GE

“არ მინდა დავიჯერო, რომ განათლების მესვეურების გათვლა კვლავ საარჩევნო კამპანიაზეა”, – თსუ-ის პროფესორი გამოცდების ახალ მოდელზე

უკვე გაცხადდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი მოდელი. მომავალი წლიდან აბიტურიენტები უნივერსიტეტებში მოსახვედრად 3 სავალდებულო გამოცდას ჩააბარებენ: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენაში, ხოლო მესამე გამოცდა დამოკიდებული იქნება პროგრამებზე. უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრის შეცვლილი ფორმატის შეფასება EDU.ARIS.GE-მ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის პედაგოგიკის ინსტიტუტის პროფესორ ქეთევან ჭკუასელს სთხოვა.

-უნივერსიტეტში მოსახვედრად აბიტურიენტებს სამი სავალდებულო გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე ისინი მათემატიკას, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას –  ისტორიას, ან მათემატიკას ჩააბარებენ. როგორ შეაფასებდით ამ ცვლილებებს?

-როცა ვსაუბრობთ განათლების სისტემის და მისი მოწყობის რომელიმე კომპონენტზე, უპირველესად, უნდა დაისვას კითხვა – ვინ გინდა იყოს შენი ქვეყნის (მომავალი) კურსდამთავრებული, რა ცოდნა და უნარები უნდა ჰქონდეს მას, რომ შეძლოს საკუთარი ქვეყნის არსებობის ამ კონკრეტული ეტაპის ათვლის წერტილიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე,  ქვეყნის თვითმყოფადობის შენარჩუნება და განვითარება? თანამედროვე მობილური მსოფლიოს პირობებში, ვფიქრობ, მას ასევე უნდა შეეძლოს  მსოფლიო მოქალაქის გამოწვევების გათავისება და მათთან გამკლავება. ასეთ ვითარებაში, სამწუხაროდ, მაინცდამაინც დადებითად ვერ შევაფასებდი ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალ ფორმატს. კერძოდ, ახალი ფორმატი კვლავ იმეორებს განათლების მესვეურთა თავდაპირველ განაცხადს და ყურადღების მიღმა ტოვებს საუკუნეების გამოცდილებით დადგენილ საგანთა ერთიანი ციკლის (სამყაროს ერთიანობის) მნიშვნელობას მოზარდის ცნობიერების ფორმირებისათვის,  რომელიც თანაბრად მოიცავს ადამიანის არსებობისათვის აუცილებელ ისეთ უნარებს, როგორიცაა ვერბალური, რაოდენობრივი და   საბუნებისმეტყველო უნარები.

ასე ჩანს, რომ ახალი ფორმატის მიხედვით, თუ აბიტურიენტს ქიმიის ან ფიზიკის მიმართულებით უნდა სწავლის გაგრძელება (ნეტავ სკოლაში ამ საგანთა სწავლების მდგომარეობიდან და საქართველოში არსებული შრომის ბაზრის დაკვეთებიდან გამომდინარე აბიტურიენტთა რამდენ პროცენტს მოუნდება?), სავალდებულო გამოცდა მათემატიკაში უნდა ჩააბაროს და არა ქიმიასა და ფიზიკაში.

აქვე არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ უმაღლესი განათლების საფუძველს ზოგადი განათლება წარმოადგენს და, მაშასადამე, ვერაფრით განვიხილავთ უმაღლეს განათლებას ზოგადი განათლების კონტექსტის გარეშე. იქ კი, საატესტატო გამოცდების გაუქმებამ საერთოდ გააქრო  საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლის მოტივაცია. თუ ამას ისიც დაემატა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებიც სავალდებულო ფორმატით არც ერთ მიმართულებაზე არ ითვალისწინებს ამ საგნების ჩაბარებას, მაშინ ნათელია, რომ  ქვეყანა მოზარდის საბუნებისმეტყველო  ცნობიერების ფორმირებას და განვითარებას არ გეგმავს. კი მაგრამ, რაღა ვუყოთ მოქალაქეობრივ ცნობიერებას, ეკოლოგიურ განათლებას, გეოგრაფიას, ესთეტიკას, და, საერთოდ, ადამიანი ორი საგნის ამარა დავტოვოთ? ქართული და უცხო ენა ხომ ორივე ენაა? ეს ხომ აბსურდია. თუ ვინმე იტყვის, რომ სკოლას გავაჯანსაღებთ, უკვე შემოვიტანეთ ახალი სკოლის მოდელი და ა.შ., მაშინ დაფიქრდეს ამას რა დრო და თანხები სჭირდება, ან სად არის ის პროფესიული კადრი, რომლებიც დღევანდელ სკოლას ფეხზე დააყენებს, ან ვინმემ აგვიხსნას გასაგებად რა არის ეს ახალი სკოლის მოდელი და რაოდენ კარგიც არ უნდა იყოს, როგორ გაასწორებს ის სკოლას ერთი ჯოხის აქნევით?

აქვე აღვნიშნავ, რომ გაუგებარია ახალი ფორმატის განაცხადში ფრაზა – „სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას –  ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ“. სოციალური და საზოგადოებრივი ხომ ერთი და იგივეა და საზოგადოებრივს ნიშნავს? დაზუსტება იქნება საჭირო.

-უმაღლესი სასწავლებლები, სურვილის შემთხვევაში, მეოთხე  გამოცდას შემდეგი  საგნების ჩამონათვალიდან დააწესებენ: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება. გამოდის უნივერსიტეტებს მიანდეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ბედი. რამდენი სასწავლებელი დააწესებს, თქვენი აზრით, მეოთხე გამოცდას?

-ამ  კითხვაზე, გიპასუხებდით, რომ ეს ურთულესი საკითხია. რა თქმა უნდა, ყველა უმაღლესმა სასწავლებელმა იცის, რომ თუ ბავშვი საბუნებისმეტყველო მიმართულებაზე აბარებს, მან საბუნებისმეტყველო საგანი უნდა ჩააბაროს, მაგრამ ისიც იცის, რომ ეს სავალდებულო არაა და აბიტურიენტი და მშობელი ისეთ უმაღლეს სასწავლებელს აირჩევს, სადაც მხოლოს სამი საგანი ბარდება. საგამოცდო ნერვიულობას რომ თავი დავანებოთ, ეს ხომ ოჯახისთვის ეკონომიური საკითხიცაა (რეპეტიტორი არ იქნება საჭირო). მაშასადამე, გათვლა კვლავ მოქალაქის ჯიბეზე და განწყობაზე გაკეთდა – აქაოდა რა კარგია, ოთხის ნაცვლად სამ გამოცდას ვაბარებთ და, ზოგადად,  სულაც არ არის საჭირო გამოცდა და არც ცოდნა უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად. ასეთ ვითარებაში, ის უნივერსიტეტები, რომლებიც მეოთხე გამოცდით შეეცდებიან ხარისხის შენარჩუნებას, /და ასეთები, იმედია მაინც საკმაოდ იქნება ქართული საზოგადოების ისტორიული ცნობიერებიდან გამომდინარე/,  შესაძლოა სერიოზული რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.

კიდევ ერთი, თუ სკოლაში ხარისხიანად ვერ  სწავლობ საგანს, გამოცდაც არ გაქვს იმ საგანში, ნეტავ რა ფაქტორებმა უნდა გამოიწვიოს მოტივაცია ამ მიმართულებაზე სწავლის გაგრძელებისა უმაღლეს სკოლაში? რამდენი ბავშვი იცით, რომელსაც აქვს შინაგანი მოტივაცია ამა თუ იმ საგნის შესწავლისა და რა ქმნის ბოლოს და ბოლოს ამ შინაგან მოტივაციას? ამაზე უფიქრიათ განათლების მესვეურებს?  რა თქმა უნდა, სასურველია, რომ გამოცდა არ იყოს მთავარი მოტივატორი სწავლისა, მაგრამ დღევანდელი სასკოლო რეალობა, სამწუხაროდ სხვა განცდას არ ტოვებს.

და მაინც,  სახელმწიფო როგორ და სად  ხედავს საკუთარ პასუხისმგებლობას ზემოთ ჩამოთვლილი შვიდი უმნიშვნელოვანესი საგნის ცოდნაზე ქვეყნის მომავალი მოქალაქისთვის?

-ზოგადი უნარების არასავალდებულო გამოცდების სიაში გადანაცვლება, თქვენი აზრით, როგორ იმოქმედებს სწავლების ხარისხზე უნივერსიტეტებში?

-განსაკუთრებით შევჩერდები მათემატიკისა და ზოგადი უნარების საკითხზე. გავიმეორებ და ვიტყვი, რომ თუ გადავხედავთ აღზრდის მიზნის სახელმწიფოებრივი ხედვის ეტაპებს, ჯერ კიდევ პლატონთან ვხვდებით „ტრივიუმ/კვადრიუმის“ (გრამატიკა, რიტორიკა, დიალექტიკა; არითმეტიკა, ასტონომია, გეომეტრია, მუსიკა) ჩანასახს, რომელიც შემდეგ, შუასაუკუნეებში, საფუძველი გახდა პირველი კლასიკური უნივერსიტეტების კურიკულუმებისა, და რომლის გავლა სავალდებულო იყო ყველა სტუდენტისათვის.

მაშასადამე, ადამიანმა, წიგნიერების განვითარების პირველივე  ეტაპებიდან განსაზღვრა, რომ მას ცხოვრებისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებლად სჭირდება ვერბალური/ტრივიუმი/ და რაოდენობრივი/კვადრიუმი/ აზროვნება საბაზისო დონეზე. აქაც გაუგებარია სახელმწიფოს პოზიცია მათემატიკის იგნორირების თვალსაზრისით როგორც საატესტატო გამოცდების დონეზე, ისე, უმაღლესი სასწავლებლის დონეზე. გასაგებია, რომ თუ ბავშვს ჰუმანიტარული მიმართულებით უნდა სწავლის გაგრძელება, მათემატიკა არ უნდა ჩააბაროს, მაგრამ ვინ უმოწმებს რაოდენობრივი აზროვნების მინიმალურ დონეს? სწორედ ამას ემსახურებოდა ზოგადი უნარების გამოცდა.  კერძოდ, ეს გამოცდა იწვევდა მოტივაციის ამაღლებას მათემატიკის მინიმალური ცოდნისთვის იმ აბიტურიენტებისათვის, ვინც ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე აბარებდა და, პირიქით,  მოტივაციას ვერბალური აზროვნებისა, იმათთვის, ვინც  ნებისმიერ სხვა მიმართულებაზე აბარებდა.

თუ განათლების ისტორიული გამიცდილება გვეუბნება, რომ ადამიანებისთვის ეს უნარები აუცილებელია და საერთაშორისო კვლევებიც ამ უნარებზე აკეთებს განაცხადს, გასაგებია, რომ დღევანდელი მოცემულობით, ამ უნარებზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული უმაღლეს სკოლაში სწავლის ხარისხი. თუ სხვა გზებითა და საშუალებებით მოვიპოვებთ ჩვენ მოზარდებში ამ საბაზისო უნარების განვითარებას, მაშინ ნუ იქნება ეს გამოცდა სავალდებულო, მაგრამ ჯერ-ჯერობით ეს სხვა გზა რომ არ ჩანს? ჯერ-ჯერობით სკოლა რომ ვერ გავმართეთ? სად და როგორ განუვითარდება მოზარდს ეს უნარები, რომელსაც ზოგადი განათლება 12 წლის განმავლობაში უნდა ავითარებდეს?

-ზოგადად როგორ შეაფასებდით ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალ ფორმატს?

-მიჭირს პასუხის გაცემა, ვინაიდან არ მინდა დავიჯერო, რომ  განათლების მესვეურების გათვლა კვლავ საარჩევნო კამპანიაზეა, არ მინდა დავიჯერო, რომ სახელმწიფოს მოხელეებს არ აქვთ საკუთარი ქვეყნის მომავლის ხედვა და არ ფიქრობენ, რა ელოდებათ ხვალ. ბოლოს და ბოლოს, ისინიც ხომ ამ ქვეყნის შვილები არიან?

ამავე თემაზე:

ეროვნული გამოცდების ახალი მოდელი ცნობილია – რისი ჩაბარება მოუწევთ აბიტურიენტებს და როგორ მიიღებენ გრანტს

როგორ სახეს მიიღებს უნარების გამოცდა 2020 წლისთვის – საით იხრება სამინისტრო

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური