GE

„არ მინდა ქვეყნის ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავებაში წვლილი შევიტანო!“ – მშობლების ნაწილი შვილებს სკოლაში არ უშვებს

მიუხედავად კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების ნაწილობრივი მოხსნისა და 15 თებერვლიდან უკვე დიდ ქალაქებშიც სასწავლო პროცესის კლასებში გაგრძელების გეგმისა, მშობლების საკმაოდ დიდი ნაწილი სკოლებში შვილების გაშვებას არ აპირებს და კვლავ დისტანციურ რეჟიმს ირჩევენ. ისინი ფიქრობენ, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ბავშვების სკოლებში დაბრუნების საშუალებას არ იძლევა. შესაბამისად, მათი აზრით, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ნაადრევი და გაუგებარია.

EDU.ARIS.GE-ს რესპონდენტების ნაწილი ამ გადაწყვეტილების გადახედვას მარტში, საგაზაფხულო არდადეგების დასრულების შემდეგ გეგმავს, ნაწილი კიდევ უფრო გვიან – აპრილში და არიან ისეთებიც, რომლებსაც ამ სასწავლო წლის დისტანციურად დასრულება აქვთ გადაწყვეტილი. სექტემბრამდე კი, იმედოვნებენ, რომ ვაქცინაცია მათ შვილებსაც მოუწევთ და სკოლებსაც თამამად დაუბრუნდებიან. სტატიაზე მუშაობისას ვესაუბრეთ ისეთ მშობლებსაც, რომელთა შვილებიც სკოლებს ერთადერთი მიზეზით უბრუნდებიან – მათ კორონავირუსი უკვე გადაიტანეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობენ, რომ ასე არ მოიქცეოდნენ.

მოსწავლისა და მშობლის ვალდებულებები საკლასო სწავლების აღდგენის შემდეგ

ცირა გელიტაშვილის შვილი მეშვიდე კლასელია. იგი არათუ 15 თებერვლიდან, არამედ მთელი სასწავლო წლის ბოლომდე არ გეგმავს შვილის სკოლაში გაშვებას, მიუხედავად იმისა, რომ აცნობიერებს რამდენად ნეგატიური შეიძლება იყოს ბავშვისთვის მუდმივად სახლში ყოფნა. ამბობს, რომ განათლების სამინისტროს ჯერ გეგმაც კი არ წარმოუდგენია, თუ როგორ უნდა შეამციროს მინიმუმამდე ინფიცირების შესაძლებლობა.

„საჯარო სკოლების დიდი უმრავლესობის ტუალეტებში ბავშვებს არ აქვთ შესაძლებლობა ხელი საპნით დაიბანონ და შეიმშრალონ. თბილ წყალზე აღარ ვსაუბრობ. ჩემი შვილის სკოლაში, სადაც 2000-მდე ბავშვი სწავლობს, საპირფარეშოებიდან ისეთი სუნი გამოდის ხოლმე, როცა შევდივარ, თავბრუ მეხვევა. ოთხსართულიან სკოლას მხოლოდ ორი თუ სამი დამლაგებელი ჰყავს და, რა თქმა უნდა, საკლასო ოთახების სველი წესით წმენდის შესაძლებლობა არ იქნება უზრუნველყოფილი. მანამდე მშობლები თანხას აგროვებდნენ (რაც კანონით აკრძალულია), რათა კლასში ელემენტარული სისუფთავე შენარჩუნებულიყო, ან თავად უწევდათ დალაგება. მე მონაწილეობას პრინციპულად არ ვიღებდი, რადგან თუ სკოლა მთავაზობს, რომ ჩემი შვილი უსაფრთხო და მოწესრიგებულ გარემოში ისწავლის, ეს უნდა შეასრულოს კიდეც. თუ სკოლას მშობელთა დახმარება სჭირდება, ეს უნდა ხდებოდეს ღიად და არა გადაჩურჩულება-გადმოჩურჩულების ხარჯზე.

სამინისტრო სკოლებს: თითოეული მოსწავლე ასაკის შესაბამისად და ყველა მშობელი ინფორმირებული უნდა იყოს ამ საკითხებზე

„არავის გვინდა სახლში გამოვკეტოთ ბავშვები. პირიქით, უნდა მოვძებნოთ ის კანონიერი ბერკეტები, რითიც ამ ყოვლად უმაქნის ინსტიტუციას ვაიძულებთ შეასრულოს საკუთარი მოვალეობა. საკითხი არ დგას ასე, გაიხსნას თუ არა სკოლები, არამედ – სად მიდის ჩემი შვილი, რა სარგებელი და ზიანი შეიძლება მოუტანოს ამან და რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ”, – ამბობს ცირა.

მარიამ ფალელაშვილიც ერთ-ერთია იმათგან, ვისი შვილიც, თანატოლებისაგან განსხვავებით, სწავლას 15 თებერვლიდან სახლიდან განაგრძობს. მარიამს საამისოდ საკმაოდ სერიოზული მიზეზი აქვს – იგი ოპერაციისათვის ემზადება და ამ პერიოდში მისთვის უბრალო გაციებაც კი საშიშია. სწორედ ამიტომ, მარიამის შვილი მდგომარეობას გაგებით ეკიდება და დედის თხოვნას არ ეწინააღმდეგება.

„ისედაც არ მგონია გამეშვა. გადაჭედილი ტრანსპორტი, თან ღია ფანჯრებით ზამთრის პერიოდში, ცოტა დამაფიქრებდა. აგრეთვე, ფაქტია, ბავშვები ვერ დაიცავენ ყველა რეგულაციას და დისტანციას. როგორ წარმოგიდგენიათ ბავშვების შეხვედრა დისტანციით? ვერც სკოლა გააკონტროლებს. რაც შეეხება განათლების მიღებას, უნდა ვაღიაროთ, რომ სკოლაში სიარულის პერიოდშიც ბავშვს ან მშობელი ამეცადინებს, ან რეპეტიტორი. თუმცა, მე ერთი შვილი მყავს, მეშვიდეკლასელი და ჩემთვის ადვილია, ყველა პირობა აქვს შექმნილი სწავლისა და განვითარებისთვის. ვისაც უფრო მეტი შვილი ჰყავს და არ აქვს სათანადო პირობები, ალბათ ისინი უფრო მომხრენი იქნებიან სკოლაში სწავლის გაგრძელების. სწავლის მხრივ, ჩვენ შემთხვევაში, დიდი დანაკლისი არაა. პირიქით, უფრო დავინახეთ, რას აძლევდა, უფრო სწორად კი, რას ვერ აძლევდა სკოლა ბავშვს“, – ამბობს მარიამი.

ნათია შეტეკაურის შვილი კი პირველი ექსპერიმენტული სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეა. ისიც ფიქრობს, რომ სკოლების გახსნის გადაწყვეტილება ნაადრევი და მოუმზადებელი იყო. მიაჩნია, რომ რეგულაციები ეფექტური არ არის და ეს ოქტომბრის მაგალითმაც აჩვენა, როცა ახლადგახსნილი სკოლების ხელახლა დაკეტვა მოუწიათ. სწორედ ამიტომ, ნათია ისევ ონლაინ სწავლებას ირჩევს, მიუხედავად იმისა, რომ მის შვილს სკოლა და მეგობრები ენატრება და ნათია თავადვე აღიარებს, რომ ბავშვს ონლაინ სწავლება „საკმაოდ რთულად გადააქვს“. ნათია და მისი შვილი შეთანხმდნენ, რომ მინიმუმ საგაზაფხულო არდადეგების დასრულებამდე, ანუ მარტის შუა რიცხვებამდე შეაფასებენ სიტუაციას და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ, არსებულ რეალობის გათვალისწინებით, ხელახლა მიიღებენ.

„ოქტომბერში შოკირებული ვუყურებდი ეზოში ხვევნა-კოცნით რომ ხვდებოდნენ ერთმანეთს მშობლები. სკოლამდე ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს შეგნებული, მაგრამ იცით რაზე მწყდება გული? ბავშვების დაცვაზე არავინ ფიქრობს. ეს ვირუსი ხანგრძლივ მოქმედებაში ჯერ შესწავლილი არ არის. მაშინ, როცა ჩვენი შვილები არ არიან ზრდასრულები, არ არიან სქესობრივად მომწიფებულები, ვიცით კი რა გავლენას დატოვებს ეს ყველაფერი მათ ჯანმრთელობაზე? მარტო იმაზე ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ბავშვების სახლში გამოკეტვის პრობლემა მოვაგვაროთ და ხვალინდელი დღე დავივიწყოთ? სკოლას რომ ეთქვა, გადავანაწილებთ კლასებს ცვლების მიხედვით და ამით დისტანციის დაცვას შევძლებთო, მერხებზე რომ იყოს ბარიერები, საპირფარეშოები ყოველი დასვენების შემდეგ რომ სუფთავდებოდეს და ოთახები ყველა დასვენებაზე ორპირით ნიავდებოდეს, მე პირადად გავუშვებდი, მაგრამ ამ მოცემულობაში სახლში ვტოვებ“, – აცხადებს ნათია.

„მშობლებმა უნდა გამოატანონ შვილებს პირბადე“ – მე-5 კლასიდან პირბადის ტარება ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება

სწავლის პროცესის საკლასო ოთახებში განახლება ყოვლად მიუღებლად მიაჩნია ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლის დედას, ლულუ გოგიჩაიშვილსაც. ჩვენთან საუბარში ის არაერთ მიზეზს ასახელებს – ტრანსპორტში დისტანციის დაცვის შეუძლებლობას, პატარა საკლასო ოთახებში მოსწავლეთა დიდ რაოდენობას, საპირფარეშოებში სადეზინფექციო ხსნარებისა და ერთჯერადი ხელსაწმენდი ქაღალდების ნაკლებობას და ა.შ.

„ბავშვები პირბადის გარეშე ივლიან? ან დღის მანძილზე რამდენჯერ უნდა გამოიცვალონ პირბადე? თუ ბავშვი ტრანსპორტში, ან სკოლაში დაინფიცირდა სახლში მშობლები და ბებია-ბაბუები არ ელიან, ვინც ამ დრომდე გადაურჩა? თუ ისევ გვინდა ისეთი მესამე ტალღა მივიღოთ, რაც საბოლოოდ გაანადგურებს ქვეყანასა და რესურსებს? თანაც, ახალი შტამი უფრო მაღალი გავრცელებით გამოირჩევა და დაინფიცირების უფრო დიდი ალბათობაა, ვიდრე პანდემიის დასაწყისში! ამ პირობებში არ მგონია მთავრობამ უზრუნველყოს ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის უსაფრთხოება! აქვს განათლების სამინისტროს რესურსი, რომ ყოველდღე სველი წესითა და სადეზინფექციო ხსნარებით დაალაგოს საკლასო ოთახები, მერხები, საპირფარეშოები? იმუნიტეტდაქვეითებული, სახლში გამოკეტილი ბავშვები ამ ეტაპზე ყველანაირი ვირუსის, გრიპი იქნება თუ კოვიდი, ადვილად მიმღებები არიან! ამიტომაცაა, ჩემი აზრით, ეს არასწორი გადაწყვეტილება! არ მინდა ქვეყნის ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავებაში წვლილი შევიტანო! დაიწყება სწავლა და 10-12 დღეში ახალი ტალღა წამოვა სკოლებიდან, მერე ისევ შეწყვეტენ. ასე ვიქნებით უსასრულოდ, სანამ ვაქცინა არ მოაღწევს “მოკვდავებამდე”, – აცხადებს მშობელი.

ქეთი (თბილისის 24-ე საჯარო სკოლის მეთერთმეტე და მეშვიდე კლასის მოსწავლეების მშობელი): „ვფიქრობ სკოლების გახსნა ნაადრევი იყო. ჯერ ტრანსპორტი უნდა გაეხსნათ და დაკვირვებოდნენ რა მოხდებოდა, მერე კი სკოლები. ბავშვები აპროტესტებენ, თუმცა მათ კლასებში თითქმის ყველამ ონლაინ სწავლაზე დარჩენა არჩია. შესაბამისად, პედაგოგები არ შეეცვლებათ“.

ნინა ბათიაშვილი (ტყუპი პირველკლასელების დედა): „მე ქრონიკული დაავადება მაქვს, რომელიც კოვიდის რისკ-ჯგუფის სიაშია და ამიტომ ვერ ვუშვებ. ეგ რომ არა, გავუშვებდი. არ მოსწონთ, დიდი საპროტესტო ტალღა დაგვატყდა თავს ოჯახში, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ მშობლები სკოლაში სიცხიან ბავშვებს არ გამოუშვებენ. ბაღში რომ დადიოდნენ, იქ ეგრე იქცეოდნენ და მაგ მშობლებს რა შეცვლიდა? თან, სიცხე შეიძლება სულაც არ ჰქონდეს ბავშვს, ისე ჰქონდეს ვირუსი. ან სიცხე შეიძლება დღის განმავლობაში აუწიოს, დილით სულაც არ ჰქონდეს. რანაირად გაარკვევს სკოლა უსიცხო ბავშვს ვირუსი აქვს თუ არა? თუ უსიცხოა, არც მშობელია შუაში. არც მარტში ვაპირებ გაშვებას. არც კოვიდი წავა მანამდე არსად და არც ჩემი დაავადება.“

თათია ოდიშვილი (მესამე კლასელი ბავშვის მშობელი): „გორში ვცხოვრობთ, აქ უკვე დაიწყო სწავლა, მაგრამ არ გამიშვია. იმ ფონზე, რომ ახლა ყველაფერი იხსნება, მათ შორის ტრანსპორტი, სკოლების გახსნა, ჩემი აზრით, ნაადრევი იყო. თანაც, ახალ შტამზე ლაპარაკი, რომელიც ბავშვებში მეტად რთულდება. ზუსტად ვიცი, ჩემი შეგონებები ჰიგიენაზე სკოლის კარის იქეთ არ გაჰყვება. ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა, ჯერ გახსნილიყო ყველაფერი, შეეხედათ სიტუაციისთვის და სკოლა შემდეგ გაეხსნათ.

„კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ჩემი შვილის კლასშიც მოხდა და ბევრისგან მსმენია – გაკვეთილზე ნუროფენდალეული ბავშვები ისხდნენ. არ მაქვს მშობლების შეგნების იმედი, რომ ავადმყოფ ბავშვებს გაკვეთილზე არ გამოუშვებენ. ასევე, გორში იყო შემთხვევა, როცა დედ-მამას კოვიდი ჰქონდა და მათი ორივე შვილი სკოლაში დადიოდა. უბრალოდ დაურეკეს და ბავშვები მოიკითხეს – დადებითი მოვიდა და როგორ არიანო, თორემ ბოლომდე ივლიდნენ. საგაზაფხულო არდადეგების მერე შევხედავ როგორ იქნება სიტუაცია, თუ სტაბილურად იქნება ყველაფერი, გავუშვებ.“

თათია მიმინოშვილი (ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეორე კლასელი მოსწავლის დედა): „არ ვუშვებ, რადგან მეშინია. ამდენი ხანი “გამოვძვერით” ისე, რომ არ შეგვხვდა ვირუსი, მიუხედავად იმისა, რომ მეც ვმუშაობ და მამაც. ონლაინ გაკვეთილებითაც ძალიან კმაყოფილი ვარ, კარგი მასწავლებლები გვყავს. ასე რომ, სანამ კარგად არ დასტაბილურდება სიტუაცია, უკეთესი იქნება სახლში იყოს. დიდად არც ენატრება, მგონია სახლში უფრო ნაყოფიერად ვასწავლი. მასწავლებელსაც ვუსმენ რას ასწავლის და როგორ. 26 ბავშვში ჯდომას ასე მირჩევნია. პედაგოგები თუ შეეცვლება, ეგეც არაა ჩემთვის დისკომფორტი. თუ ახალი ტალღები არ წამოვა, აპრილში გავუშვებ.“

მშობელთა უმეტესობა ამბობს, რომ საკუთარი ფოტოს ან სწორი გვარსახელის გამოქვეყნება არ სურთ, რადგან საჯარო უწყებებში მუშაობენ.

„მზად ხართ ამ ყველაფრისთვის? მაშინ ავაგუგუნოთ სკოლებში ზარი“ – მასწავლებლის მიმართვა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური