GE

ანა ჩხეიძე და კესო ბანძალაძე – აბიტურიენტები ისტორიაში უმაღლესი ქულებით

დღეს 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველა საგნის შედეგი გახდა ცნობილი, მათ შორის ისტორიის ქულებიც. აღსანიშნავია, რომ წელს არჩევით საგნად ისტორიას ყველაზე მეტი, 12 500-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებდა.

EDU.ARIS.GE იმ აბიტურიენტებს გაესაუბრა, ვინც ისტორიის გამოცდაში უმაღლესი ქულები მიიღეს.

ანა ჩხეიძე აბიტურიენტია, რომელმაც ისტორიაში 70-დან 69 ქულა მიიღო. მას ასევე უმაღლესი შედეგები აქვს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში – 70-დან 70 და ინგლისურში – 80-დან 80.

ანა 175-ე სკოლის კურსდამთავრებულია. საბოლოო არჩევანზე ჯერ არ ჩამოყალიბებულა, თუმცა სამართალზე ან საერთაშორისო ურთიერთობებზე სურს უმაღლესში სწავლის გაგრძელება. რაც შეეხება უნივერსიტეტს, არჩევანს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის გააკეთებს.

“ისტორია საკმაოდ შრომატევადი საგანია და მხოლოდ კონკრეტული ფაქტების ცოდნით მაღალი ქულის აღება ძნელია. ტესტი მოითხოვს კრიტიკულ აზროვნებას და მობილიზებას აბიტურიენტისაგან. ამიტომ, მგონია, რომ თუ ეს საგანი რეალურად არ გაინტერესებს და წლების განმავლობაში არ გაქვს ჩამოყალიბებული ზოგადი წარმოდგენა გლობალურ მოვლენებზე, ბოლო ერთ წელიწადში ნასწავლით მაღალ შედეგზე ვერ გახვალ. ტესტი საშუალო სირთულის იყო. მაღალ ქულას მოველოდი, თუმცა როცა გავიგე, რომ 69 ქულა ავიღე საოცრად დიდი ემოცია იყო მაინც. როცა ასეთ მაღალ შეფასებას იღებ, გრძნობ, რომ შენი თორმეტწლიანი შრომა ფასდება”, – გვითხრა ანამ.

ისტორიის გამოცდაში მაღალი ქულა მიიღო კესო ბანძალაძემაც, რომელიც ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. მან გამოცდაში 70-დან 67 ქულა აიღო და, როგორც ამბობს, ასეთ შედეგს ელოდა კიდეც.

“აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალზე მსურს ჩავაბარო. ისტორიაში მაღალ შედეგს ველოდი, რადგან ამისთვის რეპეტიტორთან დავდიოდი და ბევრი ვიშრომე. ამასთან ტესტი იმაზე მარტივი იყო, ვიდრე მოველოდი. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემი ისტორიის პედაგოგს ლალი ვაშაკიძეს. სხვა საგნებშიც საკმაოდ მაღალი ქულები მაქვს, მაგ.: ინგლისურში 80-დან 77 ქულა ავიღე. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი გამოცდის შედეგებით კმაყოფილი ვარ”, – ამბობს კესო.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური