთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სკოლებისა და საბავშვო ბაღების გახსნის გეგმაზე კითხვას 13 იანვარს უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამავე თემაზე:

როდის და როგორ განახლდება სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის მეორე სემესტრიდან? – რა ვიცით ამ დროისთვის

„შეზღუდვების მოხსნისას სწორედ სკოლები უნდა გაიხსნას უპირველეს ყოვლისა, დახურვის საფასური გამანადგურებელია“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური