GE

„არ მჯერა რომ სამეცადინო აღარ მექნება“ – აბიტურიენტთა ისტორიის გამოცდა დასრულდა

2019 წელის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებმა დღეს ისტორიის გამოცდა ორ სესიად წერეს. ისტორია დამატებით საგნად წელს ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია.

პირველი სესიის აბიტურიენტების მსგავსად, მეორე სესიის აპლიკანტებიც EDU.ARIS.GE-სთან ამბობენ რომ კითხვები პროგრამული იყო და ამიტომ გამოცდის დაწერა არ გაუჭირდათ. ასევე ის აბიტურიენტები, რომლებმაც ისტორიის ტესტებით გამოცდები დაასრულეს, ამბობენ რომ არ სჯერათ სამეცადინო რომ აღარ ექნება.

“მისაღები საკითხები იყო აბიტურიენტებისთვის, ყველა ეს მასალა ისწავლება სკოლაში. რუკა ეხებოდა თემურ ლენგს. ტექსტი იყო გიორგი მესამესა და დემნა ბატონიშვილის აჯანყებაზე. საკითხი იყო ასევე რუსთაველის თეატრის გახსნაზე. კარიკატურა იყო ბართლომეს ღამე და მარტინ ლუთერის განცხადება. ძველი მსოფლიოს ისტორიიდან ბევრი შეკითხვა არ ყოფილა, ერთი მახსოვს ასურეთზე, ათენზე და ბოლოს მახსოვს კითხვა საქართველოს ბოლშევიკურ პარტიაზე. ყველაფერი დავწერე, წარმატების იმედი მაქვს და ყველას ჩაბარებას ვუსურვებ,” – ლიკა ალთუნაშვილი 207-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი.

დავით ტვილდიანი: “ძალიან მარტივი საკითხები იყო, თუ სკოლის პროგრამას მიყვება ამ გამოცდის ჩაბარება არავის არ უნდა გასჭირვებოდა. რუკა იყო თემურ ლენგზე, მისი ლაშქრობების მიმართულებები და ქალაქები იყო ამოსაცნობი. კარიკატურა ერთი იყო ძაან მარტივი ეხებოდა მარტინ ლუთერს და რეფორმაციას, მეორე იყო აფიშა ქართულ თეატრზე.”

“რაც ყველაზე ძალიან გამიჭირდა ეს იყო კარიკატურა, რაღაცას აჭედებდნენ და ვეღარ გავიხსენე, ერთი ეს საკითხი არ დამიწერია. ასევე ერთ-ერთი საკითხი იყო ევროპაში სამოქალაქო ომზე. წყარო ეხებოდა ქართლის ცხოვრებას და დემნა ბატონიშვილის აჯანყებას,” – გვითხრა კიდევ ერთმა აბიტურიენტმა 207-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან.

175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი, ნიკოლოზ ტატიაშვილი: ,,უფრო მეტად მსოფლიო ისტორიიდან იყო შეკითხვები. რუკა იყო ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობის მარშრუტი, ისტორიული წყარო იყო დემეტრე თავდადებულის შესახებ. ილუსტრაციები მოვიდა ერთი რომის პაპზე, მეორეზე ბრძოლა იყო ასახული, ოღონდ რომელი არ მახსოვს. მეტ-ნაკლებად რთული გამოცდა იყო, მაგრამ რომელი დავალება გამიჭირდა განსაკუთრებით, ასე ვერ გამოვყოფ.”

ლანა დოლაკიძე: ,,პირველი სესიიდან ისეთი კმაყოფილი გამოვიდნენ ბავშვები, უფრო მარტივ ტესტს ველოდი, საკმაოდ რთული იყო. ვნერვიულობდი და კარგად შეიძლება ვერ გავიხსენო დავალებები. შეკითხვებში იყო პირველი და მეორე მსოფლიო ომის ისტორიიდან. წყარო იყო ,,ქართლის ცხოვრებიდან” დემეტრე თავდადებულის შესახებ. სხვა საკითხები ნამდვილად არ მახსოვს.”

სალომე კოპაძე: ,,საქართველოს ისტორიიდან თითქმის არ იყო შეკითხვა. ბოლო დავალება იყო მგონი მარტო, სადაც ისტორიულ წყაროზე უნდა გვემსჯელა დემეტრე თავდადებულსა და მის შვილზე. ქრონოლოგიური დავალება იყო საეკლესიო კრებებზე და გადაწყვეტილებებზე. ილუსტრაციებიდან იყო ერთი მარტინ ლუთერზე, მეორე ვერ გავიხსენე და არ დამიწერია, სავარაუდოდ ბრძოლა იყო ასახული. მგონი არ იყო რთული გამოცდა, უფრო მეტად სამსჯელო რაც იყო ეგ ნაწილი გამიჭირდა, მაინც დავწერე და ვნახოთ რა იქნება.”

ნინო ხორავა: ,,საკმაოდ მარტივი გამოცდა იყო, თითქმის მთლიანად მსოფლიო ისტორიიდან. განსაკუთრებულად ვერცერთ დავალებას გამოვყოფ. რუკაზე გარკვევით ჩანდა ყველაფერი და ერთ-ერთი მარტივი დავალება იყო ჩემთვის.”

მეორე სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე 95%-მდე აპლიკანტი გამოცხადდა. ხვალ აბიტურიენტები გეოგრაფიის გამოცდას ორ სესიად ჩააბარებენ – ეს საგანი წელს 11500-ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადეს  თამთა ვირსალაძემ და ანუკი წიწილაშვილმა

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური