GE

„არ არის აუცილებელი ყველამ იაროს მაგალითად ცეკვაზე, ხელოვნების მიმართულების არჩევისას ბავშვის ინტერესებს უნდა მივყვეთ“

პანდემიის პირობებში ცხოვრების გამო, ბავშვები არა მარტო სასკოლო ცხოვრებას მოსწყდნენ, არამედ სხვა აქტივობები – შემოქმედებითი თუ სპორტული, ასევე შეზღუდულია მათთვის.

21-ე საუკუნეში კი მთელი ცივილიზებული სამყარო თანხმდება, ბავშვის განვითარებაში ხელოვნების მნიშვნელოვან როლზე. ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი აღნიშნავს, რომ ხელოვნებასთან ზიარებით ბავშვს უყალიბდება გემოვნება და ახალი ინტერესები, რაც არაერთი კვლევით დასტურდება.

„ბავშვის განვითარების პროცესი არის თვითონ შემოქმედებითი პროცესი, როდესაც პატარა ასაკში ვიწყებთ ფანქრის მიწოდებას, მუსიკას ვურთავთ ძალიან მცირე ასაკში, ჩვენ ვიცით როგორ უნდა განვავითაროთ ბავშვი. ხელოვნება არ უნდა აღვიქვათ, როგორც ბავშვისთვის კონკრეტული ნამუშევრის მიცემა. ხელოვნება არის, როდესაც ბავშვი თავად ხატავს, ხელოვნება არის, როდესაც მღერის, ხელოვნებაა როდესაც ქმნის თავად. ხელოვნების დახმარებით კომუნიკაციური, სოციალური, წინა აკადემიური უნარები“, – აღნიშნავს ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი.

როგორც ნეიროფსიქოლოგი ამბობს, ხელოვნების სფეროს არჩევისას ყოველთვის ჯობია ბავშვის ინტერესების გათვალისწინება.

„ყოველთვის ჯობია ბავშვის ინტერესებს მივყვეთ, არ არის აუცილებელი ყველამ იაროს მაგალითად ცეკვაზე. ვიღაცას მუსიკა აინტერესებს, ვიღაცას ხატვა და ვიღაცას სულაც სპორტი. მთავარი გასაღები არის ის, რომ როდესაც ბავშვი დაინტერესებულია და მოტივაცია აქვს და მოსწონს რასაც აკეთებს, ბევრად უკეთ აკეთებს, ვიდრე დედის ხათრით, მამის ხათრით ან იმიტომ, რომ კარგად გამოსდის. თუმცა ძალიან გულდასაწყვეტია, როცა ბავშვს რაღაც კარგად გამოსდის და არ უნდა. თუ მშობელი ხედავს, რომ ბავშვს აქვს რაღაც კონკრეტულად გამოხატული ნიჭი, მაგრამ თვითონ არ აინტერესებს, უნდა წაახალისოს, მაგრამ წახალისებაში იგულისხმება ისე შეთავაზება ბავშვისთვის რომ მისთვის გახდეს საინტერესო“, – განაცხადა მარიამ ხვადაგიანმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური