GE

არაკომპეტენტურობა თუ კორუფცია?

გამომცემლობების, სტამბების, სახელმძღვანელოების ავტორებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის ცხელი პერიოდია – ბატიაშვილის უწყებამ, სულ მალე დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნისა და საბაზო საფეხურის VII კლასის სახელმძღვანელოების/სერიების გრიფირების (2018-2019) პროცესის შედეგები უნდა გამოაცხადოს, სულ მალე გვეცოდინება ამჟამად რა ხარისხის წიგნებს მიიღებენ ბავშვები.

სულ მალე გავიგებთ შედეგებს, თუ ბატიაშვილის უწყებები ისევ სკანდალურ ისტორიაში არ გაეხვევიან და ამის გამო გრიფირების პროცესის იძულებით შეჩერება არ მოუწევთ, ზუსტად ისე, როგორც ეს შარშან, ინფორმაციული ტექნოლოგიების (ისტ) VI კლასის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით მოხდა. საკითხი სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის დის, ლალი გიგაურის გრიფირების პროცესში შესაძლო მონაწილეობას/არ მონაწილეობას ეხება – „გიგაურის საქმე“-ზე უკვე 346 დღის განმავლობაში პასუხები გაცემული არ არის, ისტ-ის სახელმძღვანელოს გრიფირება კი დღემდე შეჩერებულია.

გაცილებით უფრო მასშტაბური და შთამბეჭდავი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის დასკვნაა, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების შესახებ, რომელიც გრიფირების პროცესში არსებულ ხარვეზებს ეძღვნება.

მაშასადამე,  გადმოტვირთეთ და წაიკითხეთ:

ინსპექტირების სამსახურის დასკვნა #2709181755.

წაკითხვისას, რთულია, საკუთარ თვალებს დაუჯერო.

გრიფირებასთან დაკავშირებული პრობლემების აღსაწერად 66 გვერდი გახდა საჭირო.  ინსპექტირების სამსახურის დასკვნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში  2018 წლის 1 ოქტომბერს არის გადაგზავნილი.  პროკურატურა კი აშკარად არ ჩქარობს.

ინსპექტირების სამსახურის დასკვნაში, ჩვენ ყოფილი განათლების მინისტრის მოადგილის და ამჟამინდელი ქუთაისის დიდი მშენებარე უნივერსიტეტის რექტორიის მოვალეობის შემსრულებლის თეიმურაზ მურღულიას გვარი ამოვიკითხეთ. EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე, იყო თუ არა ის დაკითხვაზე პროკურატურაში დაპატიჟებული, შემდეგი პასუხი მივიღეთ – „გარდა იმისა, რომ არ ვიცი მე რაზე უნდა დამიძახონ და შესაბამისად არც დაუძახიათ…“, შემდეგ კი დაამატა, „რა თქმა უნდა, პროკურორთან საუბარს საჭიროების შემთხვევაში არ გავექცევი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სხვა ადამიანებს უფრო მეტი საუბარი მოუწევთ…“.

ეს სერიოზული განცხადებაა.

ვის, ბატონო თემურ? ბატიაშვილს? ზუსტად მინისტრია 2018 წლის 20 ივლისის ცნობილი ბრძანების ავტორი (ბრძანება #12), რომლის მიხევდით, იმჟამინდელ მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიას, გრიფირების პროცესში ფართო ფუნქციები მიენიჭა. თუ იმჟამინდელ მინისტრის მოადგილეებს?

თეიმურაზ მურღულიამ ინსპექტირების სამსახურის აქტი გაასაჩივრა და აქტის ბათილად ცნობას ითხოვს – მოპასუხე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა.

„დასკვნაში მოცემული მსჯელობა და შეფასება, ასევე გარემოებათა „ფაქტად“ კონსტატაცია მცდარია. შესაბამისად, ასევე მცდარია მათ საფუძველზე „გამოვლენილი“ დარღვევები. ამგვარი აქტის ძალაში დარჩენით, ფაქტობრივად გარემოებების გადამოწმებამდე, შესაძლებელია მოსარჩლე ჩართული იქნას სისხლისსამართლებრივ საქმეში… არაარგუმენტირებული დასკვნა ზიანს აყენეს თეიმურაზ მურღულიას რეპუტაციას“, – ვკითხულობთ თეიმურაზ მურღულიას მიერ EDU.ARIS.GE-სთვის გამოგზავნილ სარჩელში.

თეიმურაზ მურღულიას თქმით, მოსამართლემ საქმის არსებით განხილვაზე უარი თქვა, ჩვენ მისგან სასამართლოს გადაწყვეტილების გაცნობის დაპირებაც მივიღეთ, თუმცა რატომღაც არ გამოგვიგზავნა. ამასთან, მივიღეთ სააპელაციო პროცესზე დასწრებაზე დაპატიჟებაც. როდის არის პროცესი, ბატონო თემურ?

გრიფირებულ სახელმძღვანელოებზე სახელმწიფო ბევრ მილიონს ლარს ყოველწლიურად ხარჯავს, ახალი გრიფირების მინიჭების დროს კი უფრო მეტ მილიონს (მხოლოდ I-VI კლასელებისათვის 1,800,000 წიგნი არის საჭირო, ამის შემდეგ ყოველწლიურად დაახლოებით მესამედი ხელახლა იბეჭდება).

ერთი წელი გავიდა, რა შეიცვალა?  მხოლოდ მინისტრის გვარი?

გრიფირებაზე პასუხისმგებელი მაშინდელი მინისტრის მოადგილე არ არის დაკითხული, მინისტრის მოადგილის დის პროცესში შესაძლო ჩართულობა/არ ჩართულობა უკვე ერთი წელია გამოუძიებელია, 66 გვერდზე გაწერილი ხარვეზები გაქრა? სად?

არის გრიფირების პროცესი გამჭირვალე? იმიტომ, რომ სამინისტრო ამას მხოლოდ აცხადებს? ნუთუ ამდენი დარღვევა მხოლოდ მინისტრის და გრიფირების პროცესში ჩართული ზოგიერთი ადამიანების არაკომპეტენტურობის ბრალია?

არის გრიფირების პროცესი კორუფციული გარიგებებისაგან თავისუფალი?

სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საინტერესო ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (032) 2192121 ან მოგვწერეთ grif@aris.ge-ზე, კონფიდენციალურობა გარანტირებულია.

=
რა ნიშნავს გრიფირებული სახელმძღვანელო? (წყარო: mes.gov.ge)

საქართველოს ყველა სკოლა ვალდებულია ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა განახორციელოს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებით (გამონაკლისი დაიშვება კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში)

გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო არის სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კონკრეტული საგნის სწავლებისათვის. იგი აკმაყოფილებს გრიფის მისანიჭებლად აუცილებელ პირობებს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, გარკვეული ვადით მინიჭებული აქვს გრიფი. ამით სახელმძღვანელო უპირატესობას იძენს ყველა დანარჩენ საგანმანათლებლო რესურსთან შედარებით და გრიფის ვადის მოქმედების განმავლობაში სასწავლო პროცესში გამოიყენება, როგორც ძირითადი საგანმანათლებლო რესურსი.

ამავე თემაზე:

სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების შესახებ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა – რა დარღვევები იკვეთება ინსპექტირების სამსახურის დასკვნით

ბატიაშვილი გიგაურის წინააღმდეგ – რა ანგარიშია? (ბლოგი)

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურის დის საქმეზე, ბატიაშვილის უწყებამ ვიდეოფაილი ექსპერტიზაზე იმთავითვე ცნობილი პასუხის მისაღებად გააგზავნა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური