GE

აქცია განათლების სამინისტროში კამპანია „მე ვირჩევ თანასწორობას“ წინააღმდეგ და სამინისტროს პასუხი

საზოგადოება “ზნეობის” წარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილი, განათლების სამინისტროში თანამოაზრეებთან ერთად მივიდა და განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრთან შეხვედრას ითხოვდა. ორგანიზაცია თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, ევროპის საბჭოს მიერ დაგეგმილი ღონისძიების მიმდინარეობას აპროტესტებს, რომლის ერთ-ერთი მხარდამჭერი  განათლების სამინისტროა.

გურამ ფალავანდიშვილი და მისი თქმით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია სამინისტროში იმ მიზნით მივიდა, რომ მიეღო პასუხი “რატომ ხდება მამათმავლობის სწავლება სკოლებში”.

უწყების ფოიეში შეკრებილები  აცხადებდნენ, რომ არ გაჩერდებიან მანამდე, ვიდრე მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ან სამინისტროს სხვა რომელიმე პასუხისმგებელ პირი არ შეხვდებათ.

„გუშინ გავიგეთ ღამე, რომ 15-დან 28 ნოემბრამდე ტოლერანტობის დღე არის. ტარდება საქართველოს სკოლებში და არამარტო სკოლებში ლგბტ კვირეული. ლგბტ ამათთვის არის წმინდათა წმინდა ჩვენთვის არის სიბინძურე. ჩვენი შვილები გვინდა რომ იყოს დაცული აი ამ აგრესიისგან“, – უთხრა გურამ ფალავანდიშვილმა EDU.ARIS.GE-ს.

მისივე თქმით, ღონისძიების სახელწოდებაში ლგბტ ნახსენები არ არის, მაგრამ ეს ტერმინი გვხვდება ღონისძიების პროგრამაში.

“ჩვენ რომელიმე შეხვედრას არ დავსწრებივართ, მაგრამ ვნახეთ ფილმები, დევს „ფეისბუკზე“ სადაც სექსუალური ორიენტაციის მიუღებლობა შედარებულია ფაშიზმთან. მათ ბანტიკებში, წითელ ყვითელ ფერებში აქვთ შეფუთული ჩვენი შვილების გახრწნა. გვინდა, რომ პედოფილების გენერლები შეგვხვდნენ სამინისტროდან   და ბოდიში მოუხადონ ქართველ ერს. გვპირდებიან ჩამოვალთო და ვნახოთ“, – თქვა ფალავანდიშვილმა.

შეკრებილებმა ისე დატოვეს სამინისტრო, რომ მათ არავინ შეხვედრია. განმარტეს, რომ აქტივობებს ხვალიდან გააგრძელებენ და „მძლავრი პროტესტია დასაგეგმი“ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე და ფოიეში მობილიზებული იყო პოლიცია. როგორც EDU.ARIS.GE-ს სამინისტროში უთხრეს მინისტრი ადგილზე საერთოდ არ იმყოფება. მიხეილ ჩხენკელის უწყება მხოლოდ წერილობითი განმარტებით შემოიფარგლა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ევროპის საბჭოს პროექტის „დისკრიმინაციასთან, სიძულვილის ენასა და სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის წინააღმდეგ“ ფარგლებში, ცნობიერების ამაღლების მიზნით, ხორციელდება კამპანია „მე ვირჩევ თანასწორობას“.

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, 15-22 ნოემბერს იმართება თანასწორობისა და ტოლერანტობის კვირეული, სადაც სხვადასხვა უწყება, ახორციელებს თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით აქტივობებს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით.

მათ შორის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც მუდმივად ზრუნავს განათლების სფეროს დაფინანსების, მართვისა და სერვისების განვითარებაზე იმისათვის, რომ ყველა მოსწავლეს, განურჩევლად სქესისა, რელიგიისა, ეროვნული, ეთნიკური უმცირესობისა და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა, მიეცეს შესაძლებლობა, გამოავლინოს საკუთარი ნიჭი, გააუმჯობესოს აკადემიური და სოციალური უნარ-ჩვევები, მოემზადოს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის და აქტიურად შეუწყოს ხელი მოსწავლის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაში.

ასევე კვირეულის ფარგლებში მანდატურის სამსახურის ორგანიზებით, 15 ნოემბერს, ქ. თბილისის 162 საჯარო სკოლაში და 18 ნოემბერს, ქ. ბათუმის მე-8 საჯარო სკოლაში (აღნიშნულ სკოლებში ვახორციელებთ საპილოტე პროგრამას) სკოლის მოსწავლეების მშობლებთან, მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგმა, სოციალურმა მუშაკმა და მანდატურმა განიხილეს სკოლებში უსაფრთხოების, თანასწორობისა და ბავშვთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები”, – აღნიშნულია EDU.ARIS.GE-სთვის მოწოდებულ განცხადებაში.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური