GE

არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემების დამუშავება პანდემიისა და დისტანციური სწავლების პროცესში კიდევ უფრო აქტუალური გახდა

პერსონალური, მათ შორის არასრულწლოვნების მონაცემების კანონიერად დამუშავების საკითხი, Covid-19 -ის პანდემიისა და დისტანციური სწავლების პროცესში კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მხრიდან დაკისრებული ფუნქციების შესრულებისა და დისტანციური სწავლების პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავების მაღალი მაჩვენებლის გამო, გაიზარდა პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტით უზრუნველყოფის მნიშვნელობა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობით, აღნიშნულ საკითხებზე პედაგოგები და მასწავლებლის სახლის წარმომადგენლები გადაამზადეს, რომლებიც თავის მხრივ ტრენინგებს საჯარო სკოლების დირექტორებს და მასწავლებლებს ჩაუტარებენ.

მონაწილეები გაეცნენ პერსონალური მონაცემების დაცვის ეროვნულ სტანდარტს, მონაცემთა დამმუშავებელი დაწესებულების ვალდებულებებსა და მონაცემთა სუბიექტის უფლებებს, ვიდეოთვალთვალისთვის დადგენილ რეგულაციებს და მონაცემთა უსაფრთხოების საკითხებს. ტრენინგის მიმდინარეობისას ხაზი გაესვა დისტანციური სწავლების დროს მონაცემთა დამმუშავებლების ვალდებულებებს, სამსახურის პრაქტიკის ფარგლებში გამოკვეთილ პრობლემურ საკითხებსა და შესაბამის რეკომენდაციებს.

ტრენერების დისტანციური სწავლება ორ ეტაპად განხორციელდა და იგი 150-ზე მეტმა მონაწილემ გაიარა. ტრენინგი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერების, პროგრამის ხელმძღვანელებისა და მოადგილეების, ასევე კონსულტანტი მასწავლებლებისთვის განხორციელდა. მომზადებული ტრენერები სამომავლოდ აღნიშნულ კურსს edex.emis.ge – ის ვებგვერდის მეშვეობით თავად გაუწევენ ფასილიტაციას და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე სხვა პედაგოგების გადამზადების პროცესს გააგრძელებენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური