GE

არასრულწლოვანთა კოდექსის დარღვევისთვის „ჯი დი ესი“ 5000 ლარით დააჯარიმეს

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ჯი დი ეს თი ვი“ ეთერში არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი ფილმის კანონდარღვევით განთავსების გამო 5 000 ლარით დააჯარიმა. უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება მხატვრულ ფილმს „მამაცი გული“, რომელიც მათი განმარტებით ძალადობის, მკვლელობის, სექსუალური სცენებისა და სიშიშვლის ამსახველ კადრებს შეიცავს.

„ფილმი ტელეკომპანია „ჯი დი ეს თი ვიმ“ სამაუწყებლო ბადეში კანონმდებლობით შეუსაბამო დროს და შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების გარეშე განათავსა. კერძოდ, „ჯი დი ეს თი ვის“ ეთერში ფილმი 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი ნიშანდებით 18:15 საათზე გავიდა, მაშინ, როდესაც 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი ფილმი  კანონმდებლობის შესაბამისად არ შეიძლება განთავსდეს 6 საათიდან 21 საათამდე. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ძალადობისა და მკვლელობის კადრების შემცველი გადაცემა 18 წლამდე არასრულწლოვანთათვის, ხოლო სექსუალური სცენისა და სიშიშვლის ამსახველი კადრების შემცველი გადაცემა 15 წლამდე მოზარდებისთვისაა შეუსაბამო. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ფილმს ამერიკის მხატვრული ფილმების ასოციაციის (Motion Pictures Association – MPA) მიერ მინიჭებული აქვს R კატეგორია, რაც გულისხმობს, რომ ფილმი შეუსაბამოა 17 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამების განთავსების წესში შესული ცვლილებები 2020 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა.  ბავშვის უფლებათა კოდექსსა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები მოზარდებს მაუწყებლებისა და ინტერნეტიდან მომდინარე საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან დაცვის მექანიზმებს ითვალისწინებს. მშობელს, ან კანონიერ წარმომადგენელს აქვს უფლება პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისიას მიმართოს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური