GE

არსებითი პრობლემები, რომელმაც პანდემიისას მოსწავლეთა სწავლაზე ნაკლებხელმისაწვდომობა გამოიწვია – რას უყვება განათლების კომიტეტი ჩხენკელის უწყებას

სასწავლო პროცესის სკოლაში განახლების შემდეგ, კორონავირუსის “ომიკრონის” შტამის გაძლიერებასთან ერთად, რჩება შიშები სწავლების კვლავ სრულად დისტანციურ ფორმატზე გადასვლის შესახებ, რაც არაერთი მოსწავლისთვის სასწავლო პროცესისგან სრულად მოწყვეტას ნიშნავს. ამაზე მიუთითებს საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებული ანგარიშის კიდევ ერთი ნაწილი, რომლის რეკომენდაციების თაობაზეც EDU.ARIS.GE წინა სტატიაში უკვე წერდა.

ონლაინ გაკვეთილებზე დასწრებისთვის, მოსწავლეებს და მასწავლებლებს სჭირდებათ ინტერნეტის შესაბამისი სიხშირე. მათი დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ინტერნეტის ხარისხი და ინტერნეტის ფასი – ვკითხულობთ ანგარიშში.

მოგეხსენებათ, 2021 წელს, პარლამენტის მეცნიერებისა და განათლების კომიტეტმა, რომელსაც ამჟამინდელი პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა, თემატური მოკვლევა ჩაატარა თემაზე „COVID 19-ით გამოწვეული პანდემიის გავლენა ზოგადი განათლების სისტემაზე საქართველოში“. კომიტეტის მიერ თემატური მოკვლევის ანგარიში და რეკომენდაციები კი სამინისტროს წარედგინა.

ანგარიშში აღნიშნულია დღეისათვის ანბანური ჭეშმარიტება, ანუ ის, რომ დისტანციურ რეჟიმში სწავლა-სწავლების წარმართვისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა კომპიუტერებსა და ინტერნეტზე წვდომაა და გასათვალისწინებელია არა მხოლოდ მოსწავლეთა სახლებში კომპიუტერის რაოდენობა, არამედ წვდომის ხარისხი და სტაბილურობა.

„სოფლად მოსწავლეების უდიდეს ნაწილს გაკვეთილებზე დასწრება უკაბელო ან ტელეფონში ჩართული ინტერნეტის საშუალებით უწევდა. 65 მუნიციპალიტეტიდან დაახლოებით 10-ში შინამეურნეობების 50%-ზე მეტს ჰქონდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი და დაახლოებით 10 მუნიციპალიტეტში, რომლებშიც 50000-მდე მოსახლე ცხოვრობს, 5%-ზე ნაკლებს აქვს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი. შესაბამისად, გამოკითხული მოსწავლეების 61%-ისა და მასწავლებლების 50 %-ის თქმით, ინტერნეტი ცუდად ან შეფერხებით მუშაობდა. მასწავლებლები ყველაზე ხშირად ხმის გაწყვეტის პრობლემას ასახელებენ. მათი 71% ამბობს, რომ ძალიან ხშირად ან ხშირად წყდებოდა ხმა. ნახევარზე მეტი ამბობს, რომ გამოსახულება იყო უხარისხო, მესამედი კი აღნიშნავს, რომ ხშირად ან ძალიან ხშირად ვერ ახერხებდა მასალების ატვირთვას ან ჩამოტვირთვას“, – წერია ანგარიშში.

მოკვლევის თანახმად, ურბანულ სკოლებში ინტერნეტზე წვდომის პრობლემა, სოფლის სკოლებთან შედარებით, ნაკლებად იდგა. ინტერნეტის ცუდად ან შეფერხებით მუშაობას ასახელებს თბილისში მასწავლებლების 33%, ხოლო სხვა ქალაქებში 44%, მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი სოფლებში 60%-ია.

„თუმცა ურბანული სკოლებისთვის დამატებითი გამოწვევა შექმნა მოსწავლეების ნაწილის სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში გამგზავრებამ. შესაბამისად, სოფლად ინტერნეტის დაბალი ხარისხი ურბანული სკოლების მოსწავლეების ჩართულობის შესაძლებლობებზეც აისახა“, – წერია ანგარიშში.

განათლების კომიტეტი ჩხენკელის უწყებას წერს, რომ ტერიტორიულ დაფარვასთან ერთად, ინტერნეტთან დაკავშირებული დამატებითი გამოწვევა ინტერნეტპაკეტის ფასია. მშობლების ნაწილი, ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ ახერხებდა მოსწავლისთვის ინტერნეტის პაკეტის შეძენას. ერთ-ერთი დირექტორი კომიტეტს მოუყვა, რომ „ბავშვებს, რომლებსაც არ ჰქონდათ ფინანსური შესაძლებლობა, მასწავლებლები ურიცხავდნენ მეგაბაიტებს და ისე ატარებდნენ გაკვეთილებს“.

„ინტერნეტპაკეტების შეღავათიან ფასში შეთავაზება – ინტერნეტის ფასთან დაკავშირებული პრობლემა ნაწილობრივ მოაგვარა სამინისტრომ, თუმცა, მოსაზრებათა ნაწილის თანახმად, მხარდაჭერას „დააგვიანდა“. ამასთან, მოსწავლეების ნაწილისთვის ეს ინიციატივა ვერ ჭრის პრობლემას და ისევ რჩებიან ისეთი მოსწავლეები, რომელთათვისაც შეღავათიანი პირობით შეთავაზებული ინტერნეტის ფასიც კი დისტანციურ სწავლაში ჩართვის ბარიერს წარმოადგენს“, – ვკითხულობთ კომიტეტის მიერ სამინისტროსთვის გადაცემულ ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, მოსწავლეებისა და მასწავლებლების დიდ ნაწილს არ მიუწვდება ხელი სწავლაში სრულფასოვნად ჩართვისთვის საჭირო კომპიუტერულ მოწყობილობაზე. ამის გარდა, მოსწავლეების ნაწილს აქვს ტელეფონები, რომელთა ტექნიკური პარამეტრები ვერ უზრუნველყოფდა მათ მიერ Microsoft Teams-ის გამოყენებას. შესაბამისად, მასწავლებლების თქმით, მათ უწევდათ გაკვეთილის ჩატარება ცალკე Microsoft Teams-ში და ცალკე Facebook Messanger-ში იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც Teams-ს ვერ იყენებდნენ შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების მქონე მოწყობილობების უქონლობის გამო.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც პარლამენტის ახლანდელმა თავმჯდომარემ და მისმა კომიტეტმა გაამახვილა ყურადღება, მრავალშვილიან ოჯახებში მოსწავლეებისთვის კომპიუტერულ მოწყობილობებზე წვდომაა. პრობლემას ქმნის და ის, რომ ზოგიერთ ოჯახში 3-4 მოსწავლეს უწევს ტელეფონის ან კომპიუტერის მორიგეობით გამოყენება.

„დისტანციურ გაკვეთილებს ისინი ან საერთოდ ვერ ესწრებოდნენ, ან ესწრებოდნენ მხოლოდ მაშინ, როცა ოჯახის სხვა წევრს არ ემთხვეოდა საგაკვეთილო პროცესი, ანუ სარგებლობდნენ ინტერნეტში ჩართული ერთი საერთო კომპიუტერით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან მობილური ტელეფონით მაინც. საქმე განსაკუთრებით მაშინ რთულდებოდა, თუ მშობლებიც/მშობელიც პედაგოგი იყო“, – მოუყვა განათლების კომიტეტს ერთ-ერთი სკოლის დირექტორი.

მოკვლევის მიხედვით. მასწავლებლების ნაწილს არ ჰქონდა პერსონალური კომპიუტერი ან ნოუთბუქი. გარდა კომპიუტერთან და ინტერნეტთან წვდომისა, თავი იჩინა ისეთმა პრობლემამ, როგორიც არის სასწავლო სივრცის არქონა. მაგალითად, ზამთრის სეზონზე, სხვა ოთახებში სითბოს უქონლობის გამო, ერთი სივრციდან სამი ან მეტი მოსწავლე ერთვებოდა გაკვეთილზე, რაც მოსმენისა და გაგების პრობლემას ქმნიდა. სკოლები საგაკვეთილო ცხრილს ადგენდნენ მრავალშვილიანი ოჯახების ინტერესების გათვალისწინებით, იმისათვის, რომ „თითოეულ ოჯახში ერთი კომპიუტერი ყოფილიყო საკმარისი.“ როგორც რამდენიმე დირექტორი ხსნის, „საგაკვეთილო განრიგი ისე იყო აწყობილი, რომ არ მომხდარიყო გადაკვეთა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების გაკვეთილების საბაზო-საშუალო მოსწავლეების გაკვეთილებთან, რათა აღნიშნულ პრობლემას არ ეჩინა თავი“.

ასევე იხილეთ:

„გადახედვას საჭიროებს ე.წ. ბუკების უსასყიდლოდ დარიგება პირველკლასელებისთვის“ – განათლების კომიტეტის 4 რეკომენდაცია სამინისტროს პანდემიის კვალდაკვალ

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა სამინისტროს ონლაინ სწავლების ხარვეზები მოუგროვა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური