GE

ამირან გამყრელიძე სკოლების გახსნაზე: ამის პირდაპირი ინდიკატორი არ არსებობს

კითხვას, სკოლების გასახსნელად როგორი ეპიდსიტუაციაა საჭირო, რომ დაიწყოს ამაზე მსჯელობა – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ამის პირდაპირი ინდიკატორი არ არსებობს.

რაც შეეხება გამყრელიძის მოლოდინებს და რეკომენდაციას, იმ ფონზე რომ განათლება ყველაზე დიდხანს დაკეტილი სფეროა, ის ამბობს:

“არ არის დაკეტილი სკოლები. პანდემიამ ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამე შეცვალა, მათ შორის ძირეული ცვლილება შეიტანა განათლების სისტემაში და მეთოდოლოგიაში. ნუ ამბობთ, რომ სწავლა არ მიმდინარებს. სწავლა მიმდინარეობს ე.წ. დასწრებული სწავლა არ მიდის დიდ ქალაქში. დასწრებული სწავლა მიდის დაახლოებით 600-700-მდე სკოლაში ქვეყანაში. რაც მთავარია, სწავლა მიმდინარეობს დისტანციურად. ყველა ბავშვი დღეს ჩართულია.

“ზოგადად დათქმა არსებობს, რომ სკოლები და სასწავლებლები უნდა დაიკეტოს ბოლოს და უნდა გაიხსნას პირველი. ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხედვა. ამიტომ, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით შესაბამისი რეგულაციებით, რა თქმა უნდა, სწავლა ქვეყანაში აღდგეს მაგრამ ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე”, – განმარტა ამირან გამყრელიძემ.

საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიაც და სკოლების უსაფრთხო გახსნისთვის საჭირო გარემოებაზე ისაუბრა.

“ახლა, ზოგადად ძალიან ბევრ ფაქტორზეა ეს დამოკიდებული, მაგრამ სხვა ქვეყნების გამოცდილებას თუ შევხედავთ, 5% დადებითობის მაჩვენებელი არის ის კრიტიკული მაჩვენებელი, როდესაც სკოლებში და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში წყდება სასწავლო პროცესი, ანუ რისკის მაჩვენებელია. ჩვენ ჯერ ამ 5% ვერ მივაღწიეთ. კი ქვემოთ მოდის დადებითობის მაჩვენებელი და უკვე ჩამოცდა 8%-ს, მაგრამ 5% იქნება უკვე ის სასურველი ნიშნული და უსაფრთხო გახსნისთვის სადღაც 3%ზე მაინც უნდა ვიყოთ, რომ ამ ტიპის დაწესებულებებში, სადაც რისკი მაღალია, ვისაუბროთ ამ თემაზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური