GE

„არაერთხელ გავეცი ყველა შეკითხვას პასუხი“ – განათლების მინისტრს დეპუტატების კითხვები ეუცნაურა

„არაერთხელ ვისაუბრეთ რეფორმის ყველა კომპონენტზე, მათ შორის თქვენთან, უცნაურია ასეთი განცხადებები თქვენგან“ – განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც ის ინტერპელაციის წესით „ევროპულმა საქართველომ“ მიიწვია და მიიღო კითხვები საატესტატო გამოცდების გაუქმების, ზოგადი უნარებისა და ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის საქმის შესახებ.

ოპოზიცია ამბობს, რომ მინისტრისგან აქამდე არგუმენტირებული მსჯელობა არ მოუსმენია და სწორედ ამიტომ დაიბარეს ის პარლამენტში.

მინისტრმა დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მას პარლამენტში არაერთხელ ჰქონდა გამოსვლა და ყველა კითხვას მაქსიმალურად ამომწურავი პასუხი უკვე გასცა:

„მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გავეცი ყველა შეკითხვას პასუხი და წერილობითაც მაქვს წარმოდგენილი, ამჯერადაც მზად ვარ ყველა თქვენს შეკითხვას ვუპასუხო. შესაბამისად, მე თვითონ გამოვთქვი სურვილი აქ მოსვლისა“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრმა კიდევ ერთხელ ჩამოთვალა მიზეზები, რის გამოც რეფორმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები მიიღეს. თქვა, რომ გრანტების განაწილების საკითხი მომავალი წლისთვის შეიცვლება და სხვ.

ინტერპელაცია ახალი კონსტიტუციითა და ახალი რეგლამენტით წარდგენილი წესია და ამ ფორმატში მინისტრის მოსმენა დღეს პირველად გაიმართა.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური