GE

არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილმა დანაშაულების რიცხვმა მკვეთრად მოიმატა – შსს-ს უახლესი სტატისტიკა

შსს-ს ინფორმაციით, არასრულწლოვანთა და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების რიცხვმა 2018 წელს მკვეთრად მოიმატა. განსაკუთრებით დანაშაულის რიცხვმა მოიმატა ქურდობის ნაწილში. მათ მიერ გასულ წელს საკუთრების ხელყოფის 78 შემთხვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულს, აქ ძალადობის კომპონენტია გაზრდილი.

„2018 წელს გვაქვს შემდეგი მოცემულობა: მკვეთრად გაზრდილია არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულები, ისინი ძირითადად ჩადიან საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს – ეს გახლავთ ქურდობა, მცირეა მათი მხრიდან ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის შემთხვევები, რაც შეეხება არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილ დანაშაულებს, ეს კომპონენტიც გაზრდილია. ყველაზე მეტად გავრცელებულია არასრულწლოვანთა მიმართ ოჯახში ძალადობა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ორი: შესაძლოა მოიმატა არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილმა დანაშაულებმა, ან გაიზარდა მათი მხრიდან მომართვიანობის რიცხვი“, – აღნიშნა შსს-ს ადამიანთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ლონდა თოლორაიამ.

შსს-ში პრობლემის გადაჭრის კომპლექსურ გზებზე საუბრობენ და პრევენციისთვის, სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან.​

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, შეხვედრაზე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია გაძლიერდეს პრევენციის მექანიზმები არასრულწლოვან დამნაშავეთა მიმართ.

„ჩვენი რეკომენდაცია შემდეგია, უნდა გაძლიერდეს სოციალური სამსახურები, განათლების სამსახურები უნდა მუშაობდნენ უფრო მეტად არასრულწლოვნებთან, რომლებიც ჩადიან გარკვეულ კანონდარღვევებს. მნიშვნელოვანია გაძლიერდეს პრევენციის მექანიზმები არასრულწლოვან კანონდამრღვევებთან მიმართებით. თუ ბავშვი ჩადის გარკვეულ კანონდარღვევას, ეს ნიშნავს, რომ ამ ბავშვს სჭირდება დახმარება. ეს დახმარება პირველ რიგში უნდა მოდიოდეს სოციალური დაცვის სამსახურიდან, განათლების სექტორიდან, ფსიქო-სოციალური დახმარება ესაჭიროება ამ ბავშვს და მნიშვნელოვანია სწორედ ამ მიმართულებით გავაძლიეროთ ბავშვის დახმარების მექანიზმები მათი სხვადასხვა პროგრამებსა და სერვისებში ჩართვით, რაც ხელს შეუწყობს დანაშაულის შემცირებას“, – განაცხადა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში.

ა.წ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური