GE

„ამერიკაში არ აინტერესებთ რა განათლება მიიღე საქართველოში, 12-წლიანი სამუშაო სტაჟიც განულდა”

ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღის წინ, განათლების სამინისტრომ საქართველოში გაცემული დიპლომების ევროპაში აღიარება და EQAR (უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრი)- ში გაწევრიანება საზეიმოდ აღნიშნა, როგორც ჩანს არ ცვლის ვითარებას საზღვარგარეთ საქართველოში მიღებულ განათლებას მაინც ეჭვის თვალით უყურონ.

ამერიკაში მყოფი ქართველი ჟურნალისტი ტატო ცეცხლაძე ქართულ დიპლომებთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

„ამერიკაში არ აინტერესებთ რა განათლება მიიღე საქართველოში, ან რომელიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანაში.

სწავლა რომ დავიწყე, საქმეში ჩასადებად მომთხოვეს სხვადასხვა საბუთი. დიდი სიხარულით მივუტანე 2 დიპლომი და 48 სერტიფიკატი და იცით რა მითხრეს? მხოლოდ 7 სერტიფიკატი გამოდგებაო.

ბაკალავრის დიპლომზე მითხრეს, კარგია, მაგრამ არ გვინდაო. სტუდენტთა მხარდაჭერის სამსახურის თანამშრომელმა მითხრა, მე ჩეხეთიდან ვარ და იქაური დიპლომი არ გამომიყენებია, აქაური კოლეჯი მეტად ფასობს, ვიდრე იქაური უნივერსიტეტიო.

გარდა ამისა, სამსახურებში ყველგან მეუბნებიან: კარგია, მაგრამ ამერიკაში სწავლობდით? ან, ამერიკაში სამუშაო გამოცდილება გაქვთ? მერე იწყებენ ახსნას, რომ რაც არ უნდა გამოცდილება გქონდეს შენს ქვეყანაში, აქ არ აინტერესებთ, ისევე როგორც განათლება.

მხოლოდ ამერიკული, კანადური, ბრიტანული, გერმანული და ფრანგული ჭრის. დანარჩენი ძაან მაგრა კიდიათ.

ჩემი შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ხარისხი ჩამითვალეს სკოლას + 4 წლიანი განათლება (პუნქტი 16 წლიანი განათლება და არა ბაკალავრის ხარისხი) და დამსვეს associate degree-ზე. 2 წელი ეს ისწავლე და თუ კაი ნიშნები გექნება მაგისტრატურაზე მერე გველაპარაკეო.

12-წლიანი სამუშაო სტაჟიც განულდა და მხოლოდ 1 თვე მიღიარეს, ისიც მხოლოდ ამერიკული.
დილა მშვიდობისა საქართველო.

მე ისევ წიწკვი ბიჭი ვარ, კოლეჯის სტუდენტი და ისევ ხელახლა უნდა ვიწვალო და ავაწყო ცხოვრება. 30 წლის ასაკში ისევ 17 წლის ვარ. ეს, ალბათ, კარგია”, – წერს ტატო ცეცხლაძე.

პოსტის ავტორი იმასაც განმარტავს, რომ საქმე დიპლომის აღიარება-არ აღიარებას არ ეხება, რადგან დიპლომს როგორც დოკუმეტს აღიარებენ, მაგრამ არ მიაჩნიათ არაფრად.

„აქაური კოლეჯი მეტად ფასობს, ვიდრე თუნდაც ჯავახიშვილი. პლუს, იქაური ბაკალავრის მერე აქ მაგისტრატურა ფასიანია, ხოლო თუ კოლეჯს გავივლი და მერე უნივერსიტეტს, მაშინ უფასო. GED-ს გააჩნია“, -აღნიშნავს ტატო ცეცხლაძე.

ა.წ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური