GE

აქცია სამინისტროსთან – სტუდენტები პანდემიის პირობებში სწავლის საფასურის განახევრებას ითხოვენ

სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემაზე განათლების სამინისტროსთან სტუდენტების, სამოქალაქო მოძრაობებისა და პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების აქცია-პერფორმანსი გაიმართა. შეკრებილები სწავლის საფასურის შემცირებას და კოვიდპანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების მოხსნას მოითხოვენ. მათ დღეს განათლების მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნაც დააყენეს.

მსგავსი მოთხოვნებია გათვალისწინებული არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ ინიციატივით შედგენილი პეტიციაში, რომელსაც 10 ათასი ხელმომწერი ჰყავს. სტუდენტები მოითხოვენ სახელმწიფო არ შემოიფარგლოს მხოლოდ რეკომენდაციებით და ზეპირი განცხადებებით პანდემიის პერიოდში სტუდენტების გადასახადის შეღავათების შესახებ და სანაცვლოდ შექმნას კანონი, რომელიც სწავლის საფასურის ცვლილებას დაარეგულირებს და რომელსაც რეალური, ქმედითი ფუნქცია ექნება უმაღლესებისთვის.

„ამ პეტიციით გვინდა, რომ სახელმწიფომ არა მოწოდებები და რეკომენდაციები გასცეს, არამედ შექმნას რაღაც კანონი, რომლის მიხედვითაც სტუდენტებს ხელს შეუწყობენ მაქსიმალურად სწავლის საფასურის გადახდაში, გადავადებაში ან ელემენტარული პირობების შექმნაში. პანდემიის დაწყებიდან სტუდენტებს მრავალი პრობლემა გაუჩნდათ, ეს არ არის მხოლოდ ფინანსური საკითხები. სწავლის საფასურის გარდა ონლაინ სწავლება მოითხოვს ბევრ ხარჯს, როგორიცაა მაგალითად ყოველთვიური ინტერნეტის შეძენა, ტექნიკის შეძენა. არიან ოჯახები, სადაც ერთი და მეტი სტუდენტია და მათ პარალელურ რეჟიმში ესაჭიროებათ სასწავლო რეჟიმში ჩართვა. შეღავათიც კი, რომელის განათლების სამინისტრომ ინტერნეტთან დაკავშირებით დააწესა, მხოლოდ მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვისაა და სტუდენტები არაა გათვალისწინებული“, – ამბობს ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტი დეა ბარაბაძე.

საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მაკა ტოხიშვილი ამბობს, რომ პანდემიის პირობებში ქვეყანაში უკვე ყოველ მეორე სტუდენტს შეზღუდული აქვს განათლების ხელმისაწვდომობა და ამისთვის სამინისტრომ გარკვეული ზომები უნდა მიიღოს.

„მიუხედავად ჩვენი არაერთი მიმართვისა, განათლების სამინისტროში აქვთ პასუხი რომ მათ არ შეუძლიათ უნივერსიტეტების შიდა პოლიტიკაში ჩარევა. ძალიან უცნაურია, რომ ანტიკრიზისული გეგმაში საერთოდ გამორჩენილია სტუდენტების პრობლემები. ორი მოთხოვნა გვაქვს, ერთი მხრივ პანდემიის გათვალისწინებით განახევრდეს სწავლის საფასური და მეორეს მხრივ, აღუდგეთ 2020 წლის პანდემიის გამო შეჩერებული სტატუსი სტუდენტებს. პარლამენტსაც მივმართეთ საკანონმდებლო ინიციატივით, ძალიან უცნაურია, რომ მხოლოდ ერთადერთი კომიტეტის სხდომა ჩატარდა, რომელზეც მოვითხოვეთ დასწრება და მოგვივიდა პასუხი, რომ ჩვენთვის ადგილი არ მოიძებნა. როგორც ჩანს, თებერვლამდე აღარ აპირებენ განხილვას და იძულებულები ვართ მთელი ზამთარი გავატაროთ ასეთი ტიპის აქცია პერფორმანსების ჩატარებაში რაც ადვილი არ არის, რადგან გაორმაგებულია ტაქსის საფასური და უჭირთ სტუდენტებს ასეთ პირობებში აქციებზე გამოსვლა“, – ამბობს მაკა ტოხიშვილი

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ 2020 წლის დეკემბერში EDU.ARIS.GE-სთვის მოწოდებული მონაცემებით, ქვეყანაში 75 803 სტატუსშეჩერებული სტუდენტია, აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტების რაოდენობა კი 159 794-ს შეადგენს.

„პროგრესის ცენტრის“ ინფორმაციით, EMIS-ის უკანასკნელი მონაცემებით 2020 წლის 1 თებერვლიდან დღემდე, პანდემიის პერიოდში, საქართველში სტატუსი 29 343 სტუდენტს შეუჩერდა და აქედან ფინანსური დავალიანების გამო სტუდენტის სტატუსი 12 027-მა პირმა დაკარგა.

„პანდემიის ფონზე მომიწევს სტატუსის შეჩერება“ – ბოლო მონაცემებით სტუდენტის სტატუსი 75 803 პირს აქვს შეჩერებული

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური