GE

არასრულწლოვანის მონაწილეობით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი ჩაერთვება – ცვლილება

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში შესული ცვლილების მიხედვით, იმ სისხლის სამართლის საქმეში, რომელშიც არასრულწლოვანი მოწმე ან არასრულწლოვანი დაზარალებული მონაწილეობს, პროკურორის ან გამომძიებლის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ჩაერთოს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი.

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის 22 ივნისს ხელმოწერილი დოკუმენტი 24 ივნისს გამოქვეყნდა.

„პროკურორი ან გამომძიებელი მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს არასრულწლოვანი მოწმის, არასრულწლოვანი დაზარალებულის ინტერესების გათვალისწინებით“, – ვკითხულობთ ბრძანებაში.

დოკუმენტითვე განისაზღვრა რა მოვალეობებს შეასრულებს პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი და ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი.

ბრძანების თანხმად, სისხლის სამართლის საქმეში ჩართულ კოორდინატორს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში.

„დახურულ სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის მონაწილეობით მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესს, მოწმის/დაზარალებულის სურვილის შემთხვევაში, ესწრება პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური