GE

„ამთავრებ პროფესიულს და იღებ კრედიტქულებს, რომელიც შეიძლება უმაღლესშიც გამოიყენო“ – როდის ამოქმედდება ცვლილება და რა ეტაპზეა სამინისტრო

აბიტურიენტების ნაწილმა, იმ იმედით, რომ მომავალ წელს ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურზე სწავლების წლები მცირდება, გამოცდებზე დარეგისტრირება გადაიფიქრა, თუმცა აღნიშნული ცვლილება მხოლოდ გარკვეულ პროფესიებს ეხება და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების  ფარგლებში განხორციელდება.

„ამთავრებ პროფესიულს და იღებ კრედიტქულებს, რომელიც შეიძლება უმაღლესშიც გამოიყენო, ეს არის ევროპაში აკრედიტებული პრაქტიკა. ამ მიმართულებით ბევრი ნამუშევარია, 2019 წლიდან უკვე დაიწყება ამის ინტეგრირება სკოლებში და ვფიქრობთ, ეს იქნება რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი“, – განაცხადა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, პრემიერ-მინისტრთან ერთად პირდაპირი ჩართვის დროს, თუმცა მას საკითხთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია.

მინისტრი, დიდი ალბათობით, გულისხმობდა მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელიც მარტივად რომ ავხსნათ, არის შუამავალი რგოლი პროფესიულ და უმაღლეს განათლებას შორის. პირი, რომელიც გაივლის მოკლე ციკლის 2-წლიან პროგრამას, მიიღებს დიპლომს (ასოცირებულ ხარისხს) და შესაძლებლობა ექნება დასაქმდეს მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისად. სურვილის შემთხვევაში კი მას ექნება უფლება, რომ სწავლა გააგრძელოს ბაკალავრიატში მე-3 კურსიდან (ან იმ წესით, რაც კონკრეტულ პროგრამაზე იქნება დადგენილი).

როგორც განათლების  ხარისხის განვითარების ცენტრში განმარტავენ, ვეტერინარი, პედაგოგი, ექთანი, ფარმაცევტი, საზღვაო და საჰაერო სფეროს გარკვეული პროფესიებიის სპეციალობებია, რომლებსაც ამ ეტაპზე მოკლე ციკლის პროგრამების განხორციელება ეხება.  

მაგალითად, ადამიანი, რომელიც მოკლე ციკლის კურსს გაივლის პედაგოგის სპეციალობით, საშუალება ექნება იმუშაოს საბავშო ბაღში აღმზრდელ-პედაგოგთან ერთად და ზოგჯერ ჩაანაცვლოს ის. მსგავსი პრინციპი იმოქმედებს სხვა სპეციალობების შემთხვევაშიც. პროგრამის კურსდამთავრებულს, სურვილის შემთხვევაში, საშუალება ექნება სწავლა შემდეგ საფეხურზე გააგრძელოს და უმაღლესი განათლება მიიღოს. მოკლე ციკლის პროგრამების განხორციელების უფლება ექნებათ როგორც პროფესიულ, ასევე უმაღლეს სასწავლებლებს.

პროგრამის ძირითადი მონახაზი უკვე ცნობილია, თუმცა ამ ეტაპზე გარკვეული არ არის ჩარიცხვისა და დაფინანსების წესი, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ უნდა დაადგინოს.

პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინე წეროძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე სიახლეებზე მუშაობა მიმდინარეობს.

„მოკლე ციკლის პროგრამების მიდგომის და ხედვის დამუშავება ამჟამად მიმდინარეობს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ჯერ უნდა შემუშავდეს ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, ჩარიცხვის პროცედურები, დაფინანსების მექნიზმები. ჯერ-ჯერობით ეს ყველაფერი არ არის მზად. ჩვენ ვფიქრობთ, სადღაც წლის ბოლოს გვექნება. რეგულირებადი პროფესიები უკვე ასოცირებულ ხარისხად არის გადაკეთებული, შესაბამისად, თუკი ჩვენ მოვახერხებთ ზაფხულში იმ ყველა აქტის შემუშავებას, რომელიც ჩამოვთვალეთ, შეიძლება ექთნის და ვეტერინარის პროგრამაზე, უკვე შემოდგომაზე ჩაირიცხონ სტუდენტები, თუმცა ზუსტად ვერ გეტყვით. ყველაფერი ერთად არ გამოდის“, – აცხადებს ირინე წეროძე EDU.ARIS.GE– სთან საუბარში.

განათლების ხარისხის  განვითარების ეროვნული ცენტრის, კვალიფიკაციების განვითარების სამმართველოს უფროსი ნინო ბერელიძე EDU.ARIS.GE– სთან საუბარში ამბობს, რომ აღნიშნულ სიახლეებზე მუშაობა სახელმწიფომ 2014 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ, რაც საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. დოკუმენტში განათლებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ სისტემის ევროპის კვალიფიკაციების ჩარჩო- პროგრამასთან შესაბამისობაში მოყვანას შეეხებოდა. ევროკავშირის დირექტივებით, ადამიანებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, მიიღონ მათთვის სასურველი პროფესიები და კვალიფიკაციები.

“ერთი პრინციპი, რაც მთავარია, პროფესიას, რომელსაც მოკლე ციკლის პროგრამა შეეხება, უნდა ჰქონდეს შემდგომ საფეხურზე გაგრძელების შესაძლებობა, ანუ იგივე სფეროში უნდა იყოს  ბაკალავრიატი, ან ერთსაფეხურიანი ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამები. ძირითადად, რაზეც ამ ეტაპზე დავიწყეთ მოკლე ციკლის პროგრამების შემუშავება, იყო რეგულირებადი პროფესიები, ან ჩვენ ეროვნულ დონეზე, ან საერთაშორისო დონეზე. ეს პროფესიებია: ვეტერინარია, რომელსაც აქვს საფეხურები. მეორეა აღმზრდელი, აქაც კომპეტენციები ჩამოყალიბებულია და ბაკალავრიატში ორ წელიწადში ადამიანს შეუძლია გახდეს აღმზრდელ-პედაგოგი. დანარჩენი პროფესიებიც ამ პრინციპითაა, დალაგებული ესენია: საზღვაო სფეროს ორი პროფესია, საჰაერო, საექთნო და ფარმაცია. ამ ახალი პროგრამების განხორციელება შესაძლებელია ორი გზით, ცალკე მდგომი ასოცირებული მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამით, რომლითაც პირს ენიჭება ასოცირებული ხარისხი და ასევე იგივე ხარისხის მინიჭება შეუძლიათ კოლეჯებს და უმაღლესებს. უმაღლესებს შეუძლიათ ორი გზით, – ცალკე განახორციელონ ეს პროგრამა, ან ბაკალავრიატში ჰქონდეთ შიგნით ინტეგრირებული და ასე წარმოადგინონ აკრედიტაციაზე“, – ამბობს ნინო ბერელიძე.

მისივე თქმით, საქართველოში არსებული პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების ნაწილი აქამდეც ახორციელებდა პროგრამებს, რომელიც შესაბამისობაში მოდის მოკლე ციკლის პროგრამასთან. აქედან გამომდინარე, პროფესიული სტუდენტების ნაწილს, რომლებსაც პროფესიული სწავლების მე-5 საფეხური დაძლეული აქვთ, დაგროვებული კრედიტები აღიარებული ექნებათ და ბაკალავრიატში სწავლის გაგრძელებას შეძლებენ.

„კანონმა უმაღლესი განათლების შესახებ, განსაზღვრა მოკლე ციკლის პროგრამების როგორც განხორციელების, ასევე ჩარიცხვის ორი გზა. ერთია, რომ უმაღლესში დაიშვას აბიტურიენტი, როგორც ბაკალავრიატის სტუდენტი, შემდეგ შეუძლია გაიაროს ორწლიანი კურსი და მიიღოს ასოცირებული ხარისხი, ან გააგრძელოს ბაკალავრიატის პროგრამა. რაც შეეხება ცალკე მდგომ პროგრამებს, სამინისტრომ უნდა დაამტკიცოს ჩარიცხვის წესი და პირობები. კანონი პროფესიული განათლების შესახებ ძალაში შევიდა 2018 წლის ოქტომბრიდან, რომელმაც ეს კვალიფიკაციები უკვე დაადგინა და შესაბამის ჩარჩო დოკუმენტებში, ამ პროფესიებში მისანიჭებელ კვალიფიკაციად ასოცირებული ხარისხი უკვე განისაზღვრა.

„საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, რომლებსაც ეს პროგრამები უკვე ჰქონდა, ფორმულირება შეიცვალა, შინაარსისთვის ხელი არ გვიხლია. იგივე პროგრამებზე, სადაც მხოლოდ კვალიფიკაციის ფორმულირება დაზუსტდა, კანონის შესაბამისად, მე-5 საფეხურის კვალიფიკაცია თუა დიპლომში, ამაზე არსებობს ცალკე გათანაბრების წესი. ამიტომ, უფლებრივად ეს ადამიანები ერთნაირად ისარგებლებენ. სასწავლებლებს აქვთ ეს პროგრამები, მაგრამ ერთი პირობაა, სამინისტრომ უნდა თქვას ჩარიცხვის წინაპირობა. რაც უფრო სწრაფად იქნება ეს წესი, სწრაფად დაიწყება განხორციელება, თუ დაგვიანდება, სასწავლებლებმა იციან, რომ ამას უნდ დაელოდონ”, – განმარტავს ნინო ბერელიძე.

მანამ, სანამ განათლების სამინისტრო ჩარიცხვის წესს გამოაცხადებს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი კვლევას იწყებს, რამდენად არიან სკოლის მოსწავლეები დაინტერსებული, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამებით. ოფიციალურ ვებგვერდზე ასეთი განმარტებაა გაკეთებული:

„წინამდებარე კვლევა მიზნად ისახავს, განსაზღვროს მოსწავლეების შესაძლო დაინტერესება მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამით. სკოლის დასრულების შემდეგ დაინტერესდებით თუ არა, სწავლა განაგრძოთ მოკლე ციკლის ორწლიან საგანმანათლებლო პროგრამაზე თქვენსავე მუნიციპალიტეტში? ეს პროგრამა მოიცავს სტაჟირებას და მისი გავლა შეგიძლიათ როგორც უნივერსიტეტში, ისე პროფესიულ კოლეჯში. მოკლე ციკლის ორწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ თქვენ მიიღებთ დიპლომს, რაც საშუალებას მოგცემთ სწავლა განაგრძოთ საბაკალავრო პროგრამაზე ან დასაქმდეთ საქართველოში ან საზღვარგარეთ. საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი საგნები სრულად ან ნაწილობრივ ჩაგეთვლებათ ბაკალავრის ხარისხის მისაღებად”.

რა შედეგებს დადებს კვლევა, ამის შესახებ ინფორმაციას EDU.ARIS.GE ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან მოგვიანებით გამოითხოვს.

მსგავსი სიახლე:

როდის მოხდება პროფესიული სასწავლებლის დიპლომის ატესტატთან გათანაბრება და ვის შეეხება ცვლილება?

მოკლევადიან პროფესიულ კურსებზე მიღება ტესტირების გარეშე განხორციელდება

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური