GE

არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვა თუ კანონი მედიის შეზღუდვისთვის?

პარლამენტი დაჩქარებული წესით იწყებს განხილვას „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, 2019 წლის 1 ივლისამდე უნდა მიიღოს. კანონპროექტის ავტორი კომუნიკაციების ეროვნული კომისიაა და  ორგანიზაციის მტკიცებით, ცვლილებები სიძულვილის ენის, ომის პროპაგანდისა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვას ითვალისწინებს, თუმცა განსხვავებულად ფიქრობს ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედის ნაწილი, რომლებიც დაგეგმილ ცვლილებებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობად აფასებენ.

კომუნიკაციების კომისიაში განმარტავენ, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დღეს ისეთი სენსიტიური და მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის სიძულვილის ენა, ომის პროპაგანდა და არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენა მოქმედი კანონმდებლობით არ ითვალისწინებს მაუწყებლებისთვის რეგულირების ეფექტიან მექანიზმებს და ასეთი საკითხები მხოლოდ მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოებში განიხილება. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მიხედვით, მაუწყებელთა თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების კომისიაში, ან სასამართლოში გასაჩივრება დაუშვებელია, რაც ევროკომისიის დაფინანსებით მოწვეული ექსპერტების დასკვნით, შეუსაბამობაშია ევრო დირექტივასთან და კანონში ცვლილებებს საჭიროებს.

„თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კომისიაში, ან სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაზრდის თავად თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობას და მაუწყებლები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საჩივრებს. მოგეხსენებათ, რომ დღეს თვითრეგულირების მექანიზმი არაეფექტურად მუშაობას და ამას თავად არასამთავრობო სექტორიც ადასტურებს. კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელი იქნება სასამართლოში“, – აღნიშნავენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში და დაინტერსებულ მხარეებს კანონპროექტის განხილვისთვის სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას სთავაზობენ.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ამოცანაა, მოიძებნოს საუკეთესო ბალანსი სიძულვილის ენასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის. „სიძულვილის ენაც სამწუხაროდ, გამოხატვის თავისუფლების შემადგენელი ნაწილია, მაგრამ ამოცანა ის არის, რომ საუკეთესო ბალანსი მოვძებნოთ ადამიანის სურვილს, სიძულვილით ილაპარაკოს და მეორე მხრივ, გამოხატვის თავისუფლებას შორის,“ – განაცხადა მან პარლამენტში ჟურნალისტებთან შეხვდრისას.

ევროპული საქართველოს წევრ გიგა ბოკერიას თქმით, ეს  არის “მედიისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საგანგაშო მცდელობა”.

“კომისიის კანონპროექტი საუბრობს იმაზე, რომ მათი კონტროლი უნდა გავრცელდეს მთელ ინტერნეტზე და აქვთ ე.წ. ქცევითი კოდექსი, თუ რა არის ჟურნალისტური სტანდარტი. ამას, ამ დრომდე არეგულირებდა მედია და ახლა უნდათ, რომ ეს გადმოვიდეს მარეგულირებლის ხელში. სიძულვილის ენას სჭირდება თვითრეგულირება და არა სახელმწიფოს ჩარევა”, — განაცხადა გიგა ბოკერიამ.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური